პანელური დისკუსია: „საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები“ 2024 წლის 2 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სპონსორობითა და ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის (GEA) პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სტამბაში.
ღონისძიებაზე შეიკრიბა მაღალკვალიფიციური ეკონომისტების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების განსახილველად. პანელს უძღვებოდა თამარ სულუხია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
- ევა ბოჭორიშვილი, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინი, მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი
- დავით კეშელავა, წამყვანი ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი
- თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის ცენტრის „CEPS“-ის მკვლევარი
- შალვა მხატრიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი
მოდერატორის გახსნითი სიტყვა და შეკითხვები
ღონისძიება გახსნა თამარ სულუხიამ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური სირთულეების შესახებ საუბრით. მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, ისაუბრა ამ პრობლემების ინფორმირებული და სტრატეგიული დისკუსიების გზით გადაჭრის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელმაც 2023 წელი დაასრულა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით, მშპ-ის შთამბეჭდავი ზრდითა და სტაბილური ეკონომიკური მაჩვენებლებით, სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა: ქვეყანამ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებული პრიორიტეტისკენ სწრაფვაში და დააზიანა საკუთარი, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორის იმიჯი. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღების გარდა, რომელიც აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, იყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები, აგრეთვე, საეჭვო ქმედებები ეკონომიკური მმართველობის დარგში, რომლებიც უკავშირდება საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ეფექტიან მმართველობას და პარტნიორობის ზოგად ვექტორს, რომელიც დასავლეთისგან დაშორებით და სარისკო მიმართულებით სვლით ხასიათდება. საქართველოს დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები აშშ-სა და ევროკავშირში ოფიციალური პოლიტიკური განცხადებებით გამოეხმაურნენ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და გამოთქვეს შეშფოთება ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხის, აგრეთვე, საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მმართველობის შესახებ. გარდა პირდაპირი ოფიციალური შედეგებისა (როგორიც აშშ-ის სანქციებია), ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის მიმდინარე კურსი არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
მოდერატორმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორები განვითარების დარგში შეშფოთებული არიან, ინვესტორები კი – დაბნეული. სულუხიამ პანელის მონაწილეებს სთხოვა განეხილათ ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და ემსჯელათ იმ პრობლემებზე, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაზე. მან დასვა შეკითხვები: ამ კონტექსტში, როგორ მოქმედებს არსებული გაურკვევლობა ინვესტორებზე, პარტნიორებსა და ადგილობრივ აქტორებზე? როგორ აისახება ეს გაურკვევლობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე, განვითარების პრიორიტეტულ სფეროებზე, გარე ეკონომიკურ კავშირებზე და პროდუქტიულობის ზრდაზე? გარდა ამისა, როგორ შეიძლება ამ გაურკვევლობამ გავლენა იქონიოს საქართველოს რეპუტაციასა და სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალი არ არის და უცხოური კაპიტალის მოზიდვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?
ევა ბოჭორიშვილი გარე ეკონომიკური სტიმულების შესახებ
Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა, ქ-ნმა ევა ბოჭორიშვილმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება, ძირითადად, ემყარება გატარებული რეფორმებით განპირობებულ ზრდის ისტორიას, რასაც თან ერთვოდა ეფექტური მმართველობის ინდიკატორები და პროდუქტიულობის გაზრდილი მაჩვენებელი. ეკონომიკის განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი, განსაკუთრებით, განათლებასთან დაკავშირებულ დარგებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) იყო, განსაკუთრებით, დასავლეთის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ეკონომიკის გაძლიერება გამოიწვია ეკონომიკურმა დივერსიფიკაციამ, აგრეთვე, გარე ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციამ, რაც სხვადასხვა რეფორმით იყო განპირობებული.
მან განიხილა საქართველოს ეკონომიკური სექტორები და ხაზი გაუსვა, რომ ისეთი ახალი დარგების განვითარებამ, როგორიც ინფორმაციული ტექნოლოგიებია, ცხადყო სათანადო ბიზნესგარემოს შექმნის მნიშვნელობა. პანელის მონაწილემ ხაზი გაუსვა უცხოური კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელობასაც, აგრეთვე, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისა და ეფექტური მმართველობის მნიშვნელობას.
ქალბატონი ევას რეკომენდაციით, კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ქვეყანამ ციფრული ტრანსფორმაცია უნდა გამოიყენოს. მან ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესოპერაციების მოდერნიზაციისათვის საჭიროა რეფორმების გაგრძელება, რათა, შედეგად, საქართველო გახდეს მიმზიდველი გარემო უცხოური ინვესტიციებისათვის.
შალვა მხატრიშვილი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შესახებ
შემდეგი კითხვით მოდერატორმა შალვა მხატრიშვილს მიმართა: რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და რა უნდა გაკეთდეს შეჩერებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გასაგრძელებლად?
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, შალვა მხატრიშვილმა, მიმოიხილა მონეტარული პოლიტიკის პრინციპები და მათი გავლენა ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ინფლაციის მართვისა და გაცვლითი კურსის ცვალებადობის გამოწვევებთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულ პროაქტიკულ ზომებს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ინვესტორების ნდობის შესანარჩუნებლად და ფინანსური რეფორმებისა და რეგულირების გამჭვირვალობის მნიშვნელობას გარე ეკონომიკური შოკების მიმართ საქართველოს მდგრადობის გაზრდის მიზნით. ბ-ნმა მხატრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ გარემოში, სადაც პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ხარისხი მაღალია, ცენტრალურ ბანკს შეუძლია ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, სულ მცირე, პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებით. აღნიშნულის მიღწევა კი შესაძლებელია იმაში დარწმუნებით, რომ ბაზარს კარგად ესმის ცენტრალური ბანკის ე.წ. რეაქციის ფუნქცია – როდის და როგორ გამოიყენებს ცენტრალური ბანკი თავის ინსტრუმენტებს მომავალში განვითარებულ სხვადასხვა სცენარში. სპიკერმა ისიც აღნიშნა, თუ რამდენად აფასებენ ინვესტორები პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას და მაგალითად მოიყვანა გასული წლის ბოლოს საქართველოს სუვერენული რისკპრემიის შემცირება, როდესაც საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მან ისაუბრა სავალუტო ფონდის პროგრამის გარშემო არსებულ გაურკვევლობაზეც, რომელიც დროებით შეჩერდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო. პროგრამა შესაძლოა დასრულდეს მომავალ წელს და მიმდინარეობს მსჯელობა მის განახლებაზე ან ახალი პროგრამის დაწყებაზე.
მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინმა, წარმოადგინა გლობალური შეხედულება სტრუქტურული რეფორმების შესახებ, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარებისათვის.
პანელის მონაწილემ ხაზი გაუსვა საქართველოს არსებით ეკონომიკურ პროგრესს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რაც გამოწვეული იყო 2000-იანი წლების დასაწყისში დაწყებული რეფორმებით და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით. მიუხედავად ამისა, არსებული გამოწვევაა სიღარიბის შემცირების ტემპის შენელება ბოლო პერიოდში და პროდუქტიულობის სტაგნაციური მაჩვენებლები მშენებლობის სექტორის ფარგლებს გარეთ. პანელის მონაწილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმების დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას და გამოთქვა წუხილი, რომ ზოგიერთი დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმა ბოლო თვეების განმავლობაში შეჩერდა. მახ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოში განსახორციელებელი რეფორმების მთავარი საფუძვლის, მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტანდარტები ინფრასტრუქტურაში, მმართველობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სფეროში მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისათვის.
პანელის მონაწილემ ხაზი გაუსვა განათლებისა და უნარების განვითარების გადამწყვეტ როლს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის გაზრდისა და ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირების საკითხში. მან გამოთქვა მხარდაჭერა ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური ეკოსისტემების დარგში კომპლექსური რეფორმების გატარების საკითხში, რათა მოხდეს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის რეგიონული ცენტრის, პოტენციალის ათვისება.
ბოლოს მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალში მძლავრი ინკლუზიური და მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად, საქართველომ შეინარჩუნოს ჯანსაღი, პოლიტიკური ციკლებისგან იზოლირებული ეკონომიკური მმართველობა და გააუმჯობესოს კანონების აღსრულება.
დავით კეშელავა შიდა გამოწვევების შესახებ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დავით კეშელავამ, ხაზი გაუსვა ორ მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, მან გამოთქვა შეშფოთება ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე და ისაუბრა, რომ ცვლილებები ოფშორების შესახებ კანონში და საპენსიო კანონმდებლობაში შევიდა საჯარო კონსულტაციებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე. მისი აზრით, ამგვარი გაუმჭვირვალობა და ნაკლები ჩართულობა წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო მმართველობას და ეკონომიკურ სტაბილურობას.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ საკანონმდებლო ცვლილებების ისეთი მოკლევადიანი შედეგებისა, როგორიც საფონდო ბირჟისა და ვალუტის კურსის რყევებია, მათი პოტენციური გრძელვადიანი შედეგები უფრო შემაშფოთებელია. ბ-ნმა დავითმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს მმართველობის მონიტორინგისა და გაუმჯობესების პროცესში და გამოთქვა მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლის უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსტიტუტების დასუსტება და მომავალში ნაკლებად ინფორმირებული და საფუძვლიანი პოლიტიკის შემუშავება.
საერთო ჯამში, დავით კეშელავამ საკუთარ მოსაზრებებში ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესების მნიშვნელობას, აგრეთვე, საიმედო ინსტიტუციური ჩარჩოების მნიშვნელობას საქართველოში ეკონომიკური და მმართველობის სფეროს გაუმჯობესების საკითხში.
თინათინ ახვლედიანი ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების შესახებ
ქ-ნ თინათინ ახვლედიანს მოდერატორმა დაუსვა შემდეგი კითხვა: რა გავლენას ახდენს დღეს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივაზე?
ბრიუსელის წამყვან think-tank-ში მოღვაწე მკვლევარმა, თინათინ ახვლედიანმა,ა უფრო სიღრმისეული ევროპული პერსპექტივა შემოგვთავაზა საქართველოს ეკონომიკური გამოწვევების შესახებ. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ისაუბრა ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნების ეკონომიკური დაახლოების პროცესის ხელშეწყობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ გაწევრიანების შემდეგ გადადგმულ მნიშვნელოვან წარმატებულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შესაძლოა მსგავსი სარგებლის მომტანი იყოს საქართველოსათვის, რისთვისაც საჭიროა ინსტიტუციური რეფორმების გატარება, მართებული შიდა ეკონომიკური პოლიტიკა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა. მან ხაზგასმით თქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური შეთანხმებების პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული საქართველოს ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული პრობლემების გამო. მისი აზრით, იმისათვის, რომ საქართველომ სრულად მიიღოს სარგებელი ამგვარი შეთანხმებებისგან, საჭიროა მან გაზარდოს წარმოება და დაუახლოოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებს.
თინათინ ახვლედიანმა გამოხატა შეშფოთება არსებული გეოპოლიტიკური გარემოსა და მისი შედეგების შესახებ საქართველოსა და მის ეკონომიკურ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, უკრაინის ომმა, ხაზი გაუსვა სტაბილურობისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობას. მისი აზრით, ინვესტორები თავს არიდებენ გაურკვევლობას და მკაფიო და სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე, საქართველოს გაუჭირდება ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვა. სპიკერმა დასძინა, რომ საქართველოს დაშორებამ ევროკავშირისგან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მიერ იმ ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღებას, რომელიც საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად.
დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში თამარ სულუხიამ ხაზი გაუსვა, რომ მონაწილეთა დისკუსიის თანახმად, გამოიკვეთა ეკონომიკური განვითარების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი – დაუბრუნდება საქართველო სწრაფვას ევროკავშირისკენ თუ გადაიხრება რუსული ორბიტისაკენ.
მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების, ანალიტიკური ცენტრების და კვლევითი ინსტიტუტების გადამწყვეტ როლს ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ეფექტური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო სიღრმისეული ანალიზის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პირობებში, რათა საჯარო დისკუსიები ეყრდნობოდეს ფაქტობრივ ანალიზს და არამხოლოდ პოლიტიზირებულ რიტორიკას.
დასასრულ, მოდერატორმა მადლობა გადაუხადა პანელის მონაწილებს დამაფიქრებელი მოსაზრებების გამოთქმისათვის, აუდიტორიას კი – ჩართულობისათვის.
დასკვნა
დისკუსიის მონაწილეებმა წარმოადგინეს საქართველოს ეკონომიკური ლანდშაფტის ყოვლისმომცველი მიმოხილვა, სადაც ხაზი გაესვა როგორც გამოწვევებს, ისე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. სტრუქტურულ რეფორმებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და დემოგრაფიული ტენდენციების შესახებ დისკუსიებმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკური მომავლის ფორმირების განმაპირობებელი ფაქტორების კომპლექსურ ურთიერთკავშირს. ღონისძიება დასრულდა მოწოდებით დიალოგის გაგრძელების თაობაზე, აგრეთვე, გაიცა რეკომენდაცია ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.