კონტექსტი
COVID-19-ის პანდემიამ ეკონომისტებს არაერთი კითხვა გაუჩინა, თუმცა მკვლევრების უმეტესობა აქცენტს განვითარებულ ეკონომიკებსა და ვირუსის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებულ „იარებზე“ აკეთებს. თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დაინტერესდა, როგორ განვითარდება ქალაქები პანდემიის შემდეგ. ამ ეკონომისტების დაკვირვებით ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა დიდი, ტურისტული ქალაქები. მათგან განსხვავებით, პატარა ქალაქები შედარებით გადაურჩა ვირუსს. ვირუსისგან ნაკლებად დაზარალდა სოფლის ტიპის დასახლებებიც, თუმცა, რეგიონებს შორის განსხვავებაც საკმაოდ დიდია.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ყველანი რეალური ექსპერიმენტის მომსწრენი გავხდით: ადამიანები იძულებული გახდნენ, დისტანციურად იმუშაონ. ბევრი შეეჩვია კიდეც ცხოვრების ასეთ სტილს. პანდემიამდე ადამიანები ყოველდღე დადიოდნენ ოფისში სამუშაოდ, თუნდაც სახლში მუშაობის ალტერნატივა ჰქონოდათ. რა შეიცვლება პანდემიის შემდეგ? რამდენად რეალურია, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ეს ადამიანები სოფლად ან სხვა ქალაქებში დასახლდებიან და თბილისში მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ჩამოვლენ? ამ ეტაპზე დანამდვილებით რამის თქმა ძნელია. მეცნიერების დაკვირვებით, წინა ეპიდემიებს (რომელთა ნაწილი კოვიდზე მომაკვდინებელი იყო) შედარებით მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა და ადამიანებმა მალევე დაიწყეს ქალაქის ცენტრში დაბრუნება. მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთლით, ეს ტრენდი ნარჩუნდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ავიღოთ თბილისი: 2014 წლამდე არსებული დაღმავალი ტრენდის (რისი მიზეზიც ცნობილია) შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება,. შეიძლება კოვიდმა ეს ტენდენცია შეცვალოს? ტენდენციის შეცვლა (რადგან ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი უკვე თბილისში ცხოვრობს) ან შენელება, თუკი ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია, კარგი იქნებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც, აშკარა წნეხის ქვეშაა. ეს მნიშვნელოვანი კითხვებია და მათი აქტუალურობა კიდევ უფრო მწვავედ დადგა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა. როგორც კი სტრატეგია დაკანონდება, ის თბილისს (და სხვა მუნიციპალიტეტებსაც) მომავალ გამოწვევებთან გამკლავების საშუალებას მისცემს, თუმცა შესაძლოა კოვიდმა ამ გამოწვევების ბუნება და მასშტაბი სრულიად შეცვალოს.
რას გვეუბნებიან ეკონომისტები?
ურბანული ცენტრებისკენ მიგრაცია ე.წ. სივრცითი დანაწევრების სიმპტომი და ხანდახან შედეგიცაა. ამ კონცეფციის ზუსტად განსაზღვრა რთულია, თუმცა ვიცით, რომ ის სათავეს 60-იანი წლების ბოლოდან იღებს, როდესაც ეკონომისტებმა აღმოაჩინეს, რომ შეძლებული ოჯახები ქალაქის ცენტრს გარეთ (ყურადღება მიაქციეთ „გარეთ“) გადიოდნენ. კომპანიებმაც საქმიანობა გარეუბნებში გადაიტანეს და მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, სამსახურთან ახლოს დასახლდა. ღარიბ მოსახლეობას ასეთ უბნებში ცხოვრების საშუალება აღარ ჰქონდა, ამიტომ შედარებით იაფი ქალაქების ცენტრისკენ მიგრირება დაიწყეს, სადაც დასაქმების შესაძლებლობები ნაკლები იყო. ასე მივიღეთ მანკიერი წრე, რომელიც მალევე შეწყდა, რადგან ახალგაზრდა მოსახლეობას ქალაქის ცენტრებში იაფი და მოდური ბინები და აქტიური კულტურული ცხოვრების შესაძლებლობები იზიდავდა და იქ ცხოვრებისკენ უბიძგებდა. შედეგად, „გასვლის“ ტენდენცია შეიცვალა და კვლავ დაიწყო ქალაქების ზრდა. მიუხედავად ამისა, დღემდე მიღებულია, რომ საქმიანობის ცენტრებს შორის დიდი მანძილი ზრდის უმუშევრობისა და სიღარიბის ალბათობას. სწორედ ამიტომ პერიფერია, ძირითადად, უფრო ღარიბი და და სტიგმატიზებულიც კია. მაგრამ ახლა კოვიდმა ადამიანებს დაანახა, რომ მუშაობა სახლიდანაც შეიძლება და ინტერნეტ-კავშირიც სტაბილურია, ამიტომ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. შეიძლება ამან ქალაქების ზრდაზე იმოქმედოს? არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებმაც შეიძლება შეანელოს ან სულაც მიმართულება შეუცვალოს ამ ტენდენციას.
ფაქტორები, რამაც შეიძლება ქალაქის ცენტრების ზრდას ხელი შეუწყოს, არის:
- მთელი რიგი სამუშაოს მუდმივად დისტანციურად შესრულება შეუძლებელია, ბევრი მათგანი კი ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტს მოითხოვს, დროგამოშვებით მაინც;
- სოფლის ტიპის დასახლებებში ინფრასტრუქტურა ჯეროვნად განვითარებული არ არის საიმისოდ, რომ დიდი ნაკადების შემოდინებას უპასუხოს (მაგ. არ არის საკმარისი სკოლები, საავადმყოფოები, ინტერნეტი და სხვ.);
- ქალაქები მაინც მიიზიდავს მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდებს, რომელთაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა სწყურიათ (რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრობისა და პარტნიორული ურთიერთობების დიდ ბაზარზე).
ისეთ ფაქტორებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც, პირიქით, ქალაქის ცენტრიდან გასვლისკენ უბიძგებს ადამიანებს, რაღაც პერიოდით მაინც. ეს ფაქტორებია:
- ხალხმრავალ აქტივობებში მონაწილეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კინოთეატრები, რესტორნები და სხვ.);
- შემოსავლის დაკარგვა, რის გამოც შეძლებული წყვილები ურბანული უძრავი ქონების ბაზარზე ვეღარ მონაწილეობენ;
- სამსახურებრივი მიზეზების გამო ხანდახან ქალაქში ყოფნის საჭიროებამ შეიძლება ადამიანებს ორი სახლის ქონაზე ხელი ააღებინოს, თუნდაც ქალაქის ბინა არც ისეთი დიდი იყოს.
საქართველოს შემთხვევა
საქართველოს შემთხვევაში ორი კითხვაა მნიშვნელოვანი: 1) გვაქვს თუ არა მნიშვნელოვანი სივრცითი დანაწევრება, რაც თბილისს გარეთ ცხოვრებას არარეალურს გახდიდა? 2) რა გავლენა ექნება კოვიდის ექსპერიმენტს მგზავრობის ქცევაზე გრძელვადიან პერიოდში?
ფაქტია, საქართველოში სივრცითი დანაწევრება არსებობს, შეიძლება სხვა ქვეყნების მსგავსად მწვავე არ არის, მაგრამ ის არსებობს. 2016 წლამდე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ეკონომიკური დანაწევრებაც, რასაც რეგიონების ურბანიზაციის დონეებს შორის განსხვავებები იწვევს; არც რეგიონების მიხედვით სივრცითი კლასტერები არ გვაძლევს მოულოდნელ შედეგებს. მართალია, მონაცემები მწირია და ამ კვლევებიდან მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ დასკვნები მოულოდნელი არ არის: ეკონომიკური თვალსაზრისით, თბილისი ქვეყნის დანარჩენ ნაწილებზე უკეთეს მდგომარეობაშია. 2020 წლის აპრილში გერმანელ ეკონომისტთა გუნდმა ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან ერთად გააანალიზა საქართველოში შემოსავლების განაწილება და სიღარიბე. ისინიც იმავე დასკვნამდე მივიდნენ, მცირე თავისებურების დამატებით. მართალია, თბილისს საქართველოში ყველაზე მაღალი მშპ აქვს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თუმცა ზრდის ტემპი ყველაზე დაბალი აქვს და ქვეყნის სხვა რეგიონები ნელ-ნელა ეწევიან.
ცხადია, ყველაფერი ეკონომიკური სურათიდან არ გამომდინარეობს. მაგალითად, არ ვიცით, საქართველოს მოსახლეობის გადმოსახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია კოვიდთან დაკავშირებული ფაქტორები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვენ მიერ დასმულ მეორე კითხვასთან მიმართებაში. დასაქმების მასშტაბს რაც შეეხება, ქვეყნის შიდა კონკურენტუნარიანობა გადამწყვეტი იქნება. მსოფლიო ბანკმა 2020 წელს ჩაატარა კვლევა, რომელმაც გამოავლინა „თბილისს გარეთ ეკონომიკური საქმიანობის მეორადი კვანძები“, რაც, ცხადია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების მოზიდვაში, რომელთაც ასეთ კვანძებში ცხოვრება ურჩევნიათ. თუმცა ჯერ ისევ რთულია იმის შეფასება, თუ როგორი საერთო ეფექტი ექნებათ ამფაქტორებს: შეანელებს, დააჩქარებს თუ სულაც შეცვლის დედაქალაქისკენ ზოგად მიგრაციას.
დასკვნა
მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობებით ვერ ავხსნით, რა იზიდავს ბიზნესებსა თუ ადამიანებს ამა თუ იმ ადგილისკენ. სხვა ფაქტორები – რამდენად განვითარებული, მდიდარი, პერსპექტიული, კომფორტული ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „საცხოვრებლად ვარგისია“ გარემო – მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ გვესმის კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი. ამგვარად, „ცხოვრებადობის“ ინდიკატორები შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში, რა ფაქტორები უშლით ხელს ადამიანებს თბილისს გარეთ ცხოვრებაში. ეს ინდიკატორები შეიძლება ადგილობრივ დონეზე ცვლილების კატალიზატორი გახდეს. ამ ინდიკატორის საზომი შეიძლება იყოს ჯანმრთელობა, გარემო, კულტურა, განათლება, გენდერული მიკერძოება და სხვ. ეს ინდიკატორები განსაზღვრავდა, საქართველოში არსებული სივრცითი დანაწევრება ნაწილობრივ მაინც თუ გამოსწორდებოდა და ამავდროულად თბილისიკენ მიგრაციის ნაკადს.
დაბოლოს, ამ საკითხის შესწავლა ნამდვილად ღირს: ჩვენ ყველას გვყავს კოლეგები, რომლებიც პანდემიის დროს თბილისს გაერიდნენ და დისტანციურად (მაგ. ბათუმიდან) მუშაობენ. ვიცი, რომ ჩემი ნაცნობები კმაყოფილები არიან და თბილისს ხანდახან თუ ესტუმრებიან.