შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

საპენსიო სისტემის შემოთავაზებული ცვლილებები რისკის წინაშე აყენებს საპენსიო ფონდის 1,5 მილიონ მონაწილეს
ორშაბათი, 10 ივნისი, 2024

ბოლო წლებში სქართველომ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა ეკონომიკური მმართველობის მიმართულებით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არადემოკრატიული კანონის (ე.წ. აგენტების კანონის) გარდა, დაინტერესებული მხარეების, ექსპერტებისა და საზოგადოების ყურადღება მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა რამდენიმე კანონპროექტმა და კანონში შეტანილმა ცვლილებამ მიიპყრო. ამ ცვლილებების შედეგად საქართველოს ეკონომიკური მმართველობა შესუსტდა, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ამჟამად პარლამენტი განიხილავს ცვლილების შეტანას საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის სისტემაში, ე.წ. ოფშორების კანონსა და საპენსიო კანონმდებლობაში. ამ პოლიტიკის დოკუმენტში საქართველოში ინიცირებულ საპენსიო სისტემის ცვლილებებს ვადარებთ სხვა ქვეყნების (მაგ., კანადის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და დანიის) წარმატებულ საპენსიო სისტემის მოდელებს და ხაზს უსვამს, რომ დაბალანსებული მმართველობის ფორმები, მმართველი საბჭოს კომპეტენცია და დამოუკიდებლობა, ისევე, როგორც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია საპენსიო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისა და არსებული რისკების ოპტიმალური მართვისათვის, საპენსიო ფონდის მონაწილეთა ინტერესებისა და კეთილდღეობის დასაცავად.

უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ დანიშნულ არსებულ სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ჩაანაცვლებს მმართველობითი საბჭო. მმართველობითი საბჭოს წევრები ინიშნებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და არ საჭიროებს პარლამენტის მიერ დამტკიცებას. ახალი საბჭო შეითავსებს როგორც საპენსიო სისტემის საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ ფუნქციებს. განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ამგვარი ცვლილება ხელს შეუწყობს მმართველობის გაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, იგი წარმოშობს გამჭვირვალობის ხარისხის და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შემცირების რისკს, პოტენციურად კი საფრთხის წინაშე დააყენებს მმართველობის დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას, აგრეთვე, გაზრდის პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს. საქართველოსგან განსხვავებით, რიგ ქვეყნებში, მაგ., კანადასა და შვედეთში, დირექტორთა საბჭოს შერჩევისას გამოიყენება მრავალმხრივი და ინკლუზიური შერჩევის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მმართველობის სიღრმისეული ცოდნისა და გამოცდილების მქონე მმართველობის წევრების შერჩევას და, შესაბამისად, მმართველობის ხარისხს.

დონორები

შეავსე ფორმა