შეავსე ფორმა
Logo

კახეთი ერთ-ერთია საქართველოს იმ რეგიონებს შორის, რომელიც ეკონომიკურად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 40.1% კახეთზე მოდის. ამ მიწების უდიდესი წილი სახნავ მიწებზე, საძოვრებსა და ვენახებზე მოდის, რაც განაპირობებს კახეთის ლიდერობას მარცვლეულის წარმოების, მეცხოველეობის და მეღვინეობის მიმართულებებით. 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ღვინის 75.5% კახეთზე მოდიოდა[1]. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რთველი სწორედ კახეთთან ასოცირდება. ამასთან, ღვინო და მასთან დაკავშირებული პროდუქტები რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად და 2020 წელს მთლიანი ექსპორტის 10% შეადგინა.

დიდი ხანია საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისთვის (UNFCCC) მომზადებულ ეროვნულ საკომუნიკაციო დოკუმენტებში სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად სექტორად სახელდება. კახეთი კი, როგორც აღმოჩნდა, საერთოდაც გაუდაბნოების მაღალი რისკის წინაშე მყოფი რეგიონია. გაუდაბნოება ხელშესახებ უარყოფით გავლენას მოახდენს კახეთის სოფლის მეურნეობის სექტორსა და მის ეკონომიკურ აქტივობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონში ამინდის ცვლილებების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციების უკეთ შესწავლა.

გაუდაბნოების რისკი, როგორც წესი, გამოიხატება ტემპერატურის მატებით და ნალექების რაოდენობის კლებით. საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ კახეთში ყოველ სეზონზე უკვე ფიქსირდება საშუალო ტემპერატურის მატება (გაზაფხულზე +0.31℃, ზაფხულში +0.94℃, შემოდგომაზე +0.60℃ და ზამთარში +0.30℃). 1-ლი ცხრილიდან კი ვხედავთ, რომ ტემპერატურის მატება მომავალშიც გაგრძელდება, საუკუნის ბოლომდე.

ცხრილი 1. მაქსიმალური თვიური ტემპერატურა 2015 წელს და სავარაუდო მაქსიმალური და მინიმალური თვიური ტემპერატურა 2050, 2070 და 2100 წლებისთვის[2]

კახეთი/დედოფლისწყარო
წელი ივნისი ივლისი აგვისტო
2015 36.4 - 36.6 - 40.8 -
2050 38.7 30.5 41.9 33.5 43.9 34.9
2070 40.2 31.4 43.5 34.5 46.0 36.4
2100 42.4 32.7 46.0 36.0 49.2 38.6
წყარო: საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება

Aმე-2 ცხრილის თანახმად, ნალექებთან დაკავშირებული პროგნოზებიც შემაშფოთებელია. ნალექების წლიური რაოდენობა კახეთში 1986-2015 წლებში 1956-1985 წლებთან შედარებით ყოველწლიურად 1.5%-ით მცირდებოდა; საგრძნობლად მცირდებოდა ზაფხულში და ოდნავ იმატებდა სხვა სეზონებზე. მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში მოყვანილი პროგნოზები იმაზეც მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით ნეგატიური ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და მისი უარყოფითი შედეგები კიდევ უფრო გაიზარდება[3].  

ცხრილი 2. ნალექი (პრ.)[4] და მისი ცვლილებები კახეთში, 1986-2015 წლებში (1956-1985 წლებთან შედარებით), 2041-2070 და 2071-2100 წლებში (1971-2000 წლებთან შედარებით)[5]

  გაზაფხულუ ზაფხული შემოდგომა ზამთარი წლიური
1986-2015 / 1956-1985
პრ.მმ 181 147  131   98 528 
∆პრ, %  3.3 -15  10  1.8  -1.5 
2041-2070 / 1971-2000
პრ.მმ  193 231   167 122  713 
∆პრ, %  -21 -5  -8  15  -8 
2071-2100 / 1971-2000
პრ.მმ  178 192  155  110  634 
∆Pr, %  -28 -21  -16  -19 

წყარო: საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება

საბოლოოდ, გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე კახეთში უნალექო დღეების რაოდენობამაც იმატა. 1990 წელთან შედარებით, უნალექო დღეების წლიური რაოდენობა 6-9 დღით გაიზარდა, ხოლო გაზაფხულზე – 4-5 დღით (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2021 წ.). ამრიგად, კახეთი ვეგეტაციურ პერიოდშიც კი (აპრილ-სექტემბერი) განიცდის ნალექის ნაკლებობას.

ამრიგად, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რატომ არის ეს ტენდენციები საგანგაშო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში რეგიონში გვალვის გაზრდილ რისკზე ამახვილებენ ყურადღებას. გვალვებმა კი შემდგომში შეიძლება მოსავლის შემცირება, წყლისა და საკვების დეფიციტი და გაუდაბნოებულ და ეროზირებულ ადგილებში მტვრის ქარიშხლები გამოიწვიოს. 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლის[6],  მეოთხე ეროვნული საკომუნიკაციო დოკუმენტისა და კახეთის რეგიონული განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის თანახმად, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაუდაბნოების რისკი განსაკუთრებით მაღალია[7]. ტემპერატურის მატებისა და ნალექის შემცირების გამო მიწის მესაკუთრეები ამ მუნიციპალიტეტებში გეგმავენ სარწყავი სისტემების მოწყობას. 

დროთა განმავლობაში გადაიდგა სხვადასხვა ნაბიჯი სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად. კარგი მაგალითია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მეორე ეროვნული სამოქმედო პროგრამით განსაზღვრული აქტივობების ეტაპობრივი განხორციელება. ეს პროგრამა მოიცავს გაუდაბნოების პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აგრობიომრავალფეროვნების ისეთი კომპონენტების შეფასებას, როგორიცაა მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური რესურსები, მავნებლებთან ბრძოლა და საკვები ნივთიერებების ციკლები. დამატებითი ღონისძიებები გაატარა კერძო სექტორმაც: მაგალითად, ირიგაციის წვეთოვანი სისტემების დამონტაჟება მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად[8]; საირიგაციო პროექტების ნაწილი განხორციელდა ისეთი სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, როგორიცაა პროგრამა „დანერგე მომავალი“. მიუხედავად ამისა, როგორც კახეთში, ისე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, გატარებული ღონისძიებების მასშტაბები მაინც არ შეესაბამება მოთხოვნებს და არ არის საკმარისი.

ზოგადად, მკვლევარები თანხმდებიან „პრევენციის კულტურის“ ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და წაახალისებს მშრალი ნიადაგებისა და ალტერნატიული საარსებო საშუალებების შენარჩუნებას (Adeel, Safriel, Niemeijer, & White, 2005, გვ. 14). ამის მიღწევა შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატგონივრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების გზით. მიუხედავად ხარჯებისა, გაუდაბნოების პრევენცია ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე გაუდაბნოებული მიწების რეაბილიტაცია. ამის მისაღწევად აუცილებელია რესურსების მდგრად გამოყენებაზე მიმართული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

არსებობს რამდენიმე ღონისძიება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს კახეთში სოფლის მეურნეობის მდგრადობა კლიმატის ცვლილების (განსაკუთრებით გაუდაბნოების) მიმართ:

პირველ რიგში, ირიგაციის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ წყალსაცავის მშენებლობას შეუძლია პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა ზამთარში მდინარე ალაზნიდან წყლის დაგროვებით, როდესაც წყალზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, მისი შემდგომი გამოყენებისთვის ზაფხულში, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია. თუმცა ამ ღონისძიების განხორციელება მოითხოვს ეფექტიან დაგეგმვას: მაგალითად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ინვესტიციებზე, რომელიც მიმართული იქნება წყლის ნაკადების, ხარისხის, შენახვისა და გამოყენების ზუსტ შეფასებაზე. წყლის ნაკადის მონიტორინგისა და პროგნოზირებისთვის და, შესაბამისად, წყლის სათანადოდ გადანაწილებისთვის ვეგეტაციურ პერიოდებში, შესაძლებელია ისეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა ავტომატიზირებული გაზომვა და დისტანციური ზონდირება.

მეორეც, ქარსაფარი ზოლებისა და ძლიერი ფესვთა სისტემის მქონე მცენარეების გაშენება ხელს შეუწყობს ნიადაგის შეკავებას და ტყის საფარის აღდგენას.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული ისეთი კულტურების და სახეობების დარგვა, რომელიც ხარობს მცირე ნალექის პირობებში. ვინაიდან კახეთში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ზრდა, ისე ნალექის შემცირება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სოფლის მეურნეობას, მიზანშეწონილია, რომ გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო პროგრამაში განსაზღვრული ღონისძიებები გატარდეს დაჩქარებული ტემპით. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, ვინაიდან ისინი პოტენციურად ნაკლებ ხარჯსა და მეტ სარგებელთან ასოცირდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

Adeel, Z., Safriel, U., Niemeijer, D., & White, R. (2005). Ecosystems and Human Well-being: Desertification Synthesis. Washington, DC.: Millennium Ecosystem Assessment, World Resources Institute.

MEPA. (2021). Fourth National Communication of Georgia to the UNFCCC. Tbilisi: The Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia.

MOENRP. (2009). Second National Action Program to Combat Desertification. Tbilisi: Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia.

The Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. (2020). Labour Market Analysis. Tbilisi: Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia.


[1] https://www.geostat.ge/media/38834/soflis_meurneoba_2020.pdf

[2] თვიური ტემპერატურის მაჩვენებლები დაფიქსირდა სადგურებზე (დედოფლისწყარო, კახეთის რეგიონი) 2015 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. ასევე განისაზღვრა მაქსიმალური და მინიმალური მოსალოდნელი მნიშვნელობები იმავე სადგურებისთვის 2050, 2070 და 2100 წლებში..

[3]  გამონაკლისია ყვარელი 700 მმ ატმოსფერული ნალექით.

[4]  გამოხატულია მილიმეტრებში (მმ) ნალექების სიმაღლის ან სიღრმის მიხედვით.

[5]  ცხრილში მოცემულია ნალექების საშუალო მაჩვენებლები სადგურებზე (დედოფლისწყარო, კახეთის რეგიონი) 2015 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში და ნალექების ცვლილება პროგნოზირებული/შეფასებული 2041-2070 წლების მეტეოროლოგიური მონაცემების შედარების გზით (პირველი საპროგნოზო პერიოდი) და 2071-2100 (მეორე საპროგნოზო პერიოდი) შესაბამისი ფაქტობრივი საბაზისო მონაცემებით იმავე სადგურებისათვის 1971-2000 წლებში.

[6] კონსულტაცია გაიმართა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილესთან.

[7] კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია 2014-2021 წწ.

[8] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არის არაერთი სკრინინგის ანგარიში, რომელიც აღწერს ასეთი სისტემების ინსტალაციის პროცესს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა