ზრდის ტენდენცია გრძელდება. ოქტომბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) 3.1 პუნქტით გაიზარდა და სექტემბერში დაფიქსირებული -19.5-დან -16.4 პუნქტს მიაღწია. ამჯერად ცვლილება, მეტწილად, მიმდინარე მდგომარეობის ქვეინდექსის ზრდამ განაპირობა, რომელიც 5.5 პუნქტით გაუმჯობესდა. მოლოდინების ინდექსი კი შედარებით მცირედით, 0.5 პუნქტით გაიზარდა.
რამ განაპირობა ეს ცვლილება? თვიურ ჭრილში შედარებით მკვეთრი დადებითი ცვლილება საკუთარი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობისადმი დამოკიდებულებაში შეინიშნება. ოქტომბერში უფრო მეტმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ შემოსავალი ზუსტად ყოფნის ხარჯების დასაფარად და არ უწევს დამატებით ვალის აღება (იმ მომხმარებელთა წილი, ვისაც მიმდინარე ხარჯების დასაფარად ვალის აღება სჭირდება, 31%-დან 17%-მდე შემცირდა). ეს ტენდენცია დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, თუმცა, ბევრად უფრო შესამჩნევი იყო რეგიონებითვის. აღნიშნული გაუმჯობესება სავარაუდოდ უკავშირდება შემოდგომის პერიოდს, როცა მოსახლეობა აღებული მოსავლის გაყიდვიდან ერთიან შემოსავალს იღებს. ამასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებელთა მზაობა სამომავლოდ დაგეგმილ მსხვილ შენაძენებთან დაკავშირებით, რაც ასევე შემოსავლების სეზონურ ზრდასთან შეიძლება იყოს კავშირში.
გარდა განხილული დადებითი ცვლილებებისა, აღსანიშნავია ისიც, რომ გაუარესდა მომხმარებელთა მოლოდინები ფასების დონის ზრდასთან დაკავშირებით. სკეპტიციზმის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს რუსეთის მიერ საქართველოში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვით. ეკონომიკური თეორიის თანახმად, ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები რეალური ინფლაციის მნიშვნელოვნი განმსაზღვრელი ფაქტორია. მომხმარებლები მიმდინარე ფინანსურ გადაწყვეტილებებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამ მოლოდინების შესაბამისად იღებენ. როდესაც მომხმარებლები ინფლაციის ზრდას ელიან, მათ ურჩევნიათ პროდუქტების მიმდინარე პერიოდში შეძენა, რათა თავი აარიდონ მომავალში გაზრდილ ფასებს. შედეგად იზრდება პროდუქტებზე მოთხოვნა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფასების ზრდას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდის მოლოდინი საკმარისად მაღალი უნდა იყოს საიმისოდ, რომ მომხმარებლების ქცევის ცვლილება გამოიწვიოს, რაც საქართველოს შემთხვევაში, ჯერ ასე არ არის.
თბილისი და რეგიონები. ოქტომბრისთვის მომხმარებელთა განწყობა გაუმჯობესდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. თბილისის შემთხვევაში, მაჩვენებელი 2 პუნქტით, ხოლო რეგიონების შემთხვევაში 3.8 პუნქტით გაიზარდა. დადებითი ტენდენციის მიუხედავად, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განწყობებს შორის განსხვავება მაინც მნიშვნელოვნად მაღალია, რაც მიუთითებს დედაქალაქსა და რეგიონებს შორის არსებულ უთანასწორობაზე.
BAR CHARTS: Consumer Responses by Questions |
|