შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2023 | ახალი წლის დღესასწაულებზე მომხმარებელთა განწყობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა
20 თებერვალი 2023

მოხმარებელთა განწყობის ინდექსში მცირე ცვლილებებია. მას შემდეგ, რაც ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მცირედით დაეცა,  დეკემბერში ინდექსი გაუმჯობესდა (ნოემბერში არსებული -28.6-დან დეკემბერში -27.7 ერთეულამდე გაიზარდა), თუმცა იანვარში კვლავ შემცირდა -28.1 პუნქტამდე. როგორც ჩანს, ოქტომბრის შემდეგ მომხმარებელთა ზოგადი განწყობა ახალ დონეზე დასტაბილურდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა: ნოემბრიდან დეკემბერში 0.8 ინდექსის პუნქტით და დამატებით 0.1 პუნქტით იანვარში. მოლოდინების ინდექსს რაც შეეხება, ის დეკემბერში 1.3 პუნქტით გაიზარდა, თუმცა შემდეგ იანვარში 0.9 პუნქტით დაეცა.

იანვარში მომხმარებელთა ზოგადი განწყობის დონე უცვლელი დარჩა, თუმცა ინდექსის ზოგიერთი მაჩვენებელი შეიცვალა. დეკემბერსა და იანვარში მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობა შედარებით გაუარესდა (ნოემბერთან შედარებით იანვარში მაჩვენებელი 9 ერთეულით დაეცა). ამის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი წლის პერიოდისთვის დამახასიათებელი გაზრდილი ხარჯები, რასაც ემატება ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე. ამასთანავე, მომხმარებელთა განწყობა იმის შესახებ, არის თუ არა მიმდინარედ ხელსაყრელი დრო მსხვილი საყოფაცხოვრებო შენაძენების გასაკეთებლად, გაუმჯობესდა (მაჩვენებელი 11 პუნქტით გაიზარდა), რაც შესაძლოა განპირობებული იყო საახალწლო ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით. თუმცა მომავალში მსგავსი საყოფაცხოვრებო მსხვილი შენაძენების გაკეთებისთვის მზაობა 14 პუნქტით შემცირდა, რაც ლოგიკური ჩანს განკარგვადი შემოსავლების შემცირებისა და ფინანსური მოლოდინების გაუარესების გათვალისწინებით.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსის დინამიკა განსხვავდება თბილისისა და საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელთა შემთხვევაში. თბილისელების შემთხვევაში, ინდექსი 4.5 პუნქტით დაეცა დეკემბერთან შედარებით, როცა რეგიონის მაცხოვრებელთა შემთხვევაში, პირიქით, 4.3 პუნქტით გაიზარდა. ფინანსური მდგომარეობა დედაქალაქში შედარებით მეტად გაუარესდა, ვიდრე რეგიონებში. რეგიონებში გაუმჯობესებული განწყობის  ძირითადი მიზეზი იყო მომხმარებელთა გაზრდილი მზაობა მსხვილ შენაძენებთან დაკავშირებით, რისი სავარაუდო მიზეზიც იანვარში გამოცხადებული სადღესასწაულო ფასდაკლებები და შეთავაზებები იყო.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

შეავსე ფორმა