შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2023 | მოხმარებელთა განწყობის ინდექსი გაიზარდა
21 იანვარი 2024

მომხმარებელთა განწყობა გაუმჯობესდა.მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ნოემბერში დაფიქსირებული -20.1 პუნქტიდან დეკემბერში -14.1 პუნქტამდე გაიზარდა (6 პუნტქი). გაიზარდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ქვე-ინდექსი. ზრდის ძირითადი მამოძრავებელი  მოლოდინების გაუმჯობესება იყო (მიმდინარე მდგომარეობის ქვე-ინდექსი გაიზარდა 4.7 პუნქტით, მოლოდინების კი – 7.4 პუნქტით).

იმის შემდეგ, რაც ნოემბერში მოხმარებელთა მოლოდინები დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირებით შემცირდა, დეკემბერში ტენდენცია შეიცვალა და ინდიკატორმა ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა 36% ფიქრობს, რომ მომავალი წლის განმავლობაში გარკვეული დანაზოგის გაკეთებას შეძლებს, როცა ნოემბერში მსგავსი მოლოდინი მხოლოდ გამოკითხულთა 22%-ს ჰქონდა. ასევე, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში მომხმარებელთა დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობაც გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით, 10%-დან 26%-მდე გაიზარდა იმ მომხმარებელთა წილი, ვისაც შეუძლია დანაზოგის გაკეთება, იმ მომხმარებელთა წილი კი, ვისი მიმდინარე ხარჯები შემოსავალს აღემატება, 25%-დან 20%-მდე შემცირდა. გაუმჯობესების მიუხედავად, დანაზოგების მაჩვენებლის მსგავსად, ეს მაჩვენებელიც კვლავ უარყოფით ნიშნულზეა.

დამატებით, მომხმარებლები შედარებით დადებითად აფასებენ როგორც საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, ისე სამომავლო მოლოდინებსაც მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ბოლო წლებში მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობსდა, გამოკითხულთა 42% კი ელოდება, რომ 2024 წელს მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

მოლოდინების ზრდა, შეიძლება უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც იგეგმება 2024 წელს,  საშუალოდ 500 ლარის ოდენობით. ასევე, მთავრობის განცხადებით, 2024 წელს პენსიები 20-50 ლარით გაიზრდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ამის გრადა, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება შეიძლება დადებითად აისახა მომხმარებელთა განწყობაზე.

თბილისი და რეგიონები. აქამდე არსებული ტენდენციებისგან განსხვავებით, მომხმარებელთა განწყობა ოდნავ შემცირდა თბილისში (1 პუნქტით), ხოლო დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებელთა შემთხვევაში მკვეთრად გაიზარდა (12 პუნქტით). არაპროპორციული ცვლილების შედეგად, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დედაქალაქის მაცხოვრებელთა შემთხვევაში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონების. 

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

შეავსე ფორმა