დაწყებიდან დღემდე პანდემიამ 180-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს შესაბამისი ინდექსით აფასებს და სამთავრობო პოლიტიკებს სხვადასხვა ჭრილში ადარებს.
სანამ თავად მექანიზმზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინდექსი აუცილებლად ეფექტურ რეაგირებას არ ნიშნავს; ის მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ გავრცელების პრევენციისთვის შედარებით მკაცრი ზომები გაატარა1. სიმკაცრის ინდექსი პოლიტიკის გეოგრაფიულ დაფარვასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ პოლიტიკა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში ხორციელდება, მაშინ ინდექსი უფრო დაბალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა მიღებული.
1-ლი იანვრიდან ინდექსი ყოველდღიურად ახლდება და 15 ივნისის მდგომარეობით, საქართველო ევროპაში პირველ, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილზეა საშუალო, 56.5 მაჩვენებლით (რითიც მხოლოდ ჩინეთს (63.5), ფილიპინებსა (59.3) და ელ სალვადორს (56.8) ჩამორჩება).
მარტში საქართველოს მთავრობამ ვირუსის შესაკავებლად არაერთი ღონისძიება გაატარა, რამაც, თავისთავად, ქვეყნის სიმკაცრის ინდექსი მკვეთრად გაზარდა. 23 მარტს მან 89-ს, ხოლო 30 მარტს 100-ს მიაღწია და 25 აპრილამდე უცვლელად ამ ნიშნულზე დარჩა. გატარებული ზომების შედეგად ქვეყანამ მოახერხა, ეფექტურად შეეკავებინა ვირუსის გავრცელება და მოგვიანებით თავის ჯგუფში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანადაც დაასახელეს. ამავე ჯგუფში ასეთივე წარმატება ჰქონდა ბოსნია და ჰერცოგოვინასა და კოსოვოს.
ბლოგის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ კონტინენტური ევროპისა და ჩვენი რეგიონის2 რიგ ქვეყნებზე და ვაჩვენებთ, რა კავშირია მკაცრ საკარანტინო ზომებსა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას შორის.
გრაფიკი 1. სიმკაცრის ინდექსის საშუალო მაჩვენებლები ევროპისა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში
შესაბამისად, სიმკაცრის დონეების მიხედვით, ქვეყნები ოთხ ძირითად კატეგორიად დავყავით: მსუბუქი, საშუალო, მკაცრი და ძალიან მკაცრი. მე-2 გრაფიკზე ნაჩვენებია ახალი შემთხვევების დინამიკა (მილიონ მოსახლეზე) პოლიტიკის ღონისძიებების სიმკაცრესთან მიმართებაში თითოეული ჯგუფის სანიმუშო ქვეყნებისათვის.
გრაფიკი 2. სიმკაცრის მაჩვენებელი (წითლად) და ახალი შემთხვევები მილიონ მოსახლეზე (ლურჯად) შერჩეულ ქვეყნებში
პირველი დადასტურებული შემთხვევების გამოჩენისთანავე, ვირუსის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად მოხდა: ქვეყნების ერთ ნაწილში პირველ ინფიცირებას გავრცელების სწრაფი მატება მოჰყვა, როცა მეორე ნაწილის შემთხვევაში ზრდა შედარებით სტაბილური იყო. ამ ძირეული განსხვავებების გამო მთავრობების თავდაპირველი რეაქციებიც სხვადასხვაგვარი იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, საწყის წერტილად 50-ე შემთხვევა აგვეღო, რომლის შემდეგაც ვირუსის პროგრესირება უფრო მეტად იყო დამოკიდებული მთავრობის ქმედებებზე. ამრიგად, ქვეყნები მათი სიმკაცრის ინდექსების მიხედვით დავაჯგუფეთ 50-ე დადასტურებული შემთხვევის კვირისა და შემდეგი სამი კვირის მონაცემების მიხედვით. მე-3 გრაფიკზე მოცემულია სხვადასხვა ჯგუფში ახალი შემთხვევების ევოლუცია.
გრაფიკი 3. ახალი შემთხვევების ევოლუცია სიმკაცრის ინდექსის შედარებითი საშუალო მაჩვენებლების მიხედვით3
კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ, მილიონ მოსახლეზე, COVID-19-ის 2745 ახალი შემთხვევით ნაკლები იყო იმ ქვეყნებში, რომელთაც ძალიან მკაცრი რეაგირება გაატარეს, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც „მსუბუქ“ ჯგუფში მოხვდნენ; საშუალო კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით შემთხვევები 1053-ით, ხოლო მკაცრი კატეგორიის ქვეყნებთან მიმართებაში 428 შემთხვევით ნაკლები იყო. ასევე შეიძლება დავასკვნათ, რომ თითქმის ყველა ჯგუფმა პიკს მეოთხე კვირაში მიაღწია (გარდა „ძალიან მკაცრი“ კატეგორიის ჯგუფისა, სადაც გავრცელების პიკი ერთი კვირით გვიან დადგა). პიკის მომენტისათვის, მკაცრი რეაგირების კატეგორიის ჯგუფში მილიონ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვი საშუალო სიმკაცრის რეაგირების ჯგუფთან შედარებით 47%-ით ნაკლები გახლდათ.
ქვეყნების ჯგუფებზე დაფუძნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უფრო მკაცრი, აგრესიული ზომების მიღება ამცირებს არამხოლოდ COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობას, არამედ ეპიდემიოლოგიური აფეთქების ხანგრძლივობასაც. საინტერესოა, რომ ეს მიგნებები არ არის დამოკიდებული დროის მონაკვეთზე, რომლისთვისაც საშუალო სიმკაცრის ინდექსი იქნა გამოთვლილი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დროული და აგრესიული ზომების მეშვეობით COVID-19-ის გავრცელების პრევენცია იმაზე ბევრად უკეთ განხორციელდა, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოხდა. თუმცა რეაგირების ეკონომიკური შედეგებიც სახეზეა: 2020 წლის აპრილში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს მშპ 16.6%-ით, მაისში კი 13.5%-ით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ მშპ 2020 წლის ერთიანი მონაცემებით სულ მცირე 4%-ით შემცირდება, ამიტომ მთავრობის რეაგირების ეფექტიანობა მთლიანობაში ჯერ კიდევ შესაფასებელია.
1 ვირუსის გავრცელების შეკავების ზომები გულისხმობს სკოლების, ოფისების დახურვას, საჯარო ღონისძიებების გაუქმებას, შეკრებების შეზღუდვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებას, სახლში დარჩენის ვალდებულების დაწესებას, ქალაქებში შიდა გადაადგილების, საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვასა და საჯარო საინფორმაციო კამპანიების წარმოებას.
2 1-ელ გრაფიკზე წარმოდგენილია სანიმუშო ჯგუფის პირველი 8 და ბოლო 4 ქვეყანა, რომლებიც 2020 წლის სიმკაცრის საშუალო ინდექსის მიხედვით შეფასდა.
3 ქვეყნები, რომელთა სიმკაცრის საშუალო ინდექსიც ერთზე მეტი სტანდარტული გადახრით ნაკლები იყო საერთო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მოხვდა ჯგუფში „მსუბუქი“; ქვეყნები, რომელთა სიმკაცრის საშუალო მაჩვენებელიც ერთი სტანდარტული გადახრით (ან უფრო მცირედით) ნაკლებია საერთო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მოხვდა ჯგუფში „საშუალო“; დაბოლოს, ქვეყნები, რომელთა საშუალო ინდექსიც ერთზე მეტი სტანდარტული გადახრით ან მეტით აჭარბებს საერთო საშუალო მაჩვენებელს, მოხვდა კატეგორიებში „მკაცრი“ ან „ძალიან მკაცრი“.