ტყვიით დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 900,000 ადამიანი იღუპება (IHME, 2019). როგორც წესი, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ განვითარებად ქვეყნებში დგას, სადაც საღებავებსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ტყვიის შემცველობა სრულად არ რეგულურდება და სათანადოდ არ კონტროლდება. ამდენად, წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს საქართველოში აღნიშნული პრობლემის მასშტაბის გამოკვლევას და მასთან დაკავშირებული პოტენციური ზომების განხილვას.
ტყვია მძიმე მეტალია, რომელიც დედამიწის ქერქის კომპონენტია. მისი ჭედადობის და კოროზიისადმი გამძლე თვისებების გამო, იგი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სამრეწველო საქმიანობაში. ყველაზე ხშირად ის კომერციული საწვავის, საღებავების და საკვების კონტეინერების დამზადებისას გამოიყენებოდა (Agency for Toxic Substances and Disease Registry, 2020). აღსანიშნავია, რომ ტყვია ადამინებისთვის ტოქსიკურია, ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან მისი უარყოფითი ზემოქმედებისგან ორი მიზეზის გამო – უფროსებთან შედარებით მათი ორგანიზმი ტყვიის მეტ ნაწილაკებს შთანთქავს ხელებისა და პირის ღრუს ერთმანეთთან ხშირი შეხებისა და, აგრეთვე, ფიზიოლოგიური განსხვავებების გამო. ტყვიით მოწამვლამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, მათ შორის, იქონიოს გავლენა მათ ნეირომოტორულ და ნეიროსენსორულ ფუნქციებსა და სწავლის უნარზე. მცირეწლოვანი ბავშვების მოწამვლის მძიმე შემთხვევებში დაფიქსირდა კომა, კრუნჩხვები და სიკვდილი (იქვე).
საქართველოს 2018 წლის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) საგანგაშო შედეგების თანახმად, 2-7 წლის ასაკის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის კონცენტრაცია ყოველ დეცილიტრზე 5 ან მეტ მიკროგრამს შეადგენს (მკგ/დლ) (UNICEF, 2018), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა მივიწყებულია. ამჟამად ადამიანის ორგანიზმში ტყვიის უსაფრთხო კონცენტრაციის დონე არ არის განსაზღვრული, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 5 მკგ/დლ კონცენტრაციამაც კი შეიძლება გამოუსწორებლად შეარყიოს ადამიანის ჯანმრთელობა, რის მიმართაც ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან. ორგანიზმში ტყვიის მაღალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის განვითარების შეფერხება, იმუნოტოქსიკურობა და, ასევე, გავლენა იქონიოს ბავშვის სოციალურ ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
საქართველოს მთავრობამ ჩაატარა რამდენიმე გამოკვლევა ფართოდ გამოყენებულ საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ტყვიის შემცველობაზე. 2019 წელს თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტყვიის შემცველობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს ნიმუშების 17.9%-ში, რაც მოიცავდა საკვებიდან, სათამაშოებიდან, ტანსაცმლიდან და კოსმეტიკური საშუალებებიდან აღებულ ნიმუშებს (საქართველოს პარლამენტი, 2020).
ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ტყვიის გავრცელების ძირითადი წყარო მშენებლობებიდან წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკები, ტყვიის შემცველი საღებავები და ნიადაგის დაბინძურებაა, რაც განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა დასავლეთ საქართველოში (საქართველოს პარლამენტი, 2020). გამოვლენილმა მაჩვენებლებმა, რომლებიც ემთხვევა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგებს, დაადგინა, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მაგ., აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში, იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობა, რომელთა სისხლშიც ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ ან მეტია, შესაბამისად, 85.4%-ს, 73.2%-ს, 71.2%-ს და 60.8%-ს შეადგენს (UNICEF, 2018) (სურათი 1).
სურათი 1. სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებული დონის მქონე ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში
წყარო: UNICEF
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აზრით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკვებ პროდუქტებში ტყვიის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს გაუმჯობესება დაკავშირებულია ტყვიის შემცველი ბენზინის ხმარებიდან ამოღებასთან. მიუხედავად ამისა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა საქართველოში კვლავ ექვსჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (SRCA, 2018).
ტყვიით მოწამვლის წინააღმდეგ სხვადასხვა საჯარო ზომის განხილვისას, მნიშვნელოვანია, შეფასდეს ტყვიით დაბინძურებით გამოწვეული ზარალი. ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში არსებული ინტელექტუალური განვითარების გაურკვეველი წარმოშობის შეფერხებათა 62.5%, გულის ჰიპერტენზიული დაავადებების 8.2%, გულის იშემიური დაავადებების 7.2% და ინსულტების 5.65% გამოწვეულია ტყვიით მოწამვლით (იქვე).
მიუხედავად იმისა, რომ ტყვიით დაბინძურების ზემოქმედება ჯანმრთელობაზე შეუქცევადია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის ეფექტიანი მკურნალობა არ არსებობს, ყველაზე მართებული იქნებოდა პრევენციული მიდგომა. მაგალითად, მრავალი წარმატებული პოლიტიკის მეშვეობით, შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ტყვიის საშუალო კონცენტრაციის შემცირება 1-5 წლის ბავშვებში – 1978 წელს დაფიქსირებული 15 მკგ/დლ-დან, 2016 წელს მაჩვენებელი 0.7 მკგ/დლ-მდე შემცირდა (OWID, 2022). გარკვეული მეთოდების გამოყენება საქართველოშიცაა შესაძლებელი, მაგალითად:
- ძველ სახლებში გამოყენებული ტყვიის შემცველობის მქონე საღებავებით გამოწვეული საფრთხის აღმოფხვრა
ტყვიის შემცველი საღებავები საქართველოში ტყვიით დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ძველ სახლებში უმეტესად სწორედ ასეთი საღებავებია გამოყენებული. ეს პრობლემაა ასეთ დასახლებაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის და, სამწუხაროდ, ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ ფინანსები საკუთარი სახლების გასარემონტებლად, განსაკუთრებით ზარალდებიან (საქართველოს პარლამენტი, 2020). მეორე მხრივ, პოზიტიური ისაა, რომ პრობლემა მარტივად მოგვარებადია. ჯანმრთელობის ზემოქმედების პროექტმა აშშ-ში ჩაატარა ტყვიით დაბინძურებასა და ბავშვების ჯანმრთელობას შორის კავშირის კვლევა. ამ საპილოტე პროექტმა გამოავლინა, რომ ძველი სახლების გადაღებვა მთელ შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით იმ სახლებში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, დაიცავდა 2018 წელს დაბადებულ 311,000-ზე მეტ ბავშვს ტყვიით მოწამვლისგან (Health Impact Project, 2017).
2. სამომავლო სარემონტო, შეკეთებისა და სამღებრო სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
იმავე პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სხვა ისეთი ზომების დაცვით, როგორიცაა უსაფრთხოების ეროვნული სტანდარტების დაცვა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს დროს, პოტენციურად შესაძლებელი იყო 2018 წელს დაბადებული, დაახლოებით, 211,000 ბავშვის დაცვა ტყვიით მოწამვლისგან (Health Impact Project, 2017). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონკრეტული სტანდარტები და სამშენებლო სექტორში საკმაოდ გავრცელებულია არაფორმალური სამშენებლო სამუშაოები, ასეთი პროექტის განხორციელება საქართველოში, შესაძლოა, დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული და, ამდენად, შეიძლება ძნელად განსახორციელებელი აღმოჩნდეს.
3. ტყვია-მჟავა ბატარეებისა და ელექტრონიკის უსაფრთხო განადგურების უზრუნველყოფა
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიადაგის დაბინძურება საქართველოში ტყვიით დაბინძურების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, აუცილებელია, უზრუნველვყოთ ბატარეებისა და ელექტრონიკის უსაფრთხო განადგურება და არა მათი გადაყრა ნაგავსაყრელებსა და სხვა ადგილებზე, რაც აბინძურებს გარემოს, კონკრეტულად კი ნიადაგს.
ამ მიმართულებით ზომების მიღება, შესაძლოა, მოიცავდეს კანონის აღსრულების ხელშეწყობას, სახიფათო ელექტრონული ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებას და ნიადაგის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სპეციალური ინფრასტრუქტურისა და ნაგავსაყრელების მშენებლობას. პარალელურად, ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით, ელექტრონული პროდუქტების ნარჩენები სხვა ნარჩენებისგან უნდა განცალკევდეს. ამგვარად, ნარჩენების დახარისხების პოლიტიკამ შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი.
მიუხედავად უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ტყვიით დაბინძურების შემცირების მცდელობებისა – განსაკუთრებით ტყვიის შემცველი ნავთობპროდუქტების ლიკვიდაციის გზით – საქართველო რჩება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ქვეყანად ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დონით, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგანან, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარების მხრივ (Ericson et al., 2021; World Bank, 2019).
მიუხედავად ამ საკითხის სიმძიმისა და ამ პრობლემით გამოწვეული მძიმე შედეგებისა, მათ შორის ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისა და საგანმანათლებლო მიღწევების შეფერხებისა, საკითხს არ ექცევა სათანადო ყურადღება და ცოტა რამ თუ კეთდება ამ მდუმარე ეკოლოგიური ინტოქსიკატორის გასანეიტრალებლად, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია დასავლეთ საქართველოში.
ვინაიდან საქართველოში ტყვიით დაბინძურების ორი ძირითადი წყაროა: ტყვიის შემცველი საღებავი და დაბინძურებული ნიადაგი, საჯარო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაზე. კერძოდ, მთავრობამ უნდა აღმოფხვრას ტყვიის შემცველი საღებავებით გამოწვეული საფრთხე ძველ შენობებში, რაც ყველაზე ხშირად აზარალებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს. გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით უნდა წახალისდეს ტყვია-მჟავა ბატარეებისა და ელექტრონიკის უსაფრთხო განადგურება, რასაც უნდა მოჰყვეს სპეციალური ნაგავსაყრელების მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს ასეთი ტიპის ნარჩენების შესაბამისი წესით განადგურებას.
გამოყენებული ლიტერატურა
Agency for Toxic Substances and Disease Registry. (2020). Toxicological Profile for Lead. Atlanta, GA: U.S. Department of Health and Human Services, Public Health Service. Retrieved 20 February 2022, from: https://wwwn.cdc.gov/TSP/ToxProfiles/ToxProfiles.aspx?id=96&tid=22.
Ericson, B., Hu, H., Nash, E., Ferraro, G., Sinitsky, J., & Taylor, M. P. (2021). Blood lead levels in low-income and middle-income countries: a systematic review. The Lancet Planetary Health, 5(3), e145-e153.
Institute for Health Metrics and Evaluation. (2019). GBD Compare. IHME, University of Washington.
Parliament of Georgia. (2020). Assessment of Lead Pollution in Georgia. Retrieved 20 February 2022, from https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/263763.
Scientific Research Center of Agriculture. (2018). Risk Assessment of Lead Prevalence in Food Report. Retrieved 20 February 2022, from:
https://srca.gov.ge/files/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf.
UNICEF. (2018). Multiple Indicator Cluster Survey 2018. NBS, UNICEF.
World Bank. (2019). Population ages 0-14, total. Retrieved 20 February 2022, from: https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.0014.TO.