სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“. შემოთავაზებული გეგმა გულისხმობს ორი სახის შეღავათებს ფერმერებისთვის: პირდაპირ დახმარებასა და სექტორულ მხარდაჭერას. 1-ელ ცხრილში შეჯამებულია ყველა ის კომპონენტი, რომელსაც მოცემული გეგმა მოიცავს.
ცხრილი 1. მხარდამჭერი ღონისძიებები
პირდაპირი დახმარება | სექტორული მხარდაჭერა |
|
|
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2020 წ.
ანტიკრიზისული გეგმის უპირატესობები და ნაკლოვანებები
შემოთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმას აქვს შემდეგი უპირატესობები:
1. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა: ბოლოდროინდელმა კრიზისმა ცხადჰყო ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვინაიდან თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი უმეტესობა პროდუქტების შემთხვევაში დაბალია, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ისეთი დარგების გამოვლენაზე, რომლებსაც იმპორტის ჩანაცვლების მაღალი პოტენციალი აქვთ.
2. სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის გათვალისწინება სახელმწიფო პროგრამებში: მიწის არასრული რეგისტრაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურებისა და გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, დღესდღეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი კვლავ დაურეგისტრირებელია. ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი პროგრამებითა და დახმარებებით მხოლოდ იმ ფერმერებს შეუძლიათ სარგებლობა, რომელთა საკუთრებაშიც არის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ცხადია, მოკლევადიან პერიოდში, ამ შეზღუდვამ შეიძლება პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამციროს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია აუცილებელია მიწის ბაზრის ჩამოყალიბებისა და გამართულად ფუნქციონირებისთვის.
3. არსებულ პროგრამებში პოზიტიური ცვლილებები: ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის პროექტები. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას დაემატა მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის საბრუნავ საშუალებებზე გაცემულ სესხებზე მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, რამაც უნდა წაახალისოს დარგი. რაც შეეხება აგროდაზღვევას, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, აგროდაზღვევის პრაქტიკის ჩამოყალიბება და დამოუკიდებლად, სუბსიდიების გარეშე ფუნქციონირება საკმაოდ დიდ დროსა და მოსახლეობაში სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რასაც გარკვეული ფინანსური განათლების დონეც სჭირდება. ვინაიდან ამ ეტაპზე სადაზღვევო კულტურა მოსახლეობაში ჩამოყალიბებული არ არის, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო მხარს უჭერდეს ამ ინიციატივას და ინარჩუნებდეს გრძელვადიან ხედვას.
ანტიკრიზისული გეგმის ზემოთმოყვანილ უპირატესობებთან ერთად, აღსანიშნავია გეგმის ეფექტიანობასთან დაკავშირებული რისკებიც. კერძოდ:
1. აგრო ბარათების მეშვეობით მცირემიწიანი ფერმერების დახმარება: მსგავსი პროგრამა სახელმწიფომ 2013-2015 წლებშიც განახორციელა. მას საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, რადგან პროგრამას არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შედეგი სოფლის მეურნეობაში წარმოების გაზრდის მხრივ. პროგრამა განხორციელდა რიგი ხარვეზებით, რომელთა უმეტესობა დაკავშირებული იყო ბარათების არამიზნობრივ გამოყენებასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამჯერად შემოთავაზებულმა პროგრამამ გაითვალისწინოს ადრინდელი პროგრამის ნაკლოვანებები. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფერმერთა ნაწილმა უკვე შეიძინა აგროსამეწარმეო საშუალებები, აგრო ბარათებისგან მიღებული სარგებელი შეიძლება საბოლოო ჯამში არც ისე მაღალი იყოს.
2. იაფი დიზელის პროგრამის რელევანტურობა: ფერმერებისთვის აგროსამეწარმეო საშუალებებზე დანახარჯის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა მსოფლიოში საწვავის ფასების შემცირების გათვალისწინებით, ამ პროგრამაზე გაწეული დანახარჯების სხვა მიმართულებით გამოყენებას შესაძლოა უფრო მეტი სარგებელი მოეტანა სექტორისთვის.
3. რიგი პროგრამების დახვეწის საჭიროება: მიუხედავად მოდიფიცირებული პირობებისა, აგროდაზღვევა არ ფარავს საგაზაფხულო ყინვას, რაც, კვლევების თანახმად, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს ფერმერებისთვის. აგროდაზღვევა არ ვრცელდება მეცხოველეობის სექტორზეც, სადაც, მაგალითისთვის, 2018 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დანაკარგი 55 800-ს შეადგენდა. ღორების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 76 100 გახლდათ, ხოლო ცხვრებისა და თხების შემთხვევაში – 96 200 (საქსტატი, 2020 წ.).
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შეჯამება
მთლიანობაში ანტიკრიზისულ გეგმაში დაგეგმილი მექანიზმები უმეტესწილად ძველი პროგრამების გაგრძელებაა და მიმართულია დარგში არსებული ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრისკენ. ამ ეტაპზე გეგმა ნაკლებად ითვალისწინებს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც პანდემიამ შეუქმნა ფერმერებს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა წარმოებული პროდუქტების ლოგისტიკა და დისტრიბუცია და გამოიწვია გარკვეული შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესების 55%-ს შეექმნა პრობლემა პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია HoReCa (სტუმართმასპინძლობის სექტორი: hotels, restaurants and cafés) სექტორზე და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას სწორედ განთავსებისა და კვების დაწესებულებებში ახდენენ. გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესების 60%-მა განაცხადა, რომ მათ ვერ შეძლეს პროდუქტების გაყიდვა, რადგან პანდემიის შედეგად გამოწვეული შეზღუდვების გამო დაიხურა სასტუმროები, რესტორნები და კაფეები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ლოგისტიკური საკითხების მოგვარება და დისტრიბუციის ახალი არხების განვითარება, რაც ანტიკრიზისულ გეგმაში არ არის გათვალისწინებული.
ამასთანავე, მიწოდების ჯაჭვში არსებულმა შეფერხებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა სამაცივრო და სასაწყობო მეურნეობების საჭიროება. გასული თვის განმავლობაში, ფერმერებს, რომლებმაც ვერ მოახდინეს წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია, გაუფუჭდათ მიღებული მოსავალი. მსგავსი ტიპის შესანახი მოწყობილობის არსებობა ფერმერებს პროდუქტის დროებით შენახვის საშუალებას მისცემდა.
ანტიკრიზისული გეგმა კომერციალიზაციის დაბალი დონის მქონე, მცირემიწიანი შინამეურნეობების (მაგ. 0.25 ჰა) მასობრივ სუბსიდირებას ითვალისწინებს, რაც თავისი არსით უფრო სოციალური პროგრამაა, ვიდრე დარგის ეკონომიკური რენტაბელურობის გარანტი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დარგში გაზრდილ სახელმწიფო ხარჯებს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა დარგში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტზე (დიაგრამა 1).
დიაგრამა 1. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი და დანახარჯები სოფლის მეურნეობაზე (2010 წლის ფასებში)
დარგში მაღალი შედეგების მისაღწევად აუცილებელია კომერციული ფერმერული მეურნეობების გამოყოფა იმ შინამეურნეობებისგან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. ამ ორ ჯგუფს, განსხვავებული საჭირობებიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მასობრივი სუბსიდირება კი დარგში სტრუქტურულ ცვლილებასა და კონკურენციას ანელებს და არასწორ სტიმულებს ქმნის.