საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება ხელს უწყობს „საგადასახადო ოაზისებიდან“ აქტივების საქართველოში გადმოტანას. ოფშორული ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსგავსი ინვესტიციები ხშირად ხასიათდება მაღალი ბრუნვით და მოკლევადიანი ფინანსური მანევრებით და არ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. უმეტეს შემთხვევებში, ისინი ხელს არ უწყობს მდგრად განვითარებას ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბადებს ეჭვს ქვეყანაში ოფშორული კაპიტალის მოზიდვით გამოწვეული ეკონომიკური სარგებლის შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნულმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის რეპუტაციას იმდენად, რამდენადაც პოტენციურად წაახალისოს ქვეყანაში საეჭვო კაპიტალის მოზიდვა, რომელიც საქართველოს ფინანსური სისტემის მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად განხორციელდება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში აღნიშნული ცვლილებები ხორციელდება მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიოს ძალისხმევა ოფშორული ფინანსური მაქინაციების წინააღმდეგაა მიმართული. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, შესაძლოა, არღვევდეს ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიც ეკონომიკური თანამშროლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტი და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებია, რადგან იქმნება ხელსაყრელი რეჟიმი გადასახადებისათვის თავის არიდებისა და დიუ დილიჯენსის უგულებელყოფისათვის. ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს კოდექსში შეტანილი საგადასახადო ცვლილებების მიზანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაა, მასთან დაკავშირებული რისკები და უარყოფითი აღქმა მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ სარგებელს, ამიტომ, ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით რეკომენდაციას ვუწევთ აღნიშნული კანონის გაუქმებას.