შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

რა ზეგავლენას ახდენს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ბიზნეს გარემოზე
სამშაბათი, 14 იანვარი, 2025

შესავალი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ბიზნეს-გარემოზე. ხანგრძლივი პოლარიზაცია, სახელმწიფოს მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე რამდენიმე მიმართულებით. კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რამაც ქვეყანა გარდაუვალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის წინაშე დააყენა. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის 2,000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება, გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზი გაესვა სიტუაციის დაუყოვნებლად დეესკალაციის საჭიროებას. განცხადების ხელმომწერი მხარეები ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და ბოლოდროინდელი დემონსტრაციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას . ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობასა და როლს ქვეყნის წინაშე და აცხადებენ, რომ მათი პოზიცია სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს და ისინი ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო – საქართველოში აღდგეს სტაბილურობა და ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას.

არასტაბილურობა და მოსახლეობის უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, აფერხებს როგორც ქვეყნის შიდა, ისე უცხოურ ინვესტიციებს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებამ შესაძლოა საქართველო აქციოს ნაკლებად მიმზიდველ ადგილად ბიზნეს საქმიანობისათვის. ძირითადი ინსტიტუტების, მათ შორის ეროვნული ბანკისა და სხვა ორგანიზაციების დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველო, რომელიც ოდესღაც რეფორმებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მაგალითი იყო, ამჟამად ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესუსტების წინაშე დადგა. აღნიშნული პროცესი შეაფერხებს მმართველობის სფეროში მანამდე არსებულ მრავალწლიან პროგრესს, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროკავშირთან დაახლოებას. დამოუკიდებელი და ინკლუზიური ინსტიტუტების შენარჩუნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა ქვეყნის მომავლისათვის. შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა საერთაშორისო პარტნიორების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. 2024 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვების ახალი სერია, რომელიც საქართველოს 20-მდე მოქალაქეს შეეხო, მათ შორის, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავებს, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს და კერძო პირებს, რომელთა ვინაობაც უცნობია. 19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. საბოლოოდ, 27 დეკემბერს აშშ-iს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დაუწესა. შეერთებული შტატების გარდა, ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციების დაწესებით დაემუქრნენ გაერთიანებული სამეფო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინაც, რაც ასახავს ფართო საერთაშორისო შეშფოთებას ქვეყნის მმართველობისა და დემოკრატიის სტანდარტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აშშ-მა საქართველოს 95 მლნ აშშ დოლარის დახმარება შეუჩერა, ევროკავშირმა 121 მლნ ევროს დახმარება გაუყინა, ხოლო შვედეთმა შეწყვიტა პირდაპირი თანამშრომლობა საქართველოსთან, ქვეყნის არადემოკრატიული ტრაექტორიის გამო.

ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან კავშირების პოტენციური შესუსტება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა წვდომა ქვეყანას ევროპულ ბაზრებზე, როგორ წარიმართება საკანონმდებლო ბაზების ევროპულთან ჰარმონიზაცია და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობა, რადგან თითოეულ მათგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, ბიზნესები ეყრდნობიან მოსალოდნელ და სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, არსებული კრიზისი კი ამცირებს ინვესტორების ნდობას. ამ არასტაბილურობას თან ახლავს ვალუტის კურსის ცვალებადობა, რადგან გაცვლითი კურსის ამგვარი რყევა ზრდის ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების პოტენციურმა შემცირებამ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს ინვესტორები, გამოიწვიოს სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა და განაპირობოს ქვეყნის, როგორც საინვესტიციო ადგილმდებარეობის, მიმზიდველობის შემცირება. მოსალოდნელი კლება განსაკუთრებით დააზიანებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულ სექტორებს: უძრავ ქონებას, ენერგეტიკასა და ტურიზმს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. ნდობისა და მოლოდინების შემცირება მიუთითებს კერძო სექტორის აქტივობისა და შემოდინებული ინვესტიციების შემცირებაზეც.

სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).

შეავსე ფორმა