2024 მთელი მსოფლიოსთვის ტურბულენტური წელი იყო. საქართველოც მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში, თუმცა არა რაიმე კარგი მიზეზით. პირიქით, ეს ყურადღება გამოიწვია მთავრობის მიერ სახიფათო გადახვევამ ევროკავშირის ტრაექტორიიდან და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროევროპელი მოსახლეობის ძლიერმა, უწყვეტმა მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში, რომელიც ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
ერთპარტიულ პარლამენტს, მთავრობასა და ახალ პრეზიდენტს არც დემოკრატიული ქვეყნები აღიარებენ და თანამშრომლობენ მათთან და არც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. დემოკრატიის უკუსვლის, ევროკავშირის წევრობის დღის წესრიგის შეჩერების და რუსული გავლენების გაძლიერების გამო მთავრობამ უარყოფითი გამოხმაურება მიიღო უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისაგან – ევროკავშირისა და აშშ-სგან. 2024 წლის ბოლოს მმართველი პარტიისა და მთავრობის ოფიციალურ პირებს საერთაშორისო ფინანსური და სამგზავრო სანქციები დაუწესეს ევროპის რიგმა ქვეყნებმა: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, დიდმა ბრიტანეთმა. მძიმე სანქციები დააწესა აშშ-მა, უკრაინამ და კანადამაც. ქვეყნის შიგნით, თუ მის საზღვრებს გარეთ, ხშირად ისმის, რომ საქართველო ე.წ. “ბელარუსიზაციის” გზას ადგას. ქვეყნის დემოკრატიული კურსის ერთგული ქართველები ამას ტკივილით იღებენ, რადგან ეს პერსპექტივა მიუღებელია არა მხოლოდ ისტორიულად და კონსტიტუციურად, არამედ საფრთხის წინაშე აყენებს ბევრ ისეთ მნიშვნელოვან მიღწევასაც, რასაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის შემდეგ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიაღწია და იზეიმა. მათ შორის ფუჭი აღმოჩნდება ინსტიტუტების მშენებლობის დღის წესრიგზე დახარჯული ყველა ის დიდი ძალისხმევა, რომელმაც მოიტანა ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები, რომელთაც შექმნეს საფუძველი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის (მძლავრი არგუმენტები წარმოდგენილია ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორების, დარონ აჯემოღლუსა და ჯეიმს ა. რობინსონის 2012 წლის ბესტსელერში "რატომ მარცხდებიან ერები: ძალაუფლების, კეთილდღეობისა და სიღარიბის საწყისები").
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა სახელმწიფოებრიობისა და საჯარო მმართველობის სხვადასხვა გზა და მოდელი აირჩიეს. ბელარუსი და ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა არასდროს შეუდგა დემოკრატიულ რეფორმების განხორციელებას და დასავლური ტიპის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნას. ეს მხოლოდ ერთი არსებითი მახასიათებელია, რაც საქართველოს ამ ქვეყნებისგან ფუნდამენტურად განსხვავებულს ხდის. ინკლუზიური დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს ფორმირებას, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, და წარმატებას არაერთ სფეროში.
მძიმე 90-იან წლებშიც კი, მათ შორის, შევარდნაძის ეპოქაშიც, როდესაც დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის რეფორმების განხორციელება კორუფციით იყო მძლავრად გაჯერებული, ქვეყანამ მაინც დაიწყო დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა. ეს ეხება როგორც საჯარო სექტორის ინსტიტუტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას - არასამთავრობო ინსტიტუტებს (NGO). 90-იან წლებში ინტენსიურად ჩნდებოდა დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური არასამთავრობო ინსტიტუტები და 2000 წლისთვის საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის მაჩვენებლით. სამოქალაქო საზოგადოება გამოირჩეოდა აქტიურობით, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, რეფორმებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების მეთვალყურეობის, ისე სოციალური უმცირესობებისა და სხვადასხვა მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების დაცვის აქტივიზმით. ამ პერიოდში გაჩნდა არაერთი კომპეტენტური (არაპარტიული) დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი/Think Tank, რომელთაც საკუთარი წვლილი შეჰქონდათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში. ქვეყანაში მოქმედებს დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური პლურალიზმი, რაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის თავისუფალი საქმიანობით გამოიხატება.
გარდა სამოქალაქო საზოგადოებისა, საქართველომ შეძლო და არაერთ სფეროში შექმნა დამოუკიდებელი (მარეგულირებელი) საჯარო ინსტიტუტები. ამის მაგალითებია საქართველოს ეროვნული ბანკი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიისთვის მთავარი გამოცდა იყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, როდესაც არჩევნების შედეგად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მართვა ქართულ ოცნებას გადააბარა.
საქართველოსგან განსხვავებით, ბელარუსმა არ შექმნა გარემო აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი საჯარო ორგანიზაციების ფორმირებისა და განვითარებისათვის. ავტოკრატიულ მმართველობას თავისი ბუნებიდან და იდეოლოგიიდან გამომდინარე, არ აქვს სტიმული საქმიანობისათვის ხელსაყრელი გარემო შეუქმნას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ან შექმნას დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვისთვის საჯარო პოლიტიკის ფარგლებში მიიღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. ამის ნაცვლად, ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები მეტად ექსტრაქციული ხასიათისაა, რომლებიც ფუნქციონირებენ ძირითადად მმართველი ელიტისთვის სარგებლის მიღებისათვის ცენტრალიზებული გადაწყვეტილების საფუძველზე და არა მოსახლეობის ინტერესების დაცვის მოტივით.
მაშინ, როცა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიამ ბოლო 2,5 ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო აქტიური და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობით და ხმით, 2024 წელს მიღებულ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (რომელიც საჯაროდ ცნობილია, როგორც "რუსული კანონი") შემოაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედია საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი და სახელმწიფოს აძლევს ინსტრუმენტებს, შერჩევითად მოექცეს ამ ინსტიტუტებს და სურვილისამებრ დააზიანოს მათი ეფექტური მუშაობისთვის საჭირო გარემო.
ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეისა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების როლიც, და შესაბამისად მათი დამოუკიდებლობაც. საქართველოს ცენტრალური ბანკი იგივე საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ახლანდელი ფორმით 1991 წელს დაარსდა. მის დამოუკიდებლობას მთავრობის ჩარევისგან კანონი იცავს. პრაქტიკაშიც, ეროვნული ბანკი ათწლეულების მანძილზე დამოუკიდებელი იყო, რითიც უზრუნველყოფდა ქვეყნის მაკრო-ფინანსურ სტაბილურობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდსა (IMF) და მსოფლიო ბანკთან ხანგრძლივი მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარა სებ-ს გამხდარიყო კომპეტენტური, დასავლური ტიპის ცენტრალური ბანკი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდატს, რასაც ბანკის მიერ მოპოვებული არაერთი საერთაშორისო აღიარებაც მოწმობს. მისი დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ დადგა 2023 წელს, როდესაც ბანკის მმართველობის სისტემაში შემოღებულ იქნა ცვლილებები, რომლებმაც გამოიწვია კრიზისი ბანკის მმართველობაში: სამმა კომპეტენტურმა ვიცე-პრეზიდენტმა და უფროსმა მრჩეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. ამან გამოიწვია IMF-ის რექციაც, რის შედეგადაც ფონდმა პროგრამის განახლება კიდევ უფრო გადადო და IMF პროგრამა დღემდე არ განახლებულა.
კიდევ ერთი მაგალითია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE), რომელიც თავდაპირველი ფორმით 2006 წელს დაარსდა, 2010 წელს კი ახალ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა მოქმედი ფორმით. NCEQE დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მიზნად ისახავს, განათლების სექტორის სტანდარტები და რეგულაციები სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ევროპულ და სხვა საუკეთესო საერთაშორისო სტანდატებთან. საქართველო 2008 წელს გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR) სამთავრობო წევრი და 2019 წელს სწორედ NCEQE-ს საქმიანობის შედეგად გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი. შემაშფოთებელია, რომ ENQA-ს 2023 წლის შეფასებამ გამოავლინა სახელმწიფო ჩარევა და გავლენა NCEQE-ის მმართველობასა და მის გადაწყვეტილებებზე, რაც ეწინააღმდეგება ქსელის პრინციპებს, და შედეგად, საქართველო EQAR-ის სიიდან ამოღებული იქნა. 2025 წელს საქართველო შეიძლება ENQA-დან გარიცხვის რისკის წინაშეც დადგეს, თუ ზემოხსენებული მიზეზები არ გამოსწორდა.
ეს არასასურველი და შემაშფოთებელი ინდივიდუალური ინსტიტუციური შემთხვევები ქმნის მეტად უაროფით ტენდენციას. საქართველოს ჰყავს ძლიერი, კომპეტენტური დამოუკიდებელი ინკლუზიური საჯარო თუ არასამთავრობო ინსტიტუტები. ამ ინსტიტუტებსა და მათში მომუშავე პროფესიონალებს წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა თუ ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგის შესრულებაში. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც საქართველოს ყველა მმართველმა პარტიამ დაუშვა, ის არის, რომ ქვეყანაში არ განხორციელდა სასამართლო რეფორმა და დღემდე არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ეს ყველაზე მწვავედ დღეს იგრძნობა, როცა სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან, ყველაზე მნიშვნელოვანია და უდიდეს განსხვავებას მოგვცემდა არსებული კრიზისის გადაჭრაში.
2023 წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუმცა მას ახლდა 9 დათქმა, რომელიც გაწერილი იყო ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების დოკუმენტში. არაა გასაკვირი, რომ ამ ნაბიჯებიდან რამდენიმე არაპირდაპირ ეხება დამოუკიდებელი და ინკლუზიური ინსტიტუტების როლს, ხოლო ორი მათგანი პირდაპირ მოუწოდებს ქვეყანას კონკრეტული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ. მაშინ როცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დღის წესრიგი კიდევ უფრო რელევანტური რჩება ნებისმიერ ვითარებაში.