მომხმარებელთა განწყობა სწრაფად გაუმჯობესდა. მაისის მკვეთრი კლების შემდეგ მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ივნისში 10.6 ერთეულით გაიზარდა და მაისში არსებული -27.3 პუნქტიდან ივნისში -16.7 პუნქტი შეადგინა. გაიზარდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის (12 პუნქტით), ისე მოლოდინების (9 პუნქტით) ქვე-ინდექსიც.
აღმოჩნდა რომ გარკვეულმა ფაქტორებმა, რომელთაც მაისში მომხმარებელთა განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა, გრძელვადიანი ეფექტი ვერ მოახდინა. ივნისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მომხმარებელთა განწყობა დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირებით: 2%-დან 25%-მდე გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც აცხადებს, რომ შეძლო დანაზოგის გაკეთება. ასევე, ივნისში უფრო მეტმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ მომავალ წელსაც შეძლებს დანაზოგის გაკეთებას. ასეთ რესპონდენტთა წილი 20%-დან 31%-მდე გაიზარდა. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მაისში ხარჯების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა ივნისისთვის მომხმარებელთა ფინანსურ მდგომარეობაზე.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესდა, არის ქვეყნის მომავალ ეკონომიკური მდგომარეობასთან დაკავშირებული განწყობა. 54%-დან 44%-მდე დაეცა იმ მომხმარებელთა წილი, ვინც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება. 9%-დან 22%-მდე გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც, პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება. მაისში მიმდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, ასეთი გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება უეფას ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ძლიერი თამაში იყოს, რაც ქვეყნის მასშტაბით ზეიმის მიზეზი გახდა და, სავარაუდოა, რომ მომავალთან დაკავშირებული ოპტიმისტური განწყობა აქედან მომდინარეობდეს.
თბილისი და რეგიონები.განწყობის გაუმჯობესება შეინიშნა მთელი ქვეყნის მასშტაბით: ინდექსი დაახლოებით 10 ერთეულით გაიზარდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაისში დაფიქსირებული განწყობის შესამჩნევი კლება დედაქალაქში მცხოვრები მომხმარებლებისთვის სრულად აღდგენილი არ არის, რადგან წინა კლება თბილისში ბევრად უფრო გამოკვეთილი იყო.
BAR CHARTS: Consumer Responses by Questions |
|
.