24 და 27 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
2 ნოემბერს ISET-მა უმასპინძლა საჯარო სემინარს "სიღარიბე და უთანასწორობა: მსოფლიოში და საქართველოში", რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტები, ამბარ ნარაიანი, სიღარიბის და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, და ასად ალამი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.
24 ოქტომბერს თამარ სულუხიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც გაეროს მიერ გამართული ღონისძიების ნაწილი იყო. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ინკლუზიურ შრომის ბაზარზე, ეფექტიანი დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და სხვ.
19-20 ოქტომბერს ISET-მა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კრიზისის დროს“. ორდღიან ღონისძიებაში, რომელსაც ISET და FREE Network (აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკის კვლევების ფორუმი) მასპინძლობდნენ, მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა 15 ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
18 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკის კვლევის წარდგენას დაეთმო.