შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაისი 2023 | მომხმარებელთა განწყობა უცვლელი რჩება
27 ივნისი 2023

მაისში მომხმარებელთა განწყობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ თვეში მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა (CCI) უმნიშვნელოდ იკლო და აპრილში არსებული -24-დან მაისში -24.1-მდე შემცირდა. ფაქტობრივად შენარჩუნდა ის ახალი დონე, რომელსაც ინდექსმა აპრილში მიაღწია. მომხმარებელთა განწყობის ორი ქვე-ინდექსი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 1 პუნქტით დაეცა, მოლოდინების ინდექსი კი, პირიქით, 0.6 პუნქტით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო განწყობა თითქმის უცვლელი დარჩა, მომხმარებელთა განწყობის ინდექსის სხვადასხვა მაჩვენებელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მაისში საგრძნობლად მეტმა ადამიანმა განაცხადა, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ამასთანავე, არ აქვთ იმედი, რომ ეს მდგომარეობა მომავალი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. აპრილში თუ გამოკითხულთა 46% აცხადებდა, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ოდნავ ან მნიშვნელოვნად გაუარესდა, მაისში ამ ადამიანთა წილმა 66%-ს მიაღწია. ერთი შეხედვით, ეს შედეგები არ იყო მოსალოდნელი, რადგან თვიური ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მეოთხე თვეა უარყოფითია. გარდა ინფლაციისა, პოზიტიურ ტენდენციას მიჰყვება ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც, რომელიც 2023 წლის აპრილთან შედარებით მაისში 4%-ითაა გაზრდილი. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფასების საერთო დონე მაინც საკმაოდ მაღალი რჩება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულმა მაღალი ინფლაციის პერიოდმა განაპირობა, ეს შედეგები ნაკლებად გასაკვირია.

ამ ნეგატიურ სურათს აბალანსებს მომხმარებელთა დადებითისკენ შეცვლილი მოლოდინები სამომავლო ფასებსა და დასაქმების დონესთან დაკავშირებით. ვინაიდან ინფლაციის მხრივ კლებადი ტრენდი ფიქსირდება, მომხმარებლები აღარ ელიან ფასების უფრო მეტად ზრდას. რაც შეეხება უმუშევრობას, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ დასაქმების დონე იგივე დარჩება, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ის მომავალი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1,4-ით შემცირდა, რაც შეიძლება განაპირობებდეს მოხმარებელთა ასეთ განწყობას.

BAR CHARTS: Consumer Responses by Questions

შეავსე ფორმა