მომხმარებელთა განწყობაში მცირედი ცვლილებაა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ზღვრულად შემცირდა და ოქტომბერში არსებული -28.3-დან ნოემბერში -28.6 პუნქტი შეადგინა (დაეცა 0.3 ერთეულით). მომხმარებელთა განწყობის ქვე-ინდექსები უმნიშვნელოდ შეიცვალა სხვადასხვა მიმართულებით: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 0.2 პუნქტით გაიზარდა, მოლოდინების ინდექსი კი, პირიქით, 0.2 პუნქტით დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა საერთო განწყობა თითქმის იმავე დონეზე დარჩა, ინდექსის არაერთი მაჩვენებელი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. მაგალითისთვის, მომხმარებელთა მოლოდინი მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ 7 პუნქტით შემცირდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სამომხმარებლო კალათში შემავალ ძირითად პროდუქტებზე ბოლოდროინდელმა ფასების ზრდამ გამოიწვია. ასევე შემცირდა მოლოდინი ფასების სასურველი დინამიკის შესახებ (8 პუნქტით), რადგან მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი არ არის დარწმუნებული, რამდენად დასტაბილურდება მომავალში ინფლაციის ტენდენცია. კლება დაფიქსირდა მომავალი დასაქმების დონის შეფასების მაჩვენებელშიც, რომელიც სექტემებრში მოულოდნელად გაიზარდა და შემცირდა ნოემბერში (7 პუნქტით). რაც შეეხება დადებით ტენდენციას, ეს გამოიკვეთა მომავლაში მსხვილი შენაძენების გაკეთების მზაობის ზრდაში (9 პუნქტიანი ზრდა). ამის მიზეზი შეიძლება ნოემბერში გამოცხადებული ‘შავი პარასკევი’ იყოს, როდესაც შემოთავაზებული აქციებისა და ფასდაკლებების ფონზე მომხმარებლები მეტად მიდრეკილი არიან შენაძენების გაკეთებისკენ.
ნოემბერში თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელთა განწყობები განსხვავებულად შეიცვალა. თბილისის მაცხოვრებელთათვის განწყობა 1.8 პუნქტით გაუმჯობესდა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებელთა შემთხვევში განწყობა 3.1 პუნქტით დაეცა. თბილისში განწყობის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების შესყიდვებთან დაკავშირებით გაზრდილმა მოლოდინებმა (18-პუნქტიანი ზრდა). დანარჩენი საქართველოს ფარგლებში კი, განწყობის შემცირება ფასების მომავალ ზრდაზე ღელვასთან არის დაკავშირებული (13-პუნქტიანი ვარდნა).
გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით |
|