შესავალი
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ამერიკის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, არამედ მის ურთიერთობაზე სხვა ქვეყნებთან. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ამერიკის ფარგლებს და ზეგავლენას ახდენს მის საერთაშორისო პარტნიორებზეც, მათ შორის, საქართველოზეც. საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ ადგილზე მდებარე ქვეყნის, ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და ეფუძნება საკვანძო პარტნიორების, მაგ., ამერიკის შეერთებული შტატების, მხარდაჭერას. 1990 წლის დასაწყისიდან აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და უწევს მას ფინანსურ მხარდაჭერას, ხელს უწყობს საქართველოს მიერ სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს მას კომპლექსური რეფორმების გატარების პროცესში, ინსტიტუტების შექმნასა და ეკონომიკურ განვითარებაში. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს გლობალურ ეკონომიკაზე და, მათ შორის, საქართველოზე. საქართველოს ეკონომიკაზე განსხვავებული ზეგავლენა ექნება როგორც კამალა ჰარისის, ისე დონალდ ტრამპის გამარჯვებას. მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხზე მოსალოდნელი ზეგავლენის გარდა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ზეგავლენას იქონიებს სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაზე, მიგრაციაზე, ფულად გადარიცხვებზე, გაცვლით კურსებსა და უცხოურ ინვესტიციებზე.
დიდი ხანია, რაც ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, სწორედ ამიტომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდეს სამომავლო თანამშრომლობის პროცესზე. დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, კამპანიას ახორციელებს სლოგანით „America First“ (ამერიკა უპირველეს ყოვლისა), რაც გულისხმობს ამერიკის ინტერესების პრიორიტეტად დაყენებას. მისი საგარეო პოლიტიკა ემყარება ცალმხრივ სავაჭრო შეთანხმებებს, აშშ-ის ვალდებულებების შემცირებას საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ (მაგ., NATO) და მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას. არჩევის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ტრამპი განაგრძობს ჩინეთთან ბრძოლას ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და, ამავდროულად, შეეცდება მეგობრული ურთიერთობების დამყარებას რუსეთთან. ამგვარი პოლიტიკა ემყარება ეკონომიკურ პროტექციონიზმს და ეროვნულ სუვერენიტეტს და მან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს აშშ-ის ჩართულობაზე სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, განსაკუთრებით, თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხებში. ამის საპირისპიროდ, კამალა ჰარისი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, უპირატესობას ანიჭებს მრავალმხრივ თანამშრომლობას, ალიანსების აღდგენას და ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერებას, როგორსაც NATO და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) წარმოადგენს. კამალა ჰარისის მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ემყარება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, გენდერულ თანასწორობას და გლობალურ თანამშრომლობას ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ჯანდაცვა. მოსალოდნელია, რომ კამალა ჰარისის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნება უკომპრომისო და მეტად იქნება დაფუძნებული ევროკავშირის სტანდარტებზე, რამაც შესაძლოა დადებითი ზეგავლენა იქონიოს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესზე, განსაკუთრებით, ვაჭრობის, სხვა ქვეყნებისგან მიღებული დახმარებისა და უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის საკითხებში (Council on Foreign Relations, 2024). გარდა ამისა, იგი გეგმავს ხელი შეუწყოს ისეთი საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც დააკმაყოფილებს როგორც შრომით, ისე ეკოლოგიურ სტანდარტებს. ამ კანდიდატების განსხვავებულმა მიდგომებმა საგარეო პოლიტიკასა და გლობალურ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა მნიშვნელოვნად განაპირობოს საქართველოს ეკონომიკის მომავალი, ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებზე, საზღვარგარეთის მხრიდან დახმარებაზე, საინვესტიციო ნაკადებზე და უსაფრთხოებაზე რეგიონში.
1992 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა და ამერიკას შორის ჩამოყალიბებულმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. აშშ-მა ქვეყანას უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია, რომელიც ემსახურებოდა სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის საკითხებშიც. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერობა დაიძაბა, რაც განაპირობა საქართველოს პოლიტიკურ კურსთან, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა 2024 წელს საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, რის შედეგადაც აშშ-მა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ყოველივე ეს იწვევს შეშფოთებას საქართველოს მიერ დემოკრატიის სტანდარტების დაცვის ხარისხთან დაკავშირებით (Voice of America, 2024).
სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).