ეს პუბლიკაცია მოიცავს უცხოურ ვალუტაში საქართველოს მთლიან საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვას, წარმოდგენილია მოსაზრებები რეზერვების ადეკვატურობის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. მიმოვიხილავთ მოსაზრებებს მზარდი პოლიტიკური გაურკვევლობის ფარგლებში ცენტრალური ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთანს დაკავშირებულ პრინციპებზეც. აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, არსებული საერთაშორისო რეზერვები არ არის საკმარისი ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მმართველობის სისტემა და მარეგულირებელი ჩარჩო არ არის ეფექტიანი აღნიშნულ გამოწვევებთან დასაპირისპირებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გარდაუვალია იმის აღიარება, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა სებ-ის ავტონომიის ზრდისკენ მიმართული რეფორმების გატარება და ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის გამყარება.
კონტექსტი: გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობა
ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში, მმართველი პარტიის მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივმა და საარჩევნო აქტივობამ მუდმივ პოლიტიკურ დაძაბულობას ჩაუყარა საფუძველი, რაც ღრმა კრიზისით დაგვირგვინდა, რომელიც ამჟამად მმართველი პარტიის ადგილობრივი და საერთაშორისო ლეგიტიმაციის საკითხს უკავშირდება (იხ. ცხრილი 1). პოლიტიკური კრიზისი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პირველი, 2023 წლის მცდელობის შემდეგ გამძაფრდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. შედეგად, მმართველმა პარტიამ კანონი გაიწვია და განაცხადა, რომ მომავალში აღარ დააბრუნებდა. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც მმართველმა პარტიამ დანაპირები დაარღვია და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო.
2024 წლის შემოდგომაზე, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, დემონსტრაციები კვლავ განახლდა მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები არ აღიარეს პრეზიდენტმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა. საპროტესტო აქციებმა პიკს 2024 წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას 2028 წლამდე არ აპირებდა. მასობრივი დემონსტრაციები მთავრობამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაშალა, რასაც მოქალაქეთა დაკავება და რეპრესიული სამართლებრივი ქმედებები მოჰყვა. დემონსტრაციები დღემდე გრძელდება, რაც მთავრობის პოლიტიკითა და ქმედებებით გამოწვეულ საზოგადოების განგრძობად უკმაყოფილებაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის ლეგიტიმურობა კვლავ განხილვის საგანია და მისი იზოლირების ხარისხი სულ უფრო მატულობს. საქართველოს მნიშვნელოვანმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ფინანსირების შეწყვეტის გეგმების შესახებ განაცხადეს და მმართველი პარტიის წევრებს სანქციები დაუწესეს. აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ კი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და დაფინანსება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დახმარებისკენ მიმართა. ამასთანავე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) ცოტა ხნის წინ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. სანქციები ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვას და სამოგზაურო შეზღუდვებს მოიცავს. იგი მიზნად ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას ისახავს და ქვეყნის რუსული ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ეწინააღმდეგება. აშშ-მა მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პირებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მედიაზე, ოპოზიციის წევრებსა და დემონსტრანტებზე განხორციელებულ თავდასხმებში.