შესავალი
სოციალური დახმარების პროგრამებსა და ამომრჩევლის ქცევებს შორის კავშირი განხილვის საგნად იქცა როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შექმნილი სოციალური პროგრამები ხშირად პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, განსაკუთრებით, განვითარებად დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ქვეყნის მოქმედ მმართველებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამების გამოყენება ამომრჩეველთა ლოიალობის მოსაპოვებლად. საქართველოში, სოციალური დახმარების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს საარსებო შემწეობის პროგრამა, რომლის დანიშვნაც, სხვა ტიპის სოციალური დახმარებებისგან განსხვავებით (მაგ., დახმარება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, იძულებით გადაადგილებულთათვის და ხანდაზმულთათვის), განისაზღვრება არაპირდაპირი ინდიკატორების შეფასების (Proxy Means Testing) საფუძველზე, რაც ძალაუფლების მქონე პირთათვის ქმნის შესაძლებლობას, საარსებო შემწეობის გაცემის საკითხი მიკერძოებულად გადაწყვიტონ. არსებობს ვარაუდი, რომ მთავრობა შესაძლოა იყენებდეს ამ პროგრამას სტრატეგიული მიზნებისთვის, მათ შორის, ამომრჩეველთა ხმების უზრუნველსაყოფად ბენეფიციარების რაოდენობის ზრდით წინასაარჩევნო პერიოდში ან არსებული ბენეფიციარებისათვის დახმარების შეწყვეტით მათ მიერ გამოვლენილი პოლიტიკური პრეფერენციების საფუძველზე (შუბლაძე (2024); ჯაფარიძე (2023); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2024)). პოლიტიკის ნარკვევში გამოკვლეულია სოციალური დახმარების პროგრამების ზეგავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე, კონკრეტულად – ჰქონდა თუ არა ზეგავლენა 2020-2024 წლებში საარსებო შემწეობის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ ხმებზე.
ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა ხმების 53.93% მოიპოვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი აღმოჩნდა. გაჩნდა ეჭვები არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საარჩევნო პროცესში გამოავლინა სისტემური დარღვევები, მათ შორის, ამომრჩევლებზე ზეწოლა, მიკერძოებული მედია, პოლიტიკური პარტიების მიერ კამპანიების არათანაბარ პირობებში წარმართვის პრაქტიკა და არჩევნების დღეს დაფიქსირებული შემთხვევები, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის, მათ შორის, საჯარო მოხელეებისა და სოციალური დახმარების მიმღებთა შესაძლებლობაზე მიეცათ ხმა მოსალოდნელი ანგარიშსწორების შიშის გარეშე.
კვლევაში წარმოდგენილი რეგრესიული ანალიზის შედეგების თანახმად, გამოვლინდა დადებითი კავშირი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობასა და მმართველი პარტიის მიერ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მიღებულ ხმებს შორის, რაც აჩენს დამატებით კითხვებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და სახელმწიფო სახსრების განაწილების შესახებ.
სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).