შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

წყლის რესურსების მართვის რეფორმა – არსებული რეალობა და მოლოდინები
ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023

ანა ტერაშვილი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკის (ISET) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და რეფორმეტრის სტუდენტური ბლოგების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი სტუდენტური ბლოგი წყლის რესურსების მართვის რეფორმას ეხება.

* * *

შესავალი

საქართველოში შემუშავდა ახალი კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. კანონპროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ახალი, ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული სისტემა შეიქმნება, რითაც დაკმაყოფილდება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ჩამოყალიბდება სააუზო მართვის სისტემა და მოხდება წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება, რაც წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებას და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომების წარდგენასაც მოიაზრებს.

წყლის რესურსების მართვის ახალი კანონპროექტი ჩაანაცვლებს ძველ „კანონს წყლის შესახებ“. ეს უკანასკნელი 1997 წელს ამოქმედდა, თუმცა ცხადი და თანმიმდევრული სტრატეგიით არ განხორციელებულა და, შედეგად, ქვეყანაში მოქმედებდა „გამოუსადეგარი და დანაწევრებული სისტემა“ (UNECE). მაგალითად, ძველი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ არეგულირებდა წყლის ობიექტებთან დაკავშირებულ საკუთრების, მფლობელობისა და გამოყენების უფლებებს, ვერ უზრუნველყოფდა როგორც ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ისე წყლის დაბინძურების პრევენციას. გარდა ამისა, ძველი კანონის ფარგლებში წყლის რესურსების მართვისას, ქვეყანაში იკარგება დიდი მოცულობით წყალი, რაც, შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებრივ რესურსებზე.

ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების ფონზე, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი მოლოდინი გაჩნდა, თუმცა არსებული რეფორმა არ არის სრულყოფილად ამოქმედებული, ამიტომ აღნიშნული მოლოდინის შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, კანონპროექტთან დაკავშირებული რამდენიმე კრიტიკული ინდიკატორის გაანალიზების საფუძველზე წინამდებარე ბლოგი შეეცდება აღნიშნული ხარვეზებისა და სავარაუდო შედეგების მიმოხილვას.

ახალი სააუზო სისტემა და წყლის დაბინძურების პრევენცია

წყლის რესურსებიის ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს მდინარეთა სააუზო მართვის გეგმის (RBMP) შემუშავებას თითოეული აუზისთვის, რომლებიც დადგენილების მიხედვით ყოველ 6 წელში უნდა განახლდეს და მათი მართვის გეგმები უნდა შემუშავდეს ისე, რომ დააბალანსოს წყლის მომხმარებელთა ინტერესები და თანადროულად უზრუნველყოს წყლის ეკოლოგიური სტატუსის შენარჩუნება. როგორც ცვლილებების ინიციატორი უწყება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნავს: „დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხდება ცენტრალიზებულად და არა ამა თუ იმ წყლის ობიექტის გეოგრაფიულ საზღვრებში – მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე, რაც შეუძლებელს ხდის წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას. ალტერნატივას წარმოადგენს სააუზო მართვის მოდელი, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ მიდგომას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას“.

კანონპროექტი ითვალისწინებს თითოეული მდინარის აუზისთვის წყლის პრიორიტეტიზაციის გეგმის შემუშავებას, რათა შეიქმნას ახალი პრიორიტეტიზაციის წესები წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოასწორებს ძველ კანონში არსებულ ხარვეზებს და შესაძლებელს გახდის როგორც სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებას, ისე უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით მომარაგებას.

გრაფიკი 1. წყლის ხარისხის მონიტორინგი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 51.5% იყო მიერთებული წყალარინების ქსელზე, მათგან 14.5% კი მიერთებული იყო წყალარინების ქსელზე ჩამდინარე წყლის გაწმენდის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილი 59.5%-დან 71.3%-ამდე (2021წ) გაიზარდა, 2021 წელს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლის მხოლოდ 37% გაიწმინდა, რაც მოცემული 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა წყლის ობიექტების დაბინძურება, გაუწმენდავი მუნიციპალური ჩამდინარე წყლები და უსაფრთხო სასმელი წყლის სიმწირე. ამ გამოწვევების შესახებ ყურადღებას ამახვილებენ კანონპროექტზე მომუშავე ექსპერტებიც. 2022 წელს გამართულ საჯარო-კერძო დიალოგის ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თანდილაშვილმა, აღნიშნა, რომ „წყლის რესურსების მართვის რეფორმის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილი არის წყლის ხარისხისა და რაოდენობის რეგულარული და ფართო მონიტორინგის პრაქტიკის დანერგვა, რადგან მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები ხდება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების და წყლის რესურსების პრიორიტეტიზაციის გეგმების შექმნის საფუძველი“.

შესაბამისად, ქვეყანაში სააუზო სისტემის ჩამოყალიბება აჩენს მოლოდინებს, რომ საქართველოში შეიქმნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო და არსებული მონაცემები პოზიტიური მაჩვენებლით შეიცვლება, თუმცა ხსენებული შედეგების მისაღებად საჭიროა გარკვეული ხარჯების გაწევა და წყალსარგებლობისთვის მოსაკრებლის დაწესება.

წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტები

წყლის რესურსების ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღებასაც, რაც წყალმოსარგებლეთათვის სწორი სტიმულების მიცემას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს როგორც ნახსენები ბუნებრივი რესურსის რაციონალურად ხარჯვას, ისე წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ზედაპირული წყლების გამოყენების ლიცენზირების მექანიზმის ხელახლა დანერგვას მოიაზრებს, რომელიც 2008 წელს გარკვეული მიზეზების გამო გაუქმდა და ამ დროიდან წყალსარგებლობის მოსაკრებელი მხოლოდ მიწისქვეშა წყლებზე არსებობდა, თუმცა ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს წყლის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას ზედაპირული წყლის ობექტებიდანაც წყალაღების გადასახადის დაწესებით. აღნიშნული რეგულაცია კანონპროექტით ძალაში 2024 წლიდან შევა, მანამდე კი განისაზღვრება კონკრეტული თანხა, რომელიც მომხმარებელს არ დააწვება მძიმე ტვირთად და ბიზნეს სექტორის განვითარებას ხელს არ შეუშლის, შედეგად კი მოხდება წყალმოსარგებლეთა კონფლიქტის პრევენცია და ხელი შეეწყობა ახალი დარგების განვითარებას.

ფიგურა 1. წყალსარგებლობის დაგეგმვა

ნინო თანდილაშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტრო, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დახმარებით, ატარებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომელიც მოსაკრებლის ოდენობის დადგენის პროცესს წარმართავს და კონკრეტული ოდენობა დადგინდება მხოლოდ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზისა და კერძო სექტორთან ერთად საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ. „კანონის ამოქმედების შემდეგ, ახალი სანებართვო სისტემა შეეხება ნებისმიერ ოპერატორს, იქნება ეს საწარმო ობიექტი თუ ჰიდროელექტროსადგური, ყველას, ვისაც წყალმოხმარება დასჭირდება თავისი საქმიანობის პროცესში. ამის მიზანია, სახელმწიფოს ზუსტად ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ რა რაოდენობის წყალს მოიხმარს და რამდენად სჭირდება ამა თუ იმ საქმიანობას კონკრეტული რაოდენობის წყალი, ამის შეფასება მოხდება ნებართვის გაცემის დროს. ეს არის ამ ახალი რეგულაციების მთავარი მიზანი. მსგავსი პრინციპები მოქმედებს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში,“ – აღნიშნავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ერთ-ერთ ინტერვიუში. აღასანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ – კასპიის თუ შავი ზღვის – აუზს მიეკუთვნება წყალმოსარგებლე.

საყოფაცხოვრებო სექტორში წყლის დანაკარგი ტრანსპორტირებისას

ვარაუდი, რომ სააუზო მართვის სისტემაზე გადასვლა წყლის რესურსების კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა, ხოლო წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება გარკვეულ სტიმულებს აჩენს, რადგან წყალმოსარგებლეებმა რაციონალურად ხარჯონ წყალი, განაპირობებს პოზიტიურ მოლოდინს, რომ ქვეყანაში ნაკლები წყალი დაიკარგება და თანდათან შემცირდება. წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყნაში, ზემოთ ნახსენებ პრობლემებთან ერთად, ყველაზე თვალშისაცემი საყოფაცხოვრებო სექტორში წყლის დანაკარგია, რომელიც დროთა განმავლობაში შემცირების ნაცვლად იზრდება და მაღალ საპროცენტო ნიშნულს აღწევს. არსებული მონაცემებით, 2021 წელს წყლის ტრანსპორტირებისას ბუნებრივი რესურსის 73% ანუ 678 მლნ მ3 დაიკარგა, რაც წინა წელთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით მეტია (65%) (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2. საყოფაცხოვრებო სექტორში წყლის დანაკარგები ტრანსპორტირებისას

წყარო: საქსტატი

აღნიშნული მონაცემები წყლის რესურსების არსებულ, სამწუხარო რეალობას უსვამს ხაზს და ასახავს მოძველებული კანონის უარყოფით ეფექტებს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი კრიტიკული ინდიკატორების საფუძველზე, წყლის რესურსების მართვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ შესაძლებელია პოზიტიური მოლოდინების შექმნა, თუმცა ჯერჯერობით არარსებული მონაცემის და კანონპროექტის სრულად განუხორციელებლობის გამო, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. გარდა ამისა, რეფორმის სრულად მიღება, ჩამოყალიბება და სრულფასოვნად დანერგვა დროის საკითხია და განხილულ ინდიკატორებთან მიმართებით რეფორმის შედეგებს დროთა განმავლობაში დავინახავთ.

მნიშვნელოვანია, რომ წყლის რესურსების მართვის რეფორმის სრულყოფილად შესაფასებლად ქვეყანაში არსებობდეს მეტი გამჭირვალობა და გაიზომოს ისეთი ინდიკატორებიც, რომლებიც ამ დროისთვის საქართველოში არ იწარმოება. ასეთი მაჩვენებლებია: ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღებისთვის გაცემული ნებართვები და შედეგად მიღებული მოსაკრებელი, წყლის ბალანსი, წყლის ობიექტები „კარგი წყლის“ სტატუსით და მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები.

ბიბლიოგრაფია

USAID. (December 2021). SYSTEMS APPROACH POLICY VALUE CHAIN ANALYSISWATER RESOURCE MANAGEMENT REFORM.

ანგარიში, 2. წ. (2020). თავი 3: წყლის რესურსების მართვა გვ.32-51. Retrieved from საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის 2017-2020 წლების ანგარიში: https://06f5c6a6-5676-4be5-ae60-fda18c5f0e24.usrfiles.com/ugd/df872d_e6ce2ba905cb4a89ae6e2e035ced608c.pdf

გოგბერაშვილი, ე. (2021, სექტემბერი 10). საქართველოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი ექნება. Retrieved from BM.GE: https://bm.ge/ka/article/saqartvelos-wylis-resursebis-martvis-shesaxeb-kanoni-eqneba/90623/

გოგებაშვილი, ე. (2022, ნოემბერი 29). წყლის ახალი კანონი - რა იცვლება ბიზნესისთვის? Retrieved from BM.GE: https://bm.ge/ka/article/wylis-axali-kanoni---ra-icvleba-biznesistvis/121654/

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი. (2020, აპრილი 19). Retrieved from საჯარო-კერძო დიალოგი წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ: https://iset-pi.ge/storage/media/other/2022-06-07/48a506d0-e627-11ec-807d-9f3cd4f3100e.pdf

მარიამ ჩაჩავა, მ. ჭ. (n.d.). Retrieved from საქართველოს წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტები: file:///C:/Users/user/Desktop/9551c730-2675-11ec-a7d0-2fb24b267eb3.pdf

რეფორმეტრი. (n.d.). წყლის რესურესების მართვის რეფორმა. Retrieved from https://reformeter.iset-pi.ge/ka/reforms/cqlis-resursebis-martvis-reporma/etapi-2-paza-1

* * *

შენიშვნა: წინამდებარე ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად. ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ წარმოადგენდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა