შესავალი
როგორც ჩვენს წინა ბლოგში ვახსენეთ, თამბაქოს მოხმარება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოდელირებული შეფასებებით, 2019 წელს საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 32 პროცენტი ეწეოდა თამბაქოს. მამაკაცებში მწეველობის გავრცელება 56.9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებდა. თამბაქოს მოწევის მაჩვენებელი დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები იყო ქალებში და 7.1%-ს შეადგენდა, რაც სავარაუდოდ არ ასახავს რეალურ სურათს. მაგალითად, ნიკოტინის ტესტების გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ქალების 12.2% ეწევა თამბაქოს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებისგან ყოველწლიურად 11,400 ადამიანი იღუპება, ხოლო მოწევის სავარაუდო ეკონომიკური ხარჯები დაახლოებით მშპ-ის 2.4%-ს შეადგენს.
2020 წლის მარტში COVID-19 გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, რასაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოყვა ვირუსის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ადმინისტრაციული ზომები. დაწესებულმა ლოქდაუნებმა, გადაადგილების შეზღუდვებმა, სოციალური დისტანცირების პრაქტიკის დანერგვამ რადიკალურად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და მათი სამომხმარებლო ქცევა. მოცემული ბლოგის მიზანია, არსებული მეორადი წყაროების გამოყენებით შეისწავლოს COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენა თამბაქოს მოხმარებაზე საქართველოში.
COVID-19 პანდემიის ზოგადი ეფექტები თამბაქოს მოხმარებაზე: საერთაშორისო გამოცდილება
არსებული კვლევების მიხედვით, პანდემიის ზეგავლენა თამბაქოს მოხმარებაზე არ არის ცალსახა და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მწეველთა 67.7% აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოწეული სიგარეტების რაოდენობა არ შეცვლილა, 18.5% ამბობს, რომ ნაკლებ, 13.8% კი პირიქით, მეტ სიგარეტს ეწევა პანდემიის დაწყების შემდეგ. ამერიკელ მოზარდებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მწეველთა 51.7%-ის ქცევა უცვლელია, 20.7%-მა შეამცირა, ხოლო 27.6%-მა გაზარდა მოწევის რაოდენობა. მსგავსი არაერთგვაროვანი შედეგები შეინიშნება ბელგიასა და ავსტრალიაშიც.
თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ შეინიშნება მოწევის რაოდენობის გამოკვეთილი ზრდა მწეველებს შორის. მაგალითად, პოლონეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველთა 45.2% უფრო მეტს ეწეოდა ლოქდაუნების პერიოდში. ახალი ზელანდიის მწეველთა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველთა 45% მეტს ეწევა და მხოლოდ 16% ეწევა ნაკლებს, დანარჩენ 39%-ში კი ცვლილებები არ შეინიშნება. ანალოგიურად, იტალიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მწეველთა 30% ეწევა მეტს (დღეში საშუალოდ 5.6 სიგარეტით) და მხოლოდ 18% აღნიშნავდა, რომ ეწევა ნაკლებს (დღეში საშუალოდ 4.1 სიგარეტით).
საერთაშორისო კვლევები იმასაც აფასებს, რა გავლენას ახდენს COVID-19 მოწევაზე თავის დანებების მცდელობებზე. ნიდერლანდელი მწეველების 33.8% აცხადებს, რომ COVID-19-ის გამო უფრო მოტივირებული არიან, მოწევას თავი დანებონ. ეს აიხსნება მწეველების შეხედულებით, რომ COVID-19 ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს, მწეველების COVID-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკი გააჩნიათ და დაავადება მწეველებში უფრო მძიმე გართულებებს იწვევს. თუმცა ამერიკელ მწეველებში COVID-19-ით გამოწვეული ჯანმრთელობის გართულების შიში, პირიქით, ამცირებდა მოწევისთვის თავის დანებების ალბათობას და დადებითად იყო დაკავშირებული მოწევის რაოდენობის ზრდასთან. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ COVID-19-ის მიმართ შიში შესაძლოა ზოგიერთ მწეველს მოწევის რაოდენობის შემცირებისკენ ან მოწვისთვის თავის დანებებისკენ უბიძგებს, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებამ (სტრესმა, დეპრესიამ) შეიძლება, პირიქით, წაახალისოს მოწევა სხვებში.
COVID-19 პანდემიის ზეგავლენა თამბაქოს მოხმარებაზე საქართველოში
თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით, საქართველომ ბოლო წლებში არაერთი რადიკალური ცვლილება განახორციელა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით. 2018 წლიდან: ა) აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ბ) აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა; გ) თამბაქოს მწარმოებლებს შეეზღუდათ სპონსორობის უფლება. დამატებით, გაიზარდა სიგარეტის შეფუთვაზე თამბაქოს მოწევის მავნებლობის გამაფრთხილებელი ნიშნების ზომა და სავალდებულო გახდა შეფუთვაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გრაფიკული გამაფრთხილებელი ნიშნების დატანა.
პარალელურად, 2017 წლიდან ეტაპობრივად იზრდებოდა აქციზის გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადი შედგება ორი კომპონენტისგან: (1) სპეციფიკური (Sp), რომელიც წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას პროდუქტის ერთეულზე და (2) ადვალორული (Ad), რომელიც საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე ანგარიშდება. 1-ელ ცხრილში წარმოდგენილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ცვლილებების ქრონოლოგია (ლარში სპ-ისთვის და პროცენტებში ად-ისთვის) თამბაქოს ნაწარმის მიხედვით 2016 წლიდან დღემდე.
ცხრილი 1. აქციზის გადასახადის განაკვეთი თამბაქოს პროდუქციაზე
ნაწარმი | რაოდენობა | იანვარი | 2016 | იანვარი | 2017 | იანვარი | 2019 | ნოემბერი | 2019 |
Sp | Ad | Sp | Ad | Sp | Ad | Sp | Ad | ||
სიგარეტი (ფილტრიანი) | 20 ღერი | 1.1 | 10 | 1.7 | 10 | 1.7 | 10 | ||
სიგარეტი (უფილტრო) | 20 ღერი | 0.3 | 10 | 0.6 | 10 | 1.7 | 10 | 1.7 | 30 |
თუთუნი | 1 კგ | 25 | 35 | 60 |
წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
განხორციელებული საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებების ზეგავლენის ზუსტი განსაზღვრა თამბაქოს მოხმარებაზე რთულია სტატისტიკური მონაცემების სიმცირის გამო. მე-2 ცხრილში თავმოყრილია სხვადასხვა წყაროს სტატისტიკა საქართველოში მწეველთა რაოდენობის შესახებ, რომელიც გამოსახულია როგორც მწეველთა წილი მთლიან მოსახლეობაში. მოცემული ცხრილის მიხედვით, მოწევის გავრცელება საქართველოში კლებადი ტენდენციით ხასიათდება, რაც შესაძლოა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი იყოს. ეს ტენდენცია შენარჩუნდა პანდემიის პირობებშიც: 2020 წელს მწეველთა რაოდენობა წლიურად 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წელს დამატებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ცხრილი 2. მოწევის გავრცელება საქართველოში (%)
წყარო | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2020 | 2021 |
STEPS გამოკითხვა (WHO, 2017) | 31.0 | ... | ... | ... | ... | ... |
თამბაქოს ეროვნული კვლევა (NCDC, 2019) | ... | ... | ... | 30.7 | ... | ... |
ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერა (NCDC 2019) | ... | ... | ... | ... | 28.2 | ... |
თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარების კვლევა (NCDC 2020) | ... | ... | ... | ... | ... | 27.2 |
საქსტატის შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების გამოკვლევა (მჟავანაძე, 2021b) | 33.4 | 28.4 | 27.0 | 26.2 | ... | ... |
წყარო: საქსტატი; მჟავანაძე, 2021a; მჟავანაძე 2021b; NCDC 2019; NCDC 2020; WHO.
ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა გაცემული აქციზური მარკების შესახებ, რომლის გამოყენება შესაძლებელია გაყიდული ქარხნული სიგარეტების რაოდენობის დასადგენად, განსხვავებულ სურათს წარმოაჩენს. მართალია, 2016-2019 წლებში ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მოხმარება 465 მილიონი კოლოფიდან 216 მილიონ კოლოფამდე შემცირდა, თუმცა პანდემიის დროს მოხმარება კვლავ გაიზარდა და 2021 წელს 291 მილიონ კოლოფს მიაღწია.
პანდემიის დროს მოწევის გავრცელების შემცირება (იხ. ცხრილი 2) და ქარხნული სიგარეტების მოხმარების ზრდა (იხ. გრაფიკი 1) მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მწეველთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად გაიზარდა მწეველთა მიერ მოხმარებული სიგარეტების რაოდენობა. მე-2 გრაფიკი ასახავს მწეველების მიერ დღიურად მოხმარებული სიგარეტების საშუალო რაოდენობას. მოცემული გრაფიკის მიხედვით, იმ მწეველებს შორის, რომლებმაც პანდემიის პირობებში მოწევა გააგრძელეს, დღიურად მოხმარებული სიგარეტების რაოდენობა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 52.2%-ით გაიზარდა, თუმცა 2016-2018 წლების მაჩვენებელზე ნაკლები იყო.
დასკვნები და რეკომენდაციები
COVID-19 პანდემიის პერიოდში საქართველოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ასეთი შემცირების მიზეზი შესაძლოა იყოს მწეველების სურვილი, შეამცირონ ვირუსთან დაკავშირებული ჯამნრთელობის გაუარესების მაღალი რისკები მწეველებს შორის. ამავდროულად, პანდემიამდელ პერიოდში საქართველოში გატარდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც მოწევის შემცირებისკენ იყო მიმართული. ამიტომ 2020 და 2021 წლებში მწეველთა რაოდენობის შემცირების ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია.
პარალელურად, პანდემიის დროს გაიზარდა დღიურად მოხმარებული სიგარეტების საშუალო რაოდენობა, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან – გაზრდილ სტრესსა და დეპრესიასთან.
შესაბამისად, პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია პროაქტიული ზომების გატარება სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მოწევის შეწყვეტის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
---
კვლევა [PHDF-21-740] განხორციელდა <