გვსურს მადლობა გადავუხადოთ ზვიად ფოჩხუას, The Financial-ის რედაქტორს, მნიშვნელოვანი კომენტარების და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის
* * *
2022 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზეა დამოკიდებული. რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წილი მთლიანი ვიზიტების 62%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ვიზიტზე შედარებით დაბალი დანახარჯების კატეგორიაში არიან. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 2,240 ლარს, თურქეთიდან 1,636 ლარს, სომხეთიდან 757 ლარს, ხოლო აზერბაიჯანიდან 1,447 ლარს შეადგენს. შედარებისათვის, საერთაშორისო ვიზიტებში 10 წამყვანი ქვეყნიდან ყველაზე მაღალი დანახარჯები საუდის არაბეთიდან (5,391 ლარი), ისრაელიდან (3,781 ლარი) და ყაზახეთიდან (3,387 ლარი) შემოსულ ტურისტებს აქვთ. თუმცა მათი წილი მთლიან ვიზიტებში 10%-მდეა. საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით მთავარ გამოწვევას საერთაშორისო ტურისტების წარმოშობის ბაზრების დივერსიფიცირება წარმოადგენს.
საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მაღალმხარჯველი საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვა და მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიცირება წარმოადგენს. აღნიშნული მიზანი გათვალისწინებულია როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების 2025 წლის სტრატეგიასა და 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამაში, ისე ტურიზმის სექტორში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებშიც. აღნიშნული რეფორმა ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტისა და უსაფრთხოების საკითხების რეგულირებაზე არის მიმართული, რაც მიზნად ქვეყანაში უფრო მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვას და საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ისახავს.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სტატიის მიზანს პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით არსებული პროგრესის შეფასება და მსოფლიოში არსებული ტენდენციების შესწავლა წარმოადგენს.
მსოფლიოში მაღალმხარჯველი ტურისტების წარმოშობის ქვეყნების დადგენის მიზნით, იდენტიფიცირებულია საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით ყველაზე მაღალი დანახარჯების მქონე ქვეყნები და მოგზაურების საშუალო ხარჯები ვიზიტზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზარს ამ მიმართულებით ჩინეთი წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში გამყვან ტურიზმზე გაწეული ხარჯების 58%-ით კლების მიუხედავად, 2021 წელს, საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯების მიხედვით, ჩინეთი კვლავ პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე აშშ, შემდეგ კი გერმანია და საფრანგეთი მოდიან. ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ 2019-2021 წლებში, გამყვანი ტურიზმის აღდგენის კოეფიციენტი ჩინეთისთვის 41%-ს შეადგენს, აშშ-ისთვის – 43%-ს, ხოლო გერმანიისა და საფრანგეთისთვის, შედარებით უფრო მაღალია და, შესაბამისად, 51%-სა და 69%-ს შეადგენს.
საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯებით ტოპ 15 ქვეყანას შორის პოსტ-პანდემიურ პერიოდში ყველაზე მაღალი აღდგენა და, შესაბამისად, პროგრესი გამყვანი ტურიზმის მიმართულებით არაბთა გაერთიანებული საამიროების (118%), კატარისა (106%) და საუდის არაბეთის (80%) შემთხვევაში ფიქსირდება. ასევე, საყურადღებოა, რომ გამყვან ტურიზმზე გაწეული ხარჯების მიხედვით, წამყვან ქვეყნებში მნიშვნელოვან ადგილს ევროკავშირის ქვეყნები იკავებს (ტოპ 15 ქვეყანას შორის 5 ევროკავშირის წევრია).
წარმოშობის ქვეყნების მიხედვით, მსოფლიო ტურიზმის ტენდენციების შეფასების საფუძველზე, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მზარდი მნიშვნელობა და პოზიციების გაუმჯობესება გამოიკვეთა. 2021 წელთან შედარებით, 2019 წელს უფრო მაღალი იყო დასავლეთის ქვეყნების (აშშ, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა და ა.შ.) პოზიციები.
დიაგრამა N1. წარმოშობის ქვეყნების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები გამყვან ტურიზმზე, 2019-2021 (მილიარდი აშშ დოლარი)
წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
ყოველ გამგზავრებაზე საშუალო დანახარჯის დადგენის საფუძველზე, იკვეთება, რომ ყველაზე მაღალი ხარჯი თითო საერთაშორისო მოგზაურზე სამხრეთ კორეელ ტურისტებზე ფიქსირდება. მეორე ადგილზე ჩინეთია (4,125 აშშ დოლარი), რომლის გამყვან ტურიზმზე საშუალოდ გაწეული ხარჯი 2019-2021 წლებში 151%-ით არის გაზრდილი. ამ პერიოდში საშუალო დანახარჯები მკვეთრად არის გაზრდილი არაბთა გაერთიანებული საამიროების (198%-იანი მატება), ინდოეთის (96%-იანი მატება) და საუდის არაბეთის (82%-იანი მატება) შემთხვევებშიც. ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან წამოსული ვიზიტორების საშუალო დანახარჯების ზრდა საერთაშორისო დანახარჯებში მათი წილის ზრდის ტენდენციის შესაბამისია. ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი საშუალო ხარჯი საფრანგეთის (2,533 აშშ დოლარი), ბელგიის (1705 აშშ დოლარი) და ესპანეთის (1682 აშშ დოლარი) მოქალაქეებისთვის ფიქსირდება.
დიაგრამა N2. საერთაშორისო ტურიზმის საშუალო დანახარჯი ყოველ გამგზავრებაზე, წარმოშობის ქვეყნების მიხედვით, 2021 (აშშ დოლარი)
წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
გლობალურ დონეზე, მაღალმხარჯველიანი ტურისტების წამყვანი ბაზრების დადგენის შემდეგ, საინტერესოა საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვაც. საქართველოს მიერ მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლების, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ვიზიტორების საშუალო დანახარჯებისა და ვიზიტის ხანგრძლივობის მაჩვენებლების განხილვა.
2019-2022 წლებში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელი 61%-ს შეადგენს (2019 – 7.7 მილიონი, 2021 – 4.7 მილიონი ვიზიტი). ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ მკვეთრად დადებითია ტენდენცია საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით და 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3,5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 7%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ამავდროულად, 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა 4 ღამიდან 6 ღამემდეა გაზრდილი. ვიზიტზე საშუალო დანახარჯი კი გაორმაგებულია და 2019 წელს 1,102 ლარიდან, 2022 წლისათვის 2,298 ლარამდეა მომატებული. შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ნაწილობრივ ვიზიტების ხანგრძლივობისა და ვიზიტზე საშუალო დანახარჯის ზრდით არის განპირობებული. დამატებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდა 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
საერთაშორისო ვიზიტორების წარმოშობის ქვეყნების დივერსიფიცირების მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ მოგზაურებზე. მე-3 დიაგრამის მიხედვით, იკვეთება, რომ 2019 და 2022 წლებში მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების წილი მთლიან რაოდენობაში დაახლოებით 60-70% ფარგლებში მერყეობს. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში, ვიზიტების წილი უცვლელი, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილი 10%-ით არის გაზრდილი. 2019-2022 წლებში მეზობელი ქვეყნების წილის შემცირება, აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობის 90%-იანი კლების შედეგია. აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების შემცირება, პანდემიის შედეგად, 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვამ გამოიწვია. რაც შეეხება დანარჩენი ქვეყნების წილის ზრდას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბელარუსიდან (97%-იანი ზრდა), ყაზახეთიდან (16%-იანი ზრდა), საუდის არაბეთიდან (60%-იანი ზრდა) და ისრაელიდან (3%-იანი ზრდა) შემოსული ტურისტების რაოდენობა. საყურადღებოა, რომ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.
2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყნების მიხედვით განაწილების შედეგად, იკვეთება, რომ ტოპ 10 ქვეყნის წილი საერთაშორისო ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 84% შეადგენს.
დიაგრამა N3. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, 2019-2022
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პროგრესის დადგენის მიზნით, საჭიროა წამყვანი ქვეყნების საშუალო დანახარჯების და გათეული ღამეების რაოდენობის შეფასება, ასევე, საერთაშორისო დონეზე იდენტიფიცირებულ ქვეყნებთან მათი მისადაგება.
2022 წელს პირველი 10 ქვეყნიდან ყველაზე მაღალი დანახარჯები საუდის არაბეთიდან (5,391 ლარი), ისრაელიდან (3,781 ლარი) და ყაზახეთიდან (3,387 ლარი) შემოსულ მოგზაურებს აქვთ. ამასთანავე, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები მათი ვიზიტის ხანგრძლივობის საშუალოზე მაღალ მაჩვენებელთან არის დაკავშირებული. ევროკავშირის სამი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ხარჯები კი გერმანიის შემთხვევაში ფიქსირდება (2,996 ლარი). საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების წარმოშობის 10 წამყვანი ქვეყნიდან, გლობალურ დონეზე, 2021 წელს ყოველ გამგზავრებაზე საშუალო დანახარჯების გათვალისწინებით, მაღალმხარჯველი ქვეყნების კატეგორიაში ისრაელი (1,070 აშშ დოლარი), ბელარუსი (1,178 აშშ დოლარი), საუდის არაბეთი (1,447 აშშ დოლარი) და ევროკავშირის ქვეყნებია (საფრანგეთი – 2,543 აშშ დოლარი, გერმანია – 982 აშშ დოლარი).
დიაგრამა N4. ვიზიტის საშუალო ხარჯი და ხანგრძლივობა ქვეყნების მიხედვით, 2022
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობისა და დანახარჯების მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, გამოწვევად კვლავ რჩება საერთაშორისო ტურისტების წარმოშობის ბაზრების დივერსიფიცირება და მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტების მაღალი წილი. დამატებით, ხაზგასასმელია, რომ ტურიზმის სექტორში დაგეგმილი ცვლილებებით გათვალისწინებულია ტურისტული სერვისების მრავალფეროვნებისა და მომსახურების ხარისხის განვითარება, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში უფრო მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას. ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე და ტურიზმში მათი წილის ზრდაზე ფოკუსირება. გლობალურ დონეზე ყველაზე მაღალი დანახარჯების მქონე ქვეყნების შეფასების საფუძველზე და საქართველოში უკვე არსებული ტურისტული კავშირების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვა დასავლეთის (აშშ და ევროპის ქვეყნები) სამიზნე ქვეყნებიდან, ასევე, აზიის მზარდი გამყვანი ტურიზმის ბაზრებიდან.
* * *
შენიშვნა: წინამდებარე ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად. ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ წარმოადგენდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.