ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი გახდა. პანდემიამ და მისმა თანმხლებმა ცვლილებებმა (მაგალითად, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ) ადამიანების ცხოვრების არაერთ ასპექტზე, მათ შორის შრომის ბაზარზე ჩართულობასა და ქცევაზე, იმოქმედა. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. კრიზისის უპრეცედენტო ხასიათმა ქვეყნის ისედაც არასტაბილური შრომის ბაზრისათვის უპრეცედენტო შედეგები გამოიღო. 2020 წელს უმუშევრობის დონე, რომელიც აქამდე სტაბილურად კლებულობდა, 0.9%-ით გაიზარდა. მეტიც, სამუშაო ძალის ჩართულობის დონე გაუარესდა და 51.8%-დან 50.5%-მდე დავიდა, რადგანაც სამუშაო ძალა 49 ათას ადამიანზე მეტით შემცირდა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მდედრობითი სქესის ჩართულობა 48 ათასით შემცირდა, რაც მთლიანი ცვლილების 98%-ს შეადგენს. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს კრიზისის არათანაბარი ზეგავლენის ერთ-ერთ ასპექტს გენდერული თვალსაზრისით. COVID-19-ით გამოწვეული შრომის ბაზრის ცვლილებების სხვა ასპექტების უკეთ გასაგებად ჩვენ შევაფასეთ 2020 წლის ბოლო სამი კვარტალი და შევადარეთ ის 2019 წლის იმავე პერიოდს. ანალიზის შედეგად დავადგინეთ შემდეგი:
1. ადამიანთა წილი, რომლებიც, ჩვეულებრივ, სახლიდან მუშაობდნენ, 5.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა; აღნიშნული ცვლილება დიდწილად ქალებსა და კვალიფიციურ მუშაკებზე მოდის.
ჯანმრთელობის პირველივე საშიშროების დაფიქსირებიდან საქართველოს მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო შემზღუდველი, პრევენციული ღონისძიებების დაწესება: კომენდანტის საათი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, სკოლებისა და სამუშაო ადგილების დახურვა და სახელმწიფო ლოქდაუნი, რომლის სიმკაცრის ინდექსის პიკი 2020 წლის აპრილში დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, აღნიშნულმა ღონისძიებებმა სამუშაო გრაფიკების ცვლილებაც გამოიწვია, რადგან ბევრი სამსახური მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. შედეგად, მონაცემებმა აჩვენა, რომ დაქირავებით მომუშავე პირების წილი, რომლებიც, ჩვეულებრივ, სახლიდან მუშაობდნენ, 2019 წლის 1%-დან 2020 წელს 6.9%-მდე გაიზარდა. იმისათვის, რომ აღნიშნული ციფრები კონტექსტიდან ამოვარდნილი არ ჩანდეს, Eurostat-ის მიხედვით, ევროკავშირში დაქირავებით მომუშავე პირების წილი, რომლებიც, ჩვეულებრივ, სახლიდან მუშაობს, 2019 წლის 3.2%-დან 2020 წელს 10.8%-მდე გაიზარდა (შენიშვნა: ევროკავშირის მონაცემები მოცემული წლების ოთხივე კვარტალს მოიცავს). ამ კუთხით საქართველო საკმაოდ ჩამორჩება განვითარებულ ეკონომიკებს (მაგ. ფინეთსა და ლუქსემბურგს), მაგრამ უახლოვდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიეტუვა და სლოვაკეთი.
საინტერესოა, რომ ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ქალებით, რომელთა შორის 10.6%-მა აღნიშნა, რომ, ჩვეულებრივ, სახლიდან მუშაობდნენ (შეადარეთ 2019 წლის 1.3%-ს) კაცების 3.4%-თან შედარებით (2019 წელს იგივე მაჩვენებელი 0.6% იყო). მოვლენების ამგვარი განვითარება განსაკუთრებით საგულისხმოა შემდეგი ფაქტორების ფონზე: 1) საქართველოში აუნაზღაურებელი მზრუნველობითი სამუშაო არსებითად არათანაბრად ნაწილდება ქალ და კაც დასაქმებულებს შორის; 2) აუნაზღაურებულ მზრუნველობით სამუშაოზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან დაიხურა ბაღები/სკოლები, შეფერხდა ანაზღაურებადი მზრუნველობითი სამუშაოების მიწოდება და გაიზარდა ოჯახებში ვირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საჭიროება. მართლაც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკითხვით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის ფონზე ქალების დაახლოებით 42%-მა აღნიშნა, რომ მეტ დროს უთმობს მინიმუმ ერთით გაზრდილ საშინაო საქმეებს, როცა იმავეს კაცების მხოლოდ 35% აცხადებს. ამ ფაქტების გათვალისწინებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ქალებს, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ორმაგი დატვირთვა აქვთ: სამსახური და სახლის საქმეები ერთდროულად.
კიდევ უფრო თვალშისაცემია სხვაობა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ მუშახელს შორის. ადვილად შესამჩნევია, რომ კვალიფიციური მუშახელის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოახერხა, მორგებულიყო პანდემიით გამოწვეულ რეალობას დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლით. მეორე მხრივ, არაკვალიფიციური მუშახელი, რომელიც დაქირავებით მომუშავე პირების უმრავლესობას წარმოადგენს, უფრო მოწყვლადი გახდა ამ პერიოდში.
2. დაქირავებით მომუშავე პირები კვირაში საშუალოდ ორი საათით ნაკლებს მუშაობდნენ (ძირითად და დამატებით სამსახურში ერთად)
COVID-19-ის პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ეკონომიკური აქტივობა და მუშახელზე მოთხოვნა, რაც სამუშაო საათების შემცირებაში გადაიზარდა: თუკი 2019 წელს დაქირავებით მომუშავე პირები ძირითად და დამატებით სამსახურებში ჯამში ყოველკვირეულად 46 საათს მუშაობდნენ, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 44 საათი იყო. კლების ტენდენცია ყველა სექტორში ერთგვაროვანი იყო, გარდა უძრავი ქონების სექტორისა, სადაც საშუალო სამუშაო საათების რაოდენობა 2 საათით გაიზარდა. ყველაზე საგრძნობი კლება დაფიქსირდა საოჯახო სამსახურში, ასევე, განთავსებისა და სასურსათო მომსახურების სფეროში.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიგნებები მსოფლიო ტენდენციებს ასახავს. უფრო კონკრეტულად კი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, 2020 წელს საერთო ნამუშევარი საათების დაახლოებით 8.8% დაიკარგა. მათ შორის, ნაწილი გამოწვეულია იმით, რომ დაქირავებით მომუშავე პირებს სამუშაო საათები შეუმცირდათ (და შეიძლება მივაწეროთ მოკლე სამუშაო პერიოდს ან „ნულოვან“ სამუშაო საათებს არაანაზღაურებადი შვებულებების გამო).
გენდერული თვალსაზრისით სამუშაო საათების რაოდენობის კლება შედარებით მკვეთრი იყო კაცების შემთხვევაში (50 სთ-დან 47 სთ-მდე), ვიდრე ქალების (42 სთ-დან 41 სთ-მდე). კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ მუშაკებზე ზეგავლენის შედარებისას ვერ ვამჩნევთ მნიშვნელოვან სხვაობას იმაში, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ ამ ორ ჯგუფზე.
3. უფრო მეტ ადამიანს უწევს ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რადგან ვერ პოულობს სრულგანაკვეთიან სამუშაოს.
სამუშაო საათების შემცირებასთან ერთად ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული პირების წილი ოდნავ გაიზარდა (3,6%-დან 4,0%-მდე). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Covid-19-ით გამოწვეული სირთულეების ფონზე ბიზნესს ხარჯების შესამცირებლად ჰქონდა ორი შესაძლო გამოსავალი: 1) ნახევარ განაკვეთზე მუშახელის გათავისუფლება (სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა წილის გაზრდა) და 2) სრულ განაკვეთზე დასაქმებულების ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებით შეცვლა (ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა წილის გაზრდა). მონაცემებიდან ირკვევა, რომ ამ ორი ეფექტის წმინდა შედეგი არ არის ერთგვაროვანი სექტორებში. მაგალითად, სამშენებლო სექტორში ნახევარ განაკვეთზე დასაქმება 1.1%-დან 2.3%-მდე გაიზარდა, ხოლო განთავსებისა და კვების სექტორში საქმიანობა 4.7%-დან 3.1%-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, შესამჩნევი ცვლილებაა ნახევარ განაკვეთზე დასაქმების ძირითად მიზეზებში. უფრო ზუსტად, 2020 წელს ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული პირების 71% (2019 წლის 58%-თან შედარებით) აცხადებდა, რომ ვერ პოულობდა სრულგანაკვეთიან სამუშაოს, რაც იყო მთავარი მიზეზი, რატომაც არ მუშაობდა სრულ განაკვეთზე. მეორე მხრივ, იმ პირთა წილი, რომელთაც არ სურთ სრულ განაკვეთზე დასაქმება, 24%-დან 12%-მდე შემცირდა. დაბოლოს, გარკვეულწილად შესამჩნევია ზრდა იმ ქალთა წილში, რომლებმაც ნახევარ განაკვეთზე დასაქმების მიზეზად საოჯახო საქმეები, ავადმყოფზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ზრუნვა დაასახელეს (2019 წლის 5%-დან 2020 წლის 8%-მდე). ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პანდემიის განსაკუთრებით უარყოფით ზემოქმედებას ქალებზე.
4. საღამოსა და შაბათ-კვირას მომუშავე პირთა წილი შემცირდა
სამუშაო დატვირთვის საერთო კლების ფონზე საღამოს და შაბათ-კვირას დასაქმება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს კრიზისის ბუნება, რომელიც ძირითადად შეეხო ტურიზმთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს, სადაც საღამოს და შაბათ-კვირას მუშაობა საკმაოდ ხშირია. მართლაც, უფრო ახლოდან თუ დავაკვირდებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ ხელოვნების, გართობისა და რეკრეაციის სექტორში საღამოს მუშაობა 50%-დან 18%-მდე შემცირდა, ანალოგიურად საბითუმო და საცალო ვაჭრობაში (51%-დან 36%-მდე) და განთავსების და კვების მომსახურების სექტორში (77%-დან 49%-მდე). უფრო საინტერესო ისაა, რომ მსგავსი ტენდენციაა სამშენებლო სექტორშიც, სადაც საღამოს მუშაობა 48%-დან 21%-მდე შემცირდა და კვირა დღეს სამუშაოები 58%-დან 43%-მდე (გრაფიკები მოცემულია ბოლოს).
5. ბიზნესები გადავიდა უფრო მოკლევადიან დასაქმების კონტრაქტებზე.
2019 წელს სამი თვის ან ნაკლები ხანგრძლივობის კონტრაქტების წილი 39% იყო, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 56%-მდე გაიზარდა. ეს ფენომენი შეიძლება აიხსნას პანდემიის გამო მომავლის ნაკლებპროგნოზირებადობით. ამის საპირისპიროდ, კონტრაქტების წილი, რომელთა ვადა 1 წელზე მეტია, რაც საქართველოში იშვიათად გამოიყენება, თითქმის უცვლელი დარჩა (ყველა კონტრაქტის მხოლოდ 7 პროცენტია 12 თვეზე მეტი მოქმედების პერიოდით).
წყარო: საქსტატი, სამუშაო ძალის კვლევა 2019-2020 (დაქირავებით მომუშავე პირები 2019 და 2020 წლის ბოლო სამ კვარტალში), ავტორების გამოთვლები.
დასკვნა
დასასრულს, როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიამ გავლენა მოახდინა საქართველოს შრომის ბაზარზე სხვადასხვა კუთხით: შეიცვალა სამუშაო პირობები, შემცირდა პროგნოზირებადობა და შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. პრობლემა რომ დავამძიმოთ, ზოგიერთი უარყოფითი მოვლენა უფრო გამოხატული იყო საზოგადოების მოწყვლად ნაწილებზე – ქალებსა და არაკვალიფიციურ მუშაკებზე. მიუხედავად ამისა, კრიზისის სრული შედეგები ჯერ კიდევ არ გამოვლენილა, რადგან ჩვენ ბოლო დროს ვიხილეთ Covid-19-ის რეკორდულად მაღალი მსხვერპლი, რის საპასუხოდაც მთავრობას მოუწია პრევენციული ზომების ხელახალი შემოღება.