COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე. აღსანიშნავია, რომ პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას უქმნის, რადგან ასეთ ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემები ხშირად შრომა-ინტენსიურია და ნაკლებადაა მზად ეკონომიკურ შოკებთან გასამკლავებლად.
COVID-19 და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი
მიმდინარე კრიზისმა და მსოფლიოს მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა ქართულ სურსათის მიწოდების ჯაჭვებსა და ბაზრებზეც იმოქმედა. რესტორნების, სასტუმროებისა და სკოლების დახურვამ, ლოჯისტიკურმა შეფერხებებმა და გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაფუჭება. სექტორში მოთხოვნის თვალსაზრისითაც სერიოზული ცვლილებები მოხდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული. სექტორში დასაქმებულთა დიდ ნაწილს ფერმერები წარმოადგენენ, რომლებსაც ხშირად უწევთ ისეთ რისკებთან გამკლავება, როგორიცაა ფასების ცვალებადობა, ინფლაცია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, კლიმატის ცვლილება თუ შეზუდული ფინანსური რესურსები. COVID-19 დამატებითი გამოწვევაა ამ სექტორში დასაქმებულთათვის. თუმცა COVID-19-ის გავლენის სიმწვავე დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება მასზე რეაგირების პოლიტიკა როგორც მოკლ, ისე გრძელვადიან პერიოდში.
პანდემიამ არაერთი ეკონომიკური საქმიანობა შეაფერხა, თუმცა სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული დარგობრივი საქმიანობები მთავრობას არ შეუზღუდავს. 2020 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა სოფლის მეურნეობის ანტი-კრიზისული გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სექტორზე პანდემიის გავლენის შემცირების მექანიზმები. მთავრობამ სექტორს ორი სახის მხარდაჭერა შესთავაზა: პირდაპირი და სექტორული. სავარაუდოდ, პირდაპირი დახმარება მიზნად ისახავდა ფერმერთა წინაშე არსებული მოკლევადიანი გამოწვევების მოგვარებას. სექტორული მხარდაჭერა კი, რომელიც გრძელვადიან სტრატეგიად შეიძლება მივიჩნიოთ, ძველი პროგრამების გაგრძელებაა, მიზანი კი სექტორში არსებული ძირეული პრობლემების გადაჭრაა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სექტორში ჯერ კიდევ უამრავი სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი.
რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2020 წლის პირველ სამ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 3%-ით გაიზარდა. ასეთივე დადებითი ტენდენცია გვაქვს ცოცხალი საქონლისა და ფრინველის წარმოებაში. მოსალოდნელია წარმოების გაზრდა ხილისა და თხილის სექტორებშიც (საქსტატი, 2020 წ.).
ცხრილი 1. ეკონომიკური ინდიკატორები სოფლის მეურნეობაში
2019 წ. | 2020 წ. | % ცვლილება | |
რეალური მშპ სოფლის მეურნეობაში პირველ სამ კვარტალში (მლნ. ლარი) | 2,140 | 2,205 | ↑3 |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პირველ სამ კვარტალში (ათასი სული) | 2,861 | 2,931 | ↑2.4 |
ფრინველი პირველ სამ კვარტალში | 29,540 | 34,356 | ↑16 |
წყარო: საქსტატი, 2020 წ.
სოფლის მეურნეობის მშპ-ის ზრდა რამდენი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. პირველი, ხელსაყრელმა ამინდმა შესაძლოა დადებითად იმოქმედა სხვადასხვა კულტურის (ვაშლის, თხილის) მოსავალზე 2020 წელს. მეორე, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტომ (RDA) ბოლო 8 წლის განმავლობაში განახორციელა, შეიძლება ნაწილობრივ ყოფილიყო ზრდის მიზეზი. მხარდაჭერის სხვა პროექტებთან ერთად, 2015 წლიდან RDA-ს პროგრამები ფარავდა მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015 – 2019 წწ-ში RDA-ს საშუალო დანახარჯი ამ პროგრამებზე 84 მლნ. ლარს შეადგენდა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2020 წ.). და ბოლოს, სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს ნაკლებად ეშინოდათ, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვები სექტორზე მძიმედ იმოქმედებდა, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს ინვესტიციების და, შესაბამისად, სექტორის ზრდაში. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) სოფლის მეურნეობის სექტორში 137%-ით გაიზარდა. ზოგადად, სხვა სექტორებს თუ შევადარებთ, სოფლის მეურნეობის FDI მინიმალურია და 2009 – 2019 წწ-ში, საშუალოდ, საქართველოს მთლიანი FDI-ის მხოლოდ 1.1%-ს შეადგენდა.
ძალიან რთულია იმის შეფასება, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია მომავალშიც, თუმცა აშკარაა, რომ COVID-19-მა სექტორში არაერთი შესაძლებლობაც გააჩინა, ჩვენ კი უნდა შევძლოთ მათი სწორად გამოყენება.
COVID-19-ის მოტანილი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში
მართალია, პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სისტემებში, თუმცა აშკარაა, რომ მან არაერთი შესაძლებლობაც მოიტანა, რაც სექტორის ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და მთელი რიგი გამოწვევების წინააღმდეგ სექტორის მდგრადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ვინაიდან სურსათზე მოთხოვნა მუდმივია და მომხმარებელთა მხარჯველობითი ქცევებიც იცვლება (სულ უფრო მეტი ადამიანი ამზადებს საჭმელს სახლში, რესტორნებსა თუ კაფეებში სიარულის ნაცვლად), სოფლის მეურნეობამ შეიძლება პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკის სხვა სექტორებზე უკეთესი შედეგი აჩვენოს. გარდა ამისა, პოპულარული ხდება მარტივი მებაღეობა და სულ უფრო მეტი ოჯახი ერთვება ისეთ მარტივ ფერმერულ საქმიანობაში, როგორიც ყვავილებისა თუ ბოსტნეულის მოყვანაა.
იმისათვის, რომ ყველა ეს შესაძლებლობა რეალობად იქცეს და ზრდა უფრო დიდი იყოს, საჭიროა, არსებული საბაზრო სისტემები გაუმჯობესდეს. არსებულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა აგრარული ბაზრების რეფორმა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ფერმერის ბაზართან დასაკავშირებლად, უსაფრთოხების ქსელის შესაქმნელად, სათანადო სამუშაო პირობების შესაქმნელად და სასოფლო-სამეურნეო და სურსათის სისტემების დეცენტრალიზაციისთვის, რათა ისინი კიდევ უფრო მდგრადი გახდეს.
• დიჯიტალიზაცია – სოფლის მეურნეობაში დიჯიტალიზაციის პროცესი პანდემიამდე ნელა მიმდინარეობდა. თუმცა, უნდა ველოდოთ, რომ პანდემიის შემდეგ ციფრული მექანიზმების დანერგვა დაჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება სექტორისთვის და საჭირო ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ციფრული ექსტენციის სერვისები შეიძლება გამოვიყენოთ სურსათის უვნებლობის რისკებსა და, ზოგადად, აგრარულ ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებისთვის. ასევე, ონლაინ ტრანზაქციების პლატფორმებს შეუძლია მწარმოებელი მომხმარებელთან დააკავშიროს. აღსანიშნავია, რომ არაერთი პლატფორმა (agroface.ge, აგრონავტი) უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მეტიც, პანდემიამდე საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა, საიდან მოდიოდა სურსათი, თუმცა COVID-19 გაზარდა სურსათის წარმომავლობისადმი ინტერესი. და ბოლოს, ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯაჭვში სურსათის წარმოების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის გასაზრდელად;
• ურბანული და პერიფერიულ-ურბანული სოფლის მეურნეობის განვითარება – გადაადგილების შეზღუდვამ შეაფერხა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის კავშირი, ეს კი ურბანული და ნახევრად ურბანული სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ეს იდეა პრაქტიკაში დაინერგა აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც ურბანული სოფლის მეურნეობა ამარაგებს სურსათის მიწოდების ჯაჭვს და ლოქდაუნის დროს მიწოდების ხარვეზს ავსებს. ურბანული და ნახევრად ურბანული სოფლის მეურნეობა ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობაც შეიძლება იყოს;
• მიგრანტების დაბრუნება სოფლის მეურნეობაში – არაერთმა მიგრანტმა დაკარგა სამუშაო და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. მართალია, პანდემიამ უმუშევრობა გაზარდა, თუმცა აგრარული სექტორი საკუთარი შრომა-ინტენსიური საქმიანობებით შეიძლება შემოსავლის პოტენციური წყარო იყოს მათთვის, ვისაც სამშობლოში იძულებით დაბრუნება მოუწია.
შედეგად, მომავალში სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ასეთი შესაძლებლობებზე კაპიტალიზაციასა და პანდემიის გამოცდილებისგან სწავლას.
* * *
ბლოგი დაიწერა ქეა კავკასიის ”COVID-19-ზე რეაგირებისა და ადაპტაციის პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია CARE International-ის საგანგებო დახმარების საერთაშორისო ფონდის მიერ. დოკუმენტი შეიქმნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ქეა კავკასიის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობით. თუმცა ბლოგის შინაარსი მხოლოდ ავტორების მოსაზრებას გამოხატავს და შეიძლება არ ახავდეს CARE International-ის შეხედულებებს.