შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

სექტემბერი 2022 | მომხმარებელთა განწყობა მცირედით დაეცა
23 ოქტომბერი 2022

სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა. მაისიდან მოყოლებული, მომხმარებელთა განწყობის ინდექსს დადებითი ტენდენცია ჰქონდა, სექტემბერში კი მცირე ვარდნა დაფიქსირდა და ინდექსი აგვისტოში არსებული -23.9 პუნქტიდან სექტემბერში -24.1 პუნქტამდე დაეცა. მომხმარებელთა განწყობის ორი ქვეინდექსი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 0.8 პუნქტით შემცირდა, ხოლო მოლოდინების ინდექსი 0.3 პუნქტით გაიზარდა.

ინდექსის მაჩვენებლების უმეტესობა მცირედით გადაადგილდა უარყოფითი ან დადებითი მიმართულებით, გარდა ქვემოთ განხილული მაჩვენებლებისა, რომლეთა შემთხვევაშიც, შედარებით მნიშვნელოვნი ცვლილება დაფიქსირდა. ყველაზე ნეგატიური ტენდენცია ჰქონდა მომხმარებელთა მოლოდინებს ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით (შემცირდა 9 პუნქტით). ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა ზაფხულის განმავლობაში, რაც დაკავშირებული იყო თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებასთან, ლარის გამყარებასა და საწვავის ფასების მცირე ვარდნასთან. სექტემბერში კი ინფლაცია ზრდას დაუბრუნდა, აგვისტოს ბოლოდან ლარმა გაუფასურება დაიწყო, რითაც შესაძლოა, ფასების სტაბილურობაზე მოლოდინების შემცირება აიხსნას. ასევე, მოსახლეობის მოლოდინი ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებისადმი 6 პუნქტით დაეცა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ივლისში და, რასაც ახლა ვხედავთ, სავარაუდოდ, ზაფხულში საერთაშორისო ვიზიტებისა და ექსპორტის პიკის შემდგომი დაკორექტირებაა. რაც შეეხება ინდექსში ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის მოლოდინი დასაქმების დონესთან დაკავშირებით და შესაბამისი მაჩვენებელი ინდექსის 20 პუნქტით გაუმჯობესდა, რამაც მოლოდინების ინდექსის ზოგადი ტენდენციების დადებითისკენ გადახრა განაპირობა. ასეთი ზრდა ნაკლებ მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს შრომის ბაზარზე ვაკანსიების ზრდასთან (PMC Research-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან აგვისტომდე jobs.ge პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით). ზღვრულ შემცირებას ვხედავთ უმუშევრობის დონეშიც – 2022 წლის I კვარტლის 19.4 პუნქტიდან 2022 წლის II კვარტლის 18.1 პუნქტამდე.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი არ შეცვლილა თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რეგიონების მაცხოვრებელთა შემთხვევაში კი ინდექსი 0.3 პუნქტით შემცირდა. მომავალში ფასების ცვლილებისადმი ნეგატიური მოლოდინი ძირითადად რეგიონების მოსახლეობაშია გავრცელებული (17%-ით დაეცა), როცა თბილისის შემთხვევაში ეს მოლოდინი თითქმის არ შეცვლილა (1%-ით დაეცა). ეს ტენდენცია მომხმარებელთა განწყობის ინდექსისთვის უცხო არ არის, რადგან, როგორც წესი, რეგიონების მოსახლეობა უფრო მგრძნობიარეა ფასების ცვლილებების მიმართ. აგვისტოში არსებულ განწყობებთან შედარებით, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობა იზიარებს განწყობის გაუარესებას ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობისადმი. რაც შეეხება დასაქმების მოსალოდნელ დონეს, ორივე ჯგუფის მოლოდინები საგრძნობლად გაიზრდილია, თუმცა უფრო მეტად რეგიონის მოსახლეობის შემთხვევაში (თბილისში 16-პუნქტით გაიზარდა, რეგიონებში – 25-ით).

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

შეავსე ფორმა