შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2024 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ტენდენციის ცვლილება
18 თებერვალი 2024

მომხმარებელთა განწყობის ინდექსის აღმავალი ტენდენცია შეიცვალა. 2023 წლის დეკემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) ზრდის შემდეგ, იანვარში მცირე კლება დაფიქსირდა და მაჩვენებელი 1.4 ინდექსის პუნქტით, -14.1-დან -15.5-მდე შემცირდა. ვარდნა დაფიქსირდა ორივე ქვე-ინდექსის შემთხვევაში: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 0.9 პუნქტით დაეცა, მოლოდინების ინდექსი კი – 2 პუნქტით.

თვიურ ჭრილში კლება ძირითადად გამოწვეული იყო მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით; რესპონდენტთა წილი, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წლის განმავლობაში მათი პირადი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, დეკემბერში 41% იყო, იანვარში კი მაჩვენებელი 29%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი შეიძლება სადღესასწაულო სეზონთან დაკავშირებით გაზრდილი ხარჯები იყოს. ასევე, იანვარში შეიცვალა მომხმარებელთა პრეფერენციები მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვებთან დაკავშირებითაც. იმ რესპონდენტა წილი, ვინც აცხადებს, რომ ასეთი შესყიდვისთვის ხელსაყრელი დრო არ არის, დეკემბრის 35%-იდან იანვარში 39%-მდე გაიზარდა. სავარაუდოა, რომ ეს ცვლილება დაკავშირებული იყოს მომხმარებელთა პრიორიტეტების ცვლილებასთან მოცემულ პერიოდში, რადგან ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ ავეჯის ფასები თვიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (მაცივარი -1.3%; სარეცხი მანქანა +2.2%; გაზქურა -0.1%; კომპიუტერი -0.6%; სკამი -1.4%; მაგიდა -1.4%; დივანი +0.5%). გასათვალისწინებელია ის, რომ სადღესასწაულო სეზონზე მომხმარებლებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა უწევთ.

თბილისი და რეგიონები. მომხმარებელთა განწყობა უმნიშვნელოდ შემცირდა როგორც თბილისში (-1.2 პუნქტი), ისე – რეგიონებში (-1.7 პუნქტი). უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში როგორც წესი მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ქვე-ინდექსების მაჩვენებლები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. თუმცა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ტენდენცია შეიცვალა და მაჩვენებლები საპირისპირო მიმართულებით განვითარდნენ. დეკემბერსა და იანვარში თბილისის მაცხოვრებლებლს უფრო მაღალი სამომავლო მოლოდინები ჰქონდათ და შედარებით ნეგატიურად აფასებდნენ მიმდინარე მდგომარეობას (გრაფიკი 2). რაც შეეხება რეგიონების მაცხოვრებლებს, აქ განსხვავება ამ ორ ქვე-ინდექს შორის ყოველთვის არსებობდა და ახლაც გრძლედება - შედარებით პოზიტიური განწყობა მომავლთან დაკავშირებით და ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე მდგომარეობის მიმართ.

BAR CHARTS: Consumer Responses by Questions

შეავსე ფორმა