შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

III კვარტალი 2023 | მაკრო მიმოხილვა: ზრდისკენ სწრაფვა გლობალური გაურკვევლობისა და რეგიონალური დინამიკის პირობებში
29 დეკემბერი 2023

კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაცია ნელი, არათანაბარი ტემპით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ეკონომიკის აღდგენით და ინფლაციის შესამცირებლად გაღებული ძალისხმევით გამოიხატა, სიხარული ჯერ მაინც ნაადრევია – ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, განსხვავება რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის კი იზრდება. ეკონომიკის აღდგენას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მოვლენები, აგრეთვე, გაზრდილი გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია. რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას მსოფლიოში კიდევ უფრო აუარესებს ციკლური პრობლემებიც: ინფლაციის შემცირების მიზნით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით გამოწვეული შედეგები, მაღალი ვალით განპირობებული უარი ფისკალურ დახმარებაზე და სტიქიური მოვლენები. 2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირება ჯერ 3.0%-მდე, შემდეგ კი – 2.9 %-მდე, 2022 წელს არსებული 3.5%-დან. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2000-2019 წლებში დაფიქსირებულ ისტორიულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს (3.8%) (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ოქტომბერი 2023).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, 2023 წელს ნელი, მაგრამ ზომიერი ზრდის მაჩვენებლებია მოსალოდნელი: სომხეთში – წლიური +7.0%, აზერბაიჯანში – წლიური +2.5% და თურქეთში – წლიური +4.0%. მეორე მხრივ, მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის 2.2 %-ით ზრდა (აღნიშნული მაჩვენებელი დაკორექტირდა მანამდე არსებული 1.5%-დან). მოსალოდნელია განვითარებადი ბაზრების და ეკონომიკის (EMDE) ქვეყნებში გამოშვების მაჩვენებლის ზრდაც: 2023 და 2024 წლებში 4.0 %-ით (2024 წლის პროგნოზი დაკორექტირდა მანამდე არსებული 4.1%-დან) (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ოქტომბერი, 2023).

შეავსე ფორმა