ინდექსის ზრდა შენელდა. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ინდექსმა ყველაზე მაღალ ნიშნულს აგვისტოში მიაღწია, რის შემდეგაც სექტემბერში ისევ შემცირდა. ივნისის გამოკვეთილი ზრდის შემდეგ ივლისში ინდექსი მცირედით, -16.7 პუნქტიდან -18.5 პუნქტამდე დაეცა, აგვისტოში -15.4 პუნქტამდე გაიზარდა, ხოლო სექტემბერში კვლავ დაეცა და -19.5 პუნქტი შეადგინა. ივლისში კლება მეტწილად მიმდინარე მდგომარეობის ქვე-ინდექსმა განაპირობა, რომელიც 3.4 პუნქტით შემცირდა. ამ თვეში მოლოდინების ინდექსი უცვლელი დარჩა. აგვისტოში ორივე ქვე-ინდექსი გაიზარდა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი – 4.6 პუნქტით, მოლოდინების ინდექსი – 1.5 პუნქტით. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის კლებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მიმდინარე განწყობის გაუარესებამ, რადგან მიმდინარე მდგომარეობის ქვე-ინდექსი 6.1 პუნქტით დაეცა, მოლოდინების ინდექსი კი – 2.1 პუნქტით. საერთო ჯამში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხმარებელთა მოლოდინები უფრო სტაბილური იყო, მიმდინარე მდგომარეობის აღქმასთან დაკავშირებით კი მეტი ცვალებადობა შეიმჩნეოდა.
სექტემბერში კლების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო გამოკითხულთა ამჟამინდელი განწყობა დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირებით. აგვისტოში ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულად იყო გაზრდილი, როდესაც გამოკითხულთა დაახლოებით 78% თვლიდა, რომ მიმდინარედ დანაზოგის გასაკეთებლად ხელსაყრელი დრო იყო. სექტემბერში იგივე პასუხი გამოკითხულთა 62%-მა დააფიქსირა. განწყობის შემცირებაზე გავლენა შეიძლება არაერთ მიზეზს მოეხიდნა, თუმცა ერთი საყურადღებო ფაქტორი შეიძლება სეზონური იყოს: სექტემბერში საზოგადოების დიდი ნაწილი უბრუნდება სამსახურს, სკოლასა თუ უნივერსიტეტს, შესაბამისად, მოსალოდნელია ხარჯების ზრდა.
ამასთან ერთად, გაუარესდა გამოკითხულთა მიმდინარე ფინანსური მდგომარეობაც, რაც მთელი ზაფხულის განმავლობაში სტაბილური იყო. სექტემბრამდე გამოკითხულთა 28% აცხადებდა, რომ აკეთებდა გარკვეული ოდენობის დანაზოგს, 47% ამბობდა რომ მისი შემოსავალი სრულად მიმდინარე ხარჯებს ხმარდებოდა, ხოლო 14%-ს მიმდინარე ხარჯების დასაფარად ვალის აღება სჭირდებოდა. სექტემბერში კი დანაზოგების გაკეთება გამოკითხულთა 12%-მა შეძლო, შემოსავლის სრულად დახარჯვა მოუწია 57%-ს, ხოლო ვალის აღება 18%-ს. ეს ტენდენციაც შეიძლება შემოდგომის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გაზრდილი დანახარჯები იყოს.
საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა ისიც, როგორ აფასებენ მომხმარებლები ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას. სექტემბერში გამოკითხულთა თითქმის 59% ფიქრობს, რომ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გარკვეულწილად გაუარესდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 29% მიიჩნევს, რომ უცვლელი დარჩა, ხოლო 11% ვარაუდობს, რომ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. რაც შეეხება მოლოდინებს, რესპონდენტთა უმეტესობა (33%) ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, როგორ შეიცვლება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მომავალი წლის განმავლობაში, 28% მიიჩნევს, რომ გაუარესდება, 23% ფიქრობს, რომ იგივე დარჩება, 16% კი ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება.
თბილისი და რეგიონები. ბოლო დროის მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ტენდენციები მსგავსი იყო თბილისსა და რეგიონებში. თუმცა, აგვისტოსა და სექტემბერში თბილისში მერყეობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგიონებში. სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა თბილისში -22.8 პუნქტი შეადგინა, რეგიონებში – -17.4. ზოგადად, ინდექსი დედაქალქში უფრო მაღალ ნიშნულზეა ხოლმე, ვიდრე რეგიონებში. საპირისპირო ტენდენცია დაიწყო მაისში და გრძელდება სექტემბრის ჩათვლით, აგვისტოს გამოკლებით.
BAR CHARTS: Consumer Responses by Questions |
|
Note: Starting in July, the CCI underwent minor shifts in methodology. Specifically, the questionnaire was slightly modified, in terms of how questions were formulated when conducting a survey.