მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად დაეცა. აპრილში დაწყებული მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა. თვიურ ჭრილში ინდექსი 9.5 ერთეულით, -17.8 პუნქტიდან -27.3 პუნქტამდე შემცრიდა. კლება დაფიქსირდა CCI-ის ორივე ქვე-ინდექსში, თუმცა, უფრო თვალსაჩინო იყო მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის დინამიკა, რომელიც 13.4 პუნქტით დაეცა, როცა მოლოდინების ინდექსის შემთხვევაში კლება 5.5 პუნქტი იყო.
აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად შემცირდა მომხმარებელთა განწყობა დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირებით. იმ გამოკითხულ მომხმარებელთა წილი, ვინც თვლის, რომ დანაზოგის გაკეთებისთვის კარგი პერიოდია 42%-დან 26%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, უფრო მეტი მომხმარებელი თვლის, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ვერ შეძლებს დანაზოგის გაკეთებას (ასეთ მომხმარებელთა წილი 33%-დან 48%-მდე გაიზარდა).
პრეფერენციების ცვლილებასთან ერთად, მაისში შეინიშნება კლება დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობის კუთხითაც. თუკი აპრილში გამოკითხულთა 23%-ს ჰქონდა დანაზოგების გაკეთების საშუალება, მაისში მათი წილი 2%-მდე შემცირდა. ამასთან ერთად, იმ გამოკითხულ მომხმარებელთა წილი, ვინც ხარჯების დასაფარად სესხს იყენებს 15%-დან 23%-მდე გაიზარდა.
დანაზოგებთან დაკავშირებით მომხმარებელთა განწყობის გაუარესება შეიძლება მიმდინარე პერიოდში ხარჯების ზრდაზე მიანიშნებდეს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, რომელიც 2024 წლისთვის გერმიანიაში იმართება და ქვეყანაში ათასობით ქართველი გულშემატკივარის ვიზიტს.
ასევე, აღსანიშნავია მასისთვის ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოლოდინების გაუარესება. თუკი აპრილში გამოკითხულთა 24% მიიჩნევდა, რომ მომავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა, მაისში იგივე პასუხი გამოკითხულთა 35%-მა დააფიქსირა.
ასეთი განწყობის მიზეზი შეიძლება იყოს მაისის თვის განმავლობაში არსებული პოლიტიკური და სამოქალაქო დაძაბულობა, რაც მოყვა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის საპარლამენტო მოსმენებსა და მიღებას. კანონის მიღებამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლა და ქვეყნის მასშტაბით დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
თბილისი და რეგიონები. CCI გაუარესდა როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების მაცხოვრებელთა შემთხვევაში. თუმცა, კლება თბილისის შემთხვევაში უფრო თვალსაჩინო იყო (17.5 პუნქტი), ვიდრე რეგიონებში (2.9).
გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით |
|
Note: Starting in July, the CCI underwent minor shifts in methodology. Specifically, the questionnaire was slightly modified, in terms of how questions were formulated when conducting a survey.