შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-მა გენდერის ეკონომიკის მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2023

19-20 ოქტომბერს ISET-მა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კრიზისის დროს“. ორდღიან ღონისძიებაში, რომელსაც ISET და FREE Network (აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკის კვლევების ფორუმი) მასპინძლობდნენ, მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა 15 ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

კონფერენცია გახსნა ISET-ის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ სულუხიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ISET-ის პარტნიორებსა და კონფერენციის მთავარ სპონსორს, შვედეთის მთავრობას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის ქალთა გაძლიერების საკითხებში აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. დამსწრე სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს შვედეთის სამეფოს საელჩოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ქ-ნმა ევა ატერლოვმა, და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა კაორი იშიკავამ, რომელთაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გენდერის საკითხების მნიშვნელობას.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ორმა მთავარმა მომხსენებელმა, პროფ. ელიზაბეთ ბრეინერდმა, ბრანდეისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ქალთა, გენდერისა და სექსუალობის კვლევების პროფესორმა, და პროფ. მარია ფლორო,ნ ვაშინგტონში ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა. მთავარმა მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში გენდერულ უთანასწორობაზე. მთავარი მომხსენებლების შემდეგ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობა. კერძოდ, დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, წარმოადგინა რეგიონული გენდერული თანასწორობის ინდექსი, ISET კვლევითი ინსტიტუტის ახალი პროდუქტი, რომელიც აკვირდება გენდერული თანასწორობის პროგრესს სამხრეთ კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ და ამ გზით ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმა პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება კრიზისის დროს“ და მოდერაციას უწევდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია. პანელურ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ნინო ოკრიბელაშვილმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა კვლევით საკითხებში, ნინო ჭელიძემ, Mercy Corps-ის ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის (WISE), პროგრამის დირექტორმა, ნანი ბენდელიანმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, და ნინო ლორთქიფანიძემ, Women in Tech-ის ელჩმა საქართველოში და The Crossroads-ის ინოვაციების მთავარმა ოფიცერმა.

შეავსე ფორმა