შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივნისი 2023 | CCI: მომხმარებელთა განწყობა გაუმჯობესდა
12 ოქტომბერი 2023

მომხმარებელთა განწყობა გაიზარდა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი(CCI) 3.4 პუნქტით გაიზარდა და მაისში დაფიქსირებული -24.1 პუნქტიდან ივნისში -20.7 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი შედარებით ყველაზე მაღალია 2020 წლის მარტში დაფიქსირებული პანდემიის დაწყებასთან დაკავშირებული ვარდნის შემდეგ. თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ზრდა მეტწილად მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მომხმარებელთა მოლოდინების გაუმჯობესებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ინდექსი 5.9 პუნქტით, ხოლო მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 1 პუნქტით გაიზარდა.

მაისში გაუარესდა მომხმარებელთა დამოკიდებულება მათი მიმდინარე და მომავალი პირადი ფინანსური მდგომარეობის მიმართ, რაც არ შეცვლილა ივნისის თვეშიც. ამ შემთხვევაში, თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ზრდა მეტწილად განპირობებული იყო გამოკითხულ მოსახლეობაში მომავალი ინფლაციისა და უმუშევრობის დონეებისადმი გაუმჯობესებული განწყობით. ეს მაჩვენებლები უკვე მაისიდან იზრდებოდა. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში ფასების მაღალი დონე ნარჩუნდება, თუმცა, გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა ფასების დონის კიდევ უფრო მეტად ზრდას არ ელოდება, გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ ფასები შედარებით ნელი ტემპით გაიზრდება, 39% კი აცხადებს, რომ ფასები აღარ შეიცვლება ან შემცირდება.

რაც შეეხება უმუშევრობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, როგორც ჩანს, მომხმარებლები ამ მიმართულებით შედარებით უფრო სტაბილურად გრძნობენ თავს. კერძოდ, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ უმუშევრობის ამჟამინდელი დონე უცვლელი დარჩება, 35% კი უმუშევრობის დონის შემცირებას ელის.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსში თვიურ ჭრილში გარკვეული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ინდექსის მაჩვენებელი უარყოფითია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში მომხმარებელთა განწყობის დონე საერთო ჯამში ნეგატიურია.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

;
შეავსე ფორმა