შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი საქართველოში
ორშაბათი, 18 მარტი, 2024

არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველოში პოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, რასაც ადასტურებს, ერთი მხრივ, საზოგადოების რეაქცია გაზრდილ პოლარიზაციაზე და, მეორე მხრივ, განვითარების მიმართულებით საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების დეპოლარიზაციის მოწოდებები. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა ინსტრუმენტი, რომელიც პოლარიზაციის დინამიკას შეისწავლიდა. ამიტომ ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი, რომელიც შეისწავლის და ზომავს მედიის პოლარიზაციის დინამიკას საქართველოში. ინდექსი მედიის პოლარიზაცია განხილულია როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მიახლოებული მაჩვენებელი. ჩატარებული კვლევა ეფუძნება ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნიკას (NLP). მანქანური სწავლების გამოყენება განაპირობებს ტექნიკის მიუკერძოებლობას და აღნიშნული მიდგომის გამოყენებით მიღებული შედეგები თავისუფალია სუბიექტური ინტერპრეტაციებისაგან. ნაშრომში წარმოდგენილია მედიის პოლარიზაციის ინდექსი და განხილულია, თუ როგორაა დაკავშირებული მედიის პოლარიზაცია სხვადასხვა ფაქტორთან, მათ შორის, პოლიტიკურ მოვლენებთან, საზოგადოების აღქმასთან, საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციასთან, პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და მომხმარებელთა განწყობასთან.

კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ორი განყენებული მედია კლასტერი არსებობს. ინდექსი გვიჩვენებს, რომ პოლარიზაციის მაჩვენებელს აღმავალი ტრენდი გააჩნია, განსაკუთრებით – 2022 წლის დასაწყისიდან. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ასახავს მნიშვნელოვან პოლარიზაციას ისეთი კონკრეტული მოვლენის გარშემო, როგორიცაა არჩევნები, პოლარიზაციის ინდექსის დინამიკა განსხვავებულია სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მიერ პოლარიზაციის აღქმა პირდაპირ არ არის დაკავშირებული მედიის პოლარიზაციის ინდექსთან. საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2022 წლის მარტის შემდეგ საზოგადოებრივი პოლარიზაციის მაჩვენებლის დინამიკა განსხვავდება მედიის პოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდის დინამიკისაგან. თავდაპირველად პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები დაკავშირებული იყო მედიის პოლარიზაციის დინამიკასთან, თუმცა ეს კავშირი 2022 წლის შემდეგ შესუსტდა, შესაძლოა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის პოლიტიკოსების რიტორიკაზე გავლენის გამო. პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგსა და მედიის პოლარიზაციას შორის კავშირის შესწავლისას გამოვლინდა, რომ, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ორი წამყვანი პოლიტიკური პარტიის რეიტინგი, დანარჩენი პოლიტიკური პარტიების (ძირითადად, პატარა ოპოზიციური პარტიების) რეიტინგი კი მცირდება. დაბოლოს, მედიის პოლარიზაციის ინდექსის ზრდის დინამიკა ემთხვევა მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ზრდის დინამიკას, რაც შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ორივე ინდექსის დინამიკას საერთო მოვლენები განაპირობებს. ჩატარებული კვლევის/შემუშავებული ინდექსის საფუძველზე, წინამდებარე დოკუმენტში შემოთავაზებულია სამი რეკომენდაცია დეპოლარიზაციის მისაღწევად, განსაკუთრებით, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების ჭრილში, რომელთაგანაც ერთ-ერთს სწორედ დეპოლარიზაცია წარმოადგენს.

დონორები

შეავსე ფორმა