შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

განათლება, რომელიც უნდა დაფასდეს
პარასკევი, 02 მაისი, 2014

„ჩვენთან მეძავებსაც კი უმაღლესი განათლება აქვთ“, — განაცხადა ერთხელ კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ. მეძავების განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დაახლოებით მსგავსის მტკიცება შეიძლება ქართული რეალობის შესახებაც. თითქმის ყველა ქართველს აქვს უმაღლესი განათლება. მაგალითად, ტაქსის მომსახურებით მოსარგებლეებს ხშირად სმენიათ, ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლების ისტორიები. კუბასთან შედარებით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის სიუხვე უფრო შთამბეჭდავია, რადგან იქ სკოლაში სახელმწიფო განკარგულების გამო დადიან, აქ კი საკუთარი ინიციატივით ირჩევენ წიგნიერებას.

თუმცა, კუბის მსგავსად, მიუხედავად ადამიანური კაპიტალის სიუხვისა, უმუშევრობა საქართველოშიც ძალიან მაღალია. კუბის შემთხვევაში უმუშევრობას მარტივი ახსნა მოეძებნება — უუნარო ეკონომიკური სისტემა; საქართველოში კი ცოტა რთულია იმის გაგება, რატომ არ განაპირობებს მეტი განათლება მეტ დასაქმებას. ჩვენი ქვეყნის შემთხვევა კიდევ უფრო  დამაფიქრებელია, თუ მხედველობაში მივიღებთ  საზოგადოდ მიღებულ მოსაზრებას, რომ ადამიანური კაპიტალი ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნებისათვის. როგორც ამერიკელმა განათლების ეკონომისტმა, ერიკ ა. ჰანუშეკმა შეაჯამა მის ერთ-ერთ სტატიაში: „უკეთესი სკოლების მქონე ქვეყნები ეკონომიკურადაც უფრო სწრაფად ვითარდებიან“.

ქართული პრობლემის სამი არაურთიერთგამომრიცხავი ახსნა არსებობს. პირველი, შესაძლოა უბრალოდ არ არის საკმარისი მოთხოვნა კვალიფიცირებულ კადრებზე. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ უკეთესი სკოლები და განათლების სწორად არჩევა პრობლემას ვერ გადაჭრის. მეორე მოსაზრებით, მიზეზი ზოგადად პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნის ნაკლებობა კი არა, მოთხოვნის დეფიციტია იმ სფეროებში, რომლებშიც სამუშაოს მაძიებლები არიან კომპეტენტურნი. ეს პრობლემა ცნობილია როგორც კვალიფიკაციური შეუსაბამობა, ფენომენი, როდესაც ადამიანების მიერ მიღებული განათლება არ შეესაბამება ეკონომიკის მოთხოვნებს. ბოლოს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ადამიანური კაპიტალი მდარე ხარისხისაა.

მოდით, უგულებელვყოთ პრობლემის პირველი ახსნა. მიუხედავად საჯარო დებატებში ამ მოსაზრების დომინირებისა, ეს ახსნა არსობრივად მცდარია. კერძოდ, მტკიცება იმისა, რომ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზოგადი დეფიციტი იწვევს კვალიფიცირებულ კადრებზე მოთხოვნის ნაკლებობას, ეჭვს იწვევს მინიმუმ მიზეზ–შედეგობრიობის მიმართულებასთან დაკავშირებით. ხოლო, თუკი ხარისხის დაბალი დონე და კვალიფიკაციის შეუსაბამობა მართლაც პრობლემაა, მაშინ უმუშევრობის მაღალი დონე არის აღნიშნული პრობლემების სიმპტომი და არა მისი გამომწვევი მიზეზთაგანი.

მოდით, განვიხილოთ დანაჩენი ორი შემთხვევა.

პროფესიის სწორად არჩევა

პროფესიის სწორად არჩევა ახალგაზრდებისთვის საკმაოდ რთულია. მეც, ჩემი პირველი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით 16 წლის ასაკში მივიღე და იურისტობა გადავწყვიტე. თუმცა სწავლის დაწყებასთან ერთად სამართლის სწავლასთან დაკავშირებული ჩემი იმედები თანდათან გამიცრუვდა. ორი წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავედი. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, მიუხედავად ორი დაკარგული წლისა, ჩემს ამბავს ბედნიერი დასასრული ჰქონდა — შესაფერისი პროფესია ვიპოვე.

ზოგადად, პრობლემაა, რომ მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ადამიანი 16 წლის ასაკში იღებს. ამ ასაკში ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. ხშირად იმის გააზრებაც კი უძნელდებათ, რა უნდათ სინამდვილეში. ამას ემატება ისიც, რომ ახალგაზრდებმა კიდევ უფრო ნაკლები იციან სამუშაო ბაზარზე მიმდინარე სიტუაციისა და მოსალოდნელი გრძელვადიანი ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხელმძღვანელობენ ან როლური მოდელებით („ბიძაჩემი იყო იურისტი და მეც მინდა მისი მსგავსი ვიყო“) ან ასევე არაინფორმირებული მეგობრებისა და ოჯახის წევრების რჩევებით.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელი ორი მარტივი მიდგომა იქნებოდა უფრო გრძელვადიანი ზოგადი განათლება და/ან სკოლაში შესასვლელად დასაშვები ასაკის გაზრდა. მოსალოდნელია, რომ უფროს ასაკში აბიტურიენტები არასწორ გადაწყვეტილებებს უფრო  ნაკლებად მიიღებენ.

საქართველოში ამგვარი ზომები ან უკვე მოქმედებს ან მათი ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იღებს ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც სკოლაში შესვლის ასაკი იქნება 6 წელი (აკრძალული იქნება სკოლის დაწყება 5 წლის ასაკში). ასევე, 2008 და 2009 წლებში გატარებული რეფორმების მიხედვით, 11 წლის ნაცვლად ახლა სკოლაში თორმეტწლიანი სწავლებაა სავალდებულო.

ორივე კანონს მოჰყვა ცხარე, დაუსრულებელი დებატები. როგორც წესი, მშობლები თვლიან, რომ წერა-კითხვისა და მარტივი მათემატიკური გამოთვლების მცოდნე ბავშვი სკოლისათვის უკვე მზად არის. ეს კი მცდარი შეხედულებაა. 2013 წლის სექტემბერში, ბრიტანეთის 130-მდე განათლების ექსპერტმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მოითხოვდა სკოლაში შესვლის ასაკად 5 წელზე მეტს. დოკუმენტის თანახმად, სკოლაში ნაადრევად შესვლამ შეიძლება ბავშვების ფსიქიკაზე ღრმა უარყოფითი კვალი დატოვოს. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვებს არ შეუძლიათ სკოლით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან გამკლავება. ამან კი შეიძლება ბავშვებში ჩამოაყალიბოს სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, რისი გამოსწორებაც მომავალში ძალიან გართულდება, გრძელვადიან პერიოდში კი უარეს აკადემიურ მოსწრებამდე მიგვიყვანს.

სკოლაში თორმეტწლიანი სწავლების შედეგადაც, აბიტურიენტები უფრო მომწიფებულნი არიან სამომავლო პროფესიის შესახებ სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ამ დროს ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა. სკოლაში სწავლის ბოლო წელს მოსწავლეთა უმეტესობა რეპეტიტორთან ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, რის გამოც სკოლის გაკვეთილების გაცდენა უწევთ. არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს! სკოლაში სწავლის ბოლო წელი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის, რადგან ზუსტად ამ პერიოდში არიან ისინი მზად უფრო მოწინავე, უნივერსიტეტის დონესთან მიახლოებული მასალის ასათვისებლად. სკოლაში სწავლის ბოლო წელს გაკვეთილებზე დასწრება არამარტო მისაღები გამოცდებისათვის კარგ მოსამზადებელს უნდა წარმოადგენდეს, არამედ შემდგომ განათლებასაც უნდა უმზადებდეს საფუძველს. სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარი იდეალისგან ძალიან შორს ვართ.

დამატებით, სასარგებლო იქნებოდა აბიტურიენტთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, პროფესორებისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მიერ გაცნობითი ლექციების წაკითხვა სხვადასხვა პროფესიების შესახებ, შესაბამისი კურიკულუმებისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ბოლოს, საქართველოში არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ადამიანმა სკოლის დამთავრებისთანავე უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში. ეს მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ისრაელში სკოლის დამთავრების შემდეგ თითქმის ყველა, სქესის მიუხედავად, რამდენიმე წლის განმავლობაში ჯარში მსახურობს. სამხედრო სამსახურის შემდეგ ახალგაზრდების უმრავლესობა მოგზაურობს ერთი ან ორი წლის განმავლობაში. საბოლოოდ, ბევრი ისრაელელი უმაღლეს განათლებას 25 წლის ასაკში იწყებს. ამ დროს კი ისინი უკვე საკმარისად მომწიფებულნი არიან სერიოზული გადაწყვეტილებისათვის და შესაბამისად, ხდებიან სწორად არჩეული აკადემიური პროგრამების სერიოზული სტუდენტები.

ხარისხის პრობლემები

სკოლას, სადაც მოსწავლეები თითქმის არ დადიან ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან სასწავლო წელს, ნამდვილად აქვს  ხარისხის პრობლემა. ზოგიერთი აშკარა ხარვეზიდან აღსანიშნავია, მაგალითად, კლასის სიდიდე. საქართველოს საჯარო სკოლებში ჯგუფში ჩვეულებრივ 30-40 მოსწავლეა. კლასის ზომიდან გამომდინარე, მასწავლებლებს უჭირთ უკანა მერხებზე მოსაუბრე მოსწავლეების გაკონტროლება და კლასის მაღალი მოტივაციის უზრუნველყოფა. ამ პირობებში დაინტერესებული და მოტივირებული მოსწავლეებისთვისაც კი ხშირად შეუძლებელი ხდება კონცენტრირება და ახალი მასალის ათვისება. განათლების სფეროში მასწავლებლის დაბალი ანაზღაურების გათვალისწინებით, დიდი კლასების გაყოფით ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება წესით ძალიან ძვირი არ უნდა დაჯდეს.

მასწავლებლების ხარისხი წარმოადგენს მეორე აშკარა პრობლემას. სკოლებში ენთუზიაზმითა და ენერგიით აღსავსე ადამიანებია საჭირო, მაგრამ საქართველოში პედაგოგების ხელფასები იმდენად დაბალია, რომ ყველა, ვისაც სხვა პერსპექტივა გააჩნია, უარს ამბობს მასწავლებლის პროფესიაზე. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს პედაგოგის საშუალო წლიურ ხელფასს სხვადასხვა ქვეყნებში. ქართველი მასწავლებელი საშუალოდ 12-ჯერ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით. შემაძრწუნებელი სხვაობა განსხვავებული ცხოვრებისა და შემოსავლის დონის მხედველობაში მიღების შემდეგაც არ ქრება.

საქართველოში ადამიანური კაპიტალის ხარისხის გასაზრდელად, პირველ რიგში, მასწავლებლების ხელფასები უნდა გაიზრდოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს გრძელვადიან პერიოდში ისეთი განათლების სისტემის იმედი, რომელიც სათანადოდ შეფასდება და დაფასდება დამსაქმებლის მიერ.

xelfasi

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა