შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება საქართველოში 2030 წელს. როგორ გამოიყურება გეგმა?
ორშაბათი, 15 ნოემბერი, 2021

ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ათწლიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობდა. 2021 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიული მიზნები გააცნო.

გეგმაში ჩამოთვლილია ყველა ის სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი მიზანი, რომლის მიღწევაც 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. ესენია:

  • 7 მლრდ. ლარის სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში;
  • 1.7 მლრდ. ლარის ინვესტიცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის 3 მლრდ. დოლარამდე გაზრდა, ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 1 მლრდ. დოლარამდე გაზრდა;
  • ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ნათესი ფართობის 500 ათას ჰა-მდე გაზრდა, ხოლო წარმოების – 3.7 მლნ. ტონამდე; მათ შორის 600 ათასი ტონა ყურძნის წარმოება;
  • 124 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია თანადაფინანსების სახით 500 ჰა-ზე სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად;
  • 50 ათასი ჰა-ზე ხეხილის ბაღების და 15 ათას ჰა-ზე ვენახების გაშენება 340 მლნ. ლარის თანადაფინანსების მეშვეობით;
  • 400-მდე თანამედროვე მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმის განვითარება 560 მლნ. ლარის ჯამური ინვესტიციით;
  • 227 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა და სამელიორაციო სისტემის თითქმის სრულად აღდგენა, რაშიც 1 მლრდ. ლარი დაიხარჯება;
  • საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად;
  • დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდა 1 მლნ. ჰა-მდე (ქვეყნის ტერიტორიის 17%).

გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდას სიღარიბის დასაძლევად და რეგიონული განვითარების უზრუნველსაყოფად.

მიღწევადია თუ არა ეს მიზნები?

იმის შესაფასებლად, არის თუ არა აღნიშნული მიზნები მიღწევადი, საშუალო ზრდის ტემპები დავითვალეთ იმ ინდიკატორებისთვის, რომლებზეც სანდო მონაცემები იყო ხელმისაწვდომი. მოცემული ინდიკატორების საშუალო წლიური ზრდის ტემპები დათვლილია ბოლო 10-11 წლის განმავლობაში, გარდა მრავალწლოვანი კულტურებისა, რომელთა შესახებ მონაცემები მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

1-ლი ცხრილი აჯამებს საშუალო წლიურ ზრდის ტემპებს, ზრდის ტემპზე დაფუძნებულ პროგნოზებს და გამოცხადებულ მიზნებს 2030 წლისთვის. პროგნოზირებული მნიშვნელობებისა და გამოცხადებული მიზნების შედარება საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ ამ მიზნების მიღწევის პოტენციალზე.

ცხრილი 1. საშუალო ზრდის ტემპები, პროგნოზირებული მნიშვნელობები და გამოცხადებული მიზნები შერჩეული ინდიკატორებისთვის 2030 წლისთვის.

ინდიკატორები საშუალო წლიური ზრდის ტემპი პროგნოზირებული მაჩვენებლი ზრდის ტემპიდან გამომდინარე გამოცხადებული მიზანი
აგრო ექსპორტი 8.9% 2.2 მლრდ. აშშ დოლარი 3 მლრდ. აშშ დოლარი
ღვინის ექსპორტი 16.3% 951 მლნ. აშშ დოლარი 1 მლრდ. აშშ დოლარი
მრავალწლოვანი კულტურების ფართობი 3.0% 176 ათასი ჰა 500 ათასი ჰა
ერთწლოვანი კულტურების ფართობი -2.4% 166 ათასი ჰა 500 ათასი ჰა
წყალუზრუნველყოფილი ფართობი 14.6% 525 ათასი ჰა 227 ათასი ჰა
მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 4.6% 944 ათასი ტონა 3.7 მლნ. ტონა
ერთწლოვანი კულტურების წარმოება -0.6% 882 ათასი ტონა 3.7 მლნ. ტონა
დაცული ტერიტორიების ფართობი 4.6% 1.2 მლნ. ჰა 1 მლნ. ჰა

წყარო: ავტორების გამოთვლები

მიმდინარე საშუალო წლიური ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ზოგიერთი მიზანი, სავარაუდოდ, ადვილად მიიღწევა 2030 წლისთვის. ასეთი შეიძლება იყოს წყალუზრუნველყოფილ და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში წყალუზრუნველყოფილი ფართობი საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა და გამოცხადებული სამიზნე 227 ათასი ჰა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იქნებოდა (525 ათასი ჰა), თუ არსებული ზრდის ტემპი შენარჩუნდებოდა. ამრიგად, ეს მიზანი მიღწევადია. წყალუზრუნველყოფილი და მელიორირებული ტერიტორიების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ უფრო ადვილად მისადგომ ფართობებზე, როგორც წესი, სამელიორაციო სამუშაოები ტარდება პროექტების დასაწყისში, ხოლო შემდგომში მელიორაციის ტემპი ეცემა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მომავალ წლებში წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდის ტემპი შემცირდეს ან ამ მიმართულებით დასახული მიზნობრივი მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყოს. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, ამჟამინდელი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, 2030 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი 1.2 მლნ ჰა-ს მიაღწევს, 1 მლნ. ჰა-ს ნაცვლად.

დანარჩენი ინდიკატორების შემთხვევაში გამოცხადებული მიზნები შესაძლოა 2030 წლისთვის მიუღწეველი იყოს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპზე დაფუძნებული პროგნოზი 2.2 მლრდ. აშშ დოლარია, დაგეგმილი 3 მლრდ. აშშ დოლარის ნაცვლად. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზეც, თუმცა გამოცხადებული სამიზნე 1 მლრდ. აშშ დოლარი ძალიან ახლოს არის პროგნოზირებულ 951 მლნ. აშშ დოლართან. ყველაზე დიდი შეუსაბამობა ზრდის ტემპზე დაფუძნებულ პროგნოზებსა და გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს შორის ვლინდება მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში, როგორც ფართობის, ისე წარმოების თვალსაზრისით. ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობისა და წარმოების უარყოფითი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, თუ კლების ტენდენცია არ შეიცვლება, გამოცხადებული მიზნები, სავარაუდოდ, არ იქნება მიღწეული. იგივე ეხება მრავალწლოვან კულტურებს, რომელთაც აქვთ დადებითი, მაგრამ საკმაოდ მცირე საშუალო ზრდის ტემპი.

მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატორების უმეტესობას რიცხვებში გამოხატული მიზნები აქვს, ინდიკატორი „დაბინძურების შემცირება ევროპული ტექნოლოგიების დახმარებით“ არ არის რაოდენობრივად განსაზღვრული. აუცილებელია, გეგმაში წარმოდგენილ ყველა ინდიკატორს მიენიჭოს სამიზნე მნიშვნელობა, რათა მომავალში შესაძლებელი იყოს მიზნის პროგრესის შეფასება.

სტრატეგიის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ცალკე უნდა აღინიშნოს, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას უკავშირდება, რადგან ეს მიმართულება ჯერ კიდევ განუვითარებელია და განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა მცირე ფერმერებისთვის ერთმანეთისგან შორს მდებარე, დანაწევრებული მიწის ნაკვეთების გამო. სასოფლო-სამეურნეო სეზონის დროს ტექნიკის დროულ ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდაში, რადგან დამტკიცებულია, რომ მექანიზაცია დიდ გავლენას ახდენს მეურნეობაში შრომის მიწოდებასა და მოთხოვნაზე და სოფლის მეურნეობის მომგებიანობაზე. მექანიზაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს პროდუქტიულობისა და დამუშავებული მიწის ფართობის გაზრდაში და ბიძგს აძლევს ინდუსტრიალიზაციას, რაც, საბოლოო ჯამში, ფერმერების შემოსავლების გაზრდას იწვევს. 2009 წელს მექანიზაციის ცენტრების შექმნას არ მოჰყოლია რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღნიშნულ სექტორში, რადგან ტექნიკის მიწოდება არ აკმაყოფილებდა მოთხოვნას, არსებული ტექნიკა არ იყო შესაფერისი მცირე მიწის ნაკვეთებზე გამოსაყენებლად, იყო შეფერხებები მანქანების შეკეთებაში და სხვა გამოწვევები. საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მექანიზაციის ახალი პროგრამა, თუმცა ბენეფიციართა მცირე რაოდენობამ მიიღო სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მანქანების შესაძენად, რადგან ბენეფიციარები შეირჩნენ რიგითობით (პრინციპი „first come, first serve“) და ბევრმა შეიძინა ძვირადღირებული მანქანა, რომელიც საჭიროებდა მაღალ თანადაფინანსებას. შედეგად, ბენეფიციართა მცირე რაოდენობამ მიიღო შედარებით დიდი ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან.

სასათბურე მეურნეობების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ამჟამად ძალიან შეზღუდულ და თითქმის არარსებულ არასეზონურ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. როგორც ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, სურსათის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ზამთარში, იწვევს სურსათის ფასების ცვალებადობას. გეგმა არ შეიცავს დეტალებს სათბურებში საწარმოებლად დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახეობების შესახებ და, მართალია, სასათბურე წარმოებას შეუძლია შეამციროს დამოკიდებულება იმპორტზე, საჭიროა შეფასდეს სასათბურე წარმოების ხარჯების ეფექტურობა, რათა სასათბურე წარმოებამ ხელი შეუწყოს სურსათის ფასების შემცირებას და სურსათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მეცხოველეობის დარგში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების მხარდაჭერამ შეიძლება გააუმჯობესოს ვითარება სექტორში, ეს არ არის ადვილი ამოცანა სექტორში არსებული გამოწვევების სირთულის გათვალისწინებით. ეს გამოწვევებია: შეზღუდული ხელმისაწვდომობა ნედლეულზე (მაგ. ცხოველთა საკვებზე, ვეტერინარებსა და სხვა ადამიანურ რესურსზე), სურსათის უვნებლობის დაბალი დონე და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სექტორში სისტემური (სტრუქტურული) გამოწვევების დაძლევაზე მუშაობა ადგილობრივ თემებსა და დონორ ორგანიზაციებთან ერთად.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მიმდინარე ზრდის ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში გეგმაში მოცემული მიზნების უმეტესობის მიღწევა 2030 წლისთვის რთული იქნება. ზოგიერთი ინდიკატორი მოითხოვს რაოდენობრივი მიზნის განსაზღვრას და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ნომინალური, არამედ რეალური მნიშვნელობებიც, რადგან ინდიკატორების ნომინალური ზრდა ხშირად ინფლაციითაა გამოწვეულია და შეიძლება არ ასახავდეს რეალურ ზრდას.

შემდგომი ნაბიჯები

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა გულისხმობს სოფლის მეურნეობის სექტორში მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულების მხარდაჭერას, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ კონკრეტულ სექტორებზე ფოკუსირება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი კერძო ინტერესების გააქტიურება, რომლებიც ლობირებენ კონკრეტულ სექტორებს ან თავიანთ ბიზნესს, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს სახელმწიფო დაფინანსნება. ეს კი გამოიწვევს სახელმწიფო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას. აქედან გამომდინარე, მხარდაჭერის პროგრამები მიმართული უნდა იყოს ისეთი სისტემური ან სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრაზე, რომლებიც ხელს უშლიან ყველა მწარმოებელს ან მწარმოებელთა უმეტესობას პროდუქტიულობის გაზრდაში. ასეთი გამოწვევების მაგალითებია ფერმერებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა, მიწის ფრაგმენტაციის მაღალი დონე, მიწის ნაკვეთების მცირე ზომა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ არასათანადო ცოდნა. ამ გამოწვევებზე ფოკუსირება მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორის უფრო მაღალ მდგრადობასა და სახელმწიფო პროგრამებზე დამოკიდებულების შემცირებას განაპირობებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების შუალედური შეფასებების ჩატარება, რათა შეფასდეს პროგრესი მიზნებთან მიმართებაში და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ინტერვენციების მოდიფიკაცია.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა