28 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგიონული შეხვედრა გამართა ერევანში, რომლის თემაც იყო გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიაში: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტები. ISET-ის კვლევითი გუნდის წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს სამხრეთ კავკასიის გენდერული ეკონომიკის კვლევების პლატფორმა, რომელზეც შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსია (SCGEI) წარმოდგენილი. ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითი გუნდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პოლიტიკის ახალი კვლევები განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში გენდერის საკითხებზე (შვედეთისა და FREE Network-ის ფარგლებში) და საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გენდერული ნიშნით ძალადობის მიმოხილვა (Mercy Corps WISE პროგრამის ფარგლებში).
ღონისძიება გახსნეს ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ, ტუტ-შიმო ვერნერმა, და სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ტატევიკ სტეფანიანმა. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე; სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე, ნერსეს ერიციანი; რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
გენდერული კვლევის პორტალი არის უნიკალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს სამხრეთ კავკასიაში გენდერული ეკონომიკის კვლევებს. აქაა წარმოდგენილი როგორც ISET-ის კვლევით ინსტიტუტის ორიგინალური პუბლიკაციები, ისე სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორის, კვლევით ორგანიზაციისა თუ ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული გენდერული კვლევები, რომელთა სამიზნე რეგიონიც სამხრეთ კავკასიაა.
ორიგინალური, საინფორმაციო პოლიტიკისა და კვლევის ინსტრუმენტების შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონისთვის, რადგან გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება ეკონომიკური ინკლუზიისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის რეგიონული კვლევითი საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესის განვითარებას.