მომხმარებელთა განწყობა უმჯობესდება. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 4.8 პუნქტით გაიზარდა და მარტში არსებული -28.8 პუნქტიდან აპრილში -24 პუნქტს მიაღწია. დადებით ტენდენციაში წვლილი შეიტანა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ინდექსმა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი გაიზარდა 7.2 პუნქტით, ხოლო მოლოდინების ინდექსი შედარებით მცირე – 2.5 პუნქტით.
მომხმარებლები უფრო დადებითად აფასებენ არსებულ ვითარებას მსხვილი საყოფაცხოვრებო შენაძენების გასაკეთებლად, რისი მიზეზიც შეიძლება აშშ დოლართან მიმართებით ლარის ბოლოდროინდელი გამყარება იყოს. თუ მარტში მომხმარებლები მსხვილი საყოფაცხოვრებო შენაძენების გაკეთებას უფრო მეტად მომავალში გეგმავდნენ, აპრილში ეს დადებითი ტენდენცია უკვე მიმდინარე მდგომარეობაზე აისახა.
ასევე, მომხმარებელთა განწყობა გაუმჯობესდა ფასების ცვლილების მოლოდინების მხრივ. ეს შეიძლება აიხსნას ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის კლებადი ტენდენციით. ინფლაციის მაჩვენებელი მარტში არსებული 5.3%-დან აპრილში 2.7%-მდე შემცირდა (საქსტატი, 2023). გარდა ამისა, როგორც მომხმარებლებმა განაცხადეს, მათი პირადი ფინანსური მდგომარეობა მარტთან შედარებით გაუმჯობესდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ინფლაციის დონის ბოლოდროინდელი შემცირება, ასევე ლარის გამყარება.
გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით
|
|