საქართველოს შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველზე უცნაური მახასიათებელი ე.წ. „კვალიფიკაციის შეუსაბამობაა“. კვალიფიკაციის შეუსაბამობა გულისხმობს მოცემულობას, სადაც სამუშაო ძალის კვალიფიკაციის სფერო არ შეესაბამება მოთხოვნას. უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, აპლიკანტების ნაკლებობის გამო, მრავალი პოზიცია ვაკანტური რჩება.
შეუსაბამობის არსებობას მრავალი მაგალითი ამტკიცებს. რამდენმე კვირის წინ, ISET-ში ვიზიტისას, მსოფლიო ბანკის დელეგაციამ ისაუბრა ქართველ მეწარმეებთან შეხვედრის შესახებ. სამშენებლო სექტორის წარმომადგენელ რამდენიმე მეწარმეს შემდუღებლები თურქეთიდან ჩამოჰყავს და მათ წარმოუდგენლად მაღალ ხელფასს (თურქეთში ხელფასის დონეს დამატებული კომპენსაცია საზღვარგარეთ მუშაობისათვის) უხდიან. ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ბაზარზე ადგილობრივი შემდუღებლების ნაკლებობაა.
რთულია ჩაწვდე ახალგაზრდა ქართველების კარიერის არჩევის პროცესს. ბევრი მათგანი ირჩევს ისეთ სპეციალობებს, როგორიცაა სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და მენეჯმენტი; ეს ის სპეციალობებია, რომლებიც შრომის ბაზარზე კარგად არ იყიდება. მეორე მხრივ, დამსაქმებლები ითხოვენ მათემატიკის ცოდნას. ეს ერთადერთი სპეციალობაა, რომელშიც ქართულ უნივერსიტეტებს შეუძლიათ კონკურენცია გაწიონ საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ამისა, ქართველი ახალგაზრდობა სათანადოდ არ აფასებს მათემატიკას (იხილეთ, გივი მელქაძის ბლოგი „მათემატიკური განათლება – 21-ე საუკუნის ეკონომიკური ზრდის ძრავა“, ISET Economist Blog) და ამ მიმართულების განათლებაზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია. ასევე, გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სურთ საქართველოში წარმოების გაფართოვება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, ინჟინრების ნაკლებობის გამო.
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ შრომის ბაზარზე მართლაც არსებობს კვალიფიკაციის შეუსაბამობა. ამას მოწმობს, მაგალითად, „საქართველო – კვალიფიკაციის შეუსაბამობა და შრომის ბაზრის გამოწვევები“ (მსოფლიო ბანკის ანგარიში No. 72824-GE, 2013) და სხვა, მათ შორის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, კვლევები.
სიამაყე და ინფორმაცია
არსებობს აღწერილი შეუსაბამობის რამდენიმე ახსნა. მაგალითად, ქართველების შინაგანი ანტიპათია აქვთ ისეთი სამუშაოს შესრულების მიმართ, რომელიც მათ „სტანდარტზე დაბალია“. ბევრ ქართველ ახალგაზრდას სურს მენეჯერობა, ან იურისტობა და არა შემდუღებლობა. კარგი ანაზღაურების მქონე შემდუღებლის პოზიციასთან შედარებით, უმუშევარ მენეჯერობაზე უპირატესობის მინიჭების ფენომენი იშვიათად გვხვდება სხვა ქვეყნებში, თუმცა, ზოგადად, კვალიფიკაციის შეუსაბამობა ყველგან არსებობს (იხ. Ghignoni და Verashchagina (2014): “კვალიფიკაციის შეუსაბამობა ევროპაში. რა იწვევს მას - მოთხოვნა თუ მიწოდება?“, Journal of Comparative Economics, ან McGuinness და Sloane (2011): “სამუშაო ძალის შეუსაბამობა გაერთიანებულ სამეფოში: REFLEX მონაცემების ანალიზი“, Economics of Education Review 30, გვ. 139-145). ეს დამოკიდებულება დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისათვის და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, დაკავშირებულია მის ისტორიასთან. ქართველი გლეხებისათვის „საპატიო“ საქმის კეთება ფეოდალების მიერ ეკონომიკური თავხედობის მოგერიების გზა იყო.
კვალიფიკაციის შეუსაბამობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. სამუშაოს მაძიებლებმა არ იციან, რომელი სპეციალობაა მოთხოვნადი. ამ პრობლემას აუარესებს ის, რომ სპეციალობას ირჩევენ ახალგაზრდობაში, რასაც მოსდევს მოუმწიფებელი გადაწყვეტილებები და „ბრბოს“ ქცევა („გააკეთო ის, რასაც შენი კლასელები აკეთებენ“). უფრო მეტიც, ხშირად, საქართველოში, კარიერის არჩევის პროცესში მონაწილეობას იღებს მთელი ოჯახი, ბებია-ბაბუების, მშობლების და ბიძების ჩათვლით. ბევრი მათგანის რჩევა ეყრდნობა მათ კომუნისტურ და პოსტ-კომუნისტურ გამოცდილებას, რაც ხშირ შემთხვევაში რელევანტური არაა თანამედროეობისათვის. ISET-ში ხშირად ვფიქრობთ ამ პრობლემაზე და ქართველების მიერ სპეციალობის არჩევის თავისებურებებს განვიხილავთ ჩვენს ბლოგებში. მაგალითად, ნინო აბაშიძის „განათლება, რომელიც უნდა დაფასდეს“, გიორგი მელქაძის „რატომ ირჩევს საზოგადოება მიიღოს უმაღლესი განათლება“ და ერიკ ლივნის „განათლების გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ“ (განთავსებული ISET Economist Blog-ზე).
ინოვაციური პასუხი
თუ საზოგადოებამ არ იცის, რა ისწავლოს იმისთვის, რომ იყოს ეკონომიკურად წარმატებული, პირდაპირი გამოსავალია, ხალხისთვის ამ სფეროების დასახელება. ეს პროცესი უმუშევართა ჯგუფებით უნდა დაიწყოს. საქართველოს სოციალური სერვისის სააგენტო (SSA) აგროვებს ინფორმაციას სამუშაოთა მაძიებლების შესახებ (ვებ-გერდის worknet.ge საშუალებით) და სთავაზობს მათ პროფესიულ ტრენინგებს. ტრენინგების გაუმჯობესების მიზნით, SSA, მსოფლიო ბანკი და ISET გეგმავენ „სარეკომენდაციო სისტემა“ შემუშავებას, რომელიც უმუშევრებს უზრუნველყოფს ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რომელ სფეროში უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია დასაქმების შანსების მაქსიმალურად გასაზრდელად.
სხვა ქვეყნების მიდგომებთან შედარებით, ჩვენი მიდგომა ინოვაციურია სულ მცირე ორი ასპექტით.
პირველი: სამუშაოს მაძიებლისათვის რეკომენდაციის მიცემის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ დამსაქმებლის სურვილები. თუ არავინ გაითვალისწინებს სამუშაოს მაძიებლის სურვილებს, მან შეიძლება პროფესიული ტრენინგის პროგრამაში არც კი მიიღოს მონაწილეობა. და მაშინაც კი, თუ უმუშევრებს აქვთ სტმული დაესწრონ ტრენინგებს, მაგალითად როგორც ეს ხდება გერმანიაში, სადაც ტრენინგის პროგრამაში მონაწილეობაზე უარის გამო უმუშევრებს უმცირდებათ უმუშევრობის დაზღვევა, მოსალოდნელია, რომ ტრენინგში იძულებითი მონაწილეობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება. პრობლემა არის ის რომ, კვლევები სწავლობენ, თუ რა კვალიფიკაციას ითხოვს სამუშაო ბაზარი და ყურადღების მიღმა რჩებათ ადამიანების ინტერესები (იხ., მაგალითად, Lettmayr და Nehls (2012): “უნარჩვევების მოწიდება და მოთხოვნა ევროპაში: მეთოდოლოგიური სტრუქტურა”, CEDEFOP Working Paper No. 25 ან Shah (2010): “მოთხოვნა კვალიფიკაციაზე და ავსტრალიის მომავალი სამუშაო ბაზარი 2010-დან 2025 წლამდე”, Center for the Economics of Education and Training Working Paper, მონაშის უნივერსიტეტი).
მეორე, ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ თანავედროვე ეკონომეტრიკა რეკომენდაციების შეთავაზებისას და არ დავეყრდნოთ მხოლოდ „ინფორმირებულ ვარაუდს“. უმუშევართა შესახებ არსებული ცნობებით და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევძლებთ ვუპასუხოთ კითხვას: “თუ სამუშაოს მაძიებელი ტრენინგს გაივლის X-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ტრენინგის შემდეგ, რამდენი თვის განმავლობაში იქნება ის უმუშევარი?” აქ X შეძლება იყოს ნებისმიერი სპეციალობა, შეთავაზებული პროფესიული განათლების სისტემის მიერ, მაგალითად, შედუღება, მექანიკა, საბუღალტრო აღრიცხვა, IT სპეციალობა.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაცია მოიცავს სამუშაოს მაძიებლის პირად მახასიათებლებს (როგორიცაა ასაკი, სქესი, უპირატესობები, უნარ-ჩვევები და სხვა ინფორმაცია რისი მიღებაც შეიძლება ვებ-გვერდიდან worknet.ge) და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმდინარე და მოსალოდენელი მდგომარეობა. სხვადასხვა კვალიფიკაციის ეკონომიკურ მომგებიანობის შესაფასებლად, გამოვიყენებთ 45 სექტორის დღგ-ის მონაცემს. ჩვენ შეგვეძლება გავაკეთოთ პროგნოზი ISET-ის ბიზნეს ნდობის ინდექსის მსგავსად 5 სექტორისათვის.
რეკომენდაცია, რომელსაც შევთვაზებთ სამუშაოს მაძიებელს იქნება: “თუ ვინმე თქვენი მონაცემებით აირჩევდა X სპეციალობას, მოცემული ეკონომიკური სიტუაციის პირობებში, მოსალოდენელია, რომ მისი უმუშევრად ყოფნის თვეები მაქსიმალურად შემცირდება (ან მიიღებს მაღალ ხელფასს)“. სავარაუდოა, რომ მსგავს რეკომენდაციას მიიღებს და გაითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც სურს გაზარდოს სამსახურის პოვნის შანსი (ან ხელფასი), იმ შემთხვევაში, თუ სისტემა სანდო და მაქსიმალურად გამჭვირვალეა.
ამ გეგმის განხორცელება ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ გამოიყენებს პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციურ, ამჯერად ეკონომიკურ, მეთოდის. ეს ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი რეფორმატორის რეპუტაციას ეხმიანება. რამდენად ეფექტური იქნება უმუშევრობის პრობლემის ჩვენეული გადაწყვეტა, მომავლის საკითხია, მაგრამ პრობლემის აქტუალობის პირობებში საჭიროა, ვიფიქროთ არასტანდარტულად და მივმართოთ გაბედულ რეფორმებს.