შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი დოკუმენტები

ევროკავშირის მწვანე გადასვლის პროცესი: მწვანე ეკონომიკის ტენდენციები და გარემოსდაცვითი შედეგები
ორშაბათი, 23 მარტი, 2026

შესავალი

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ საყრდენად იქცა, რაც ასახავს აუცილებლობას, ეკონომიკური ზრდა თანხვედრაში იყოს გარემოსდაცვით მდგრადობასთან. საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტების განმარტებით, მწვანე ეკონომიკა არის დაბალნახშირბადიანი, რესურსეფექტური და სოციალურად ინკლუზიური ეკონომიკა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი რისკების შემცირება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის პარალელურად. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი სექტორების გაფართოებას, არამედ ტრადიციულად ნახშირბადინტენსიური („ყავისფერი") სექტორების გარდაქმნასაც, სადაც ემისიებისა და გამოყენებული რესურსების ძირითადი ნაწილია კონცენტრირებული.

მწვანე გადასვლისკენ პროგრესის მონიტორინგი, შესაბამისად, ეყრდნობა ინდიკატორთა ყოვლისმომცველ სისტემას, რომელიც აფასებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებასა და რესურსეფექტურობას. აღნიშნულ კვლევით ანგარიშს წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით მზარდ სამეცნიერო ლიტერატურაში და განიხილავს მთლიანად ევროკავშირში (EU) მწვანე ეკონომიკის განვითარების შერჩეული ინდიკატორების დინამიკას, ასევე ყურადღებას ამახვილებს ტრადიციულად „ყავისფერ" სექტორებში მწვანე საქმიანობების ინტეგრაციაზე. წინამდებარე ანალიზი აღწერს, თუ როგორ აისახება არსებული გარემოსდაცვითი მიზნები რეალურ ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციაზე, შრომის ბაზრის ტრანსფორმაციასა და ეკონომიკაში დამატებული ღირებულების შექმნაზე.

ანალიზი ეფუძნება ევროპის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი - Eurostat) მონაცემებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწვანე სამუშაო ადგილებსა და გარემოსდაცვითი საქონლისა და მომსახურების სექტორის (EGSS) გაფართოებასთან დაკავშირებულ ინდიკატორებს. დამატებით, ანალიზი მოიცავს სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გამოყენებული ისეთი ძირითადი ინდიკატორების დინამიკასაც, როგორიცაა: სათბურის გაზების ემისიები, ენერგოინტენსივობა, განახლებადი ენერგიის წილი, და რესურსების გამოყენების პროდუქტიულობისა და მასალების ცირკულარული გამოყენების მაჩვენებლები. მონაცემთა შეზღუდულობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ინდიკატორის ანალიზი ფოკუსირებულია ევროკავშირის ექვს ქვეყანაზე  (EU 6), რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია 2016-2023 წლების პერიოდის თანმიმდევრული წლიური მონაცემები.

ანალიზი მიუთითებს, რომ მწვანე გადასვლის პროცესი ხასიათდება ეკონომიკის თანდათანობითი გადაადგილებით უფრო მწვანე სტრუქტურისკენ. შეინიშნება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი საქმიანობების (რომლებიც მოაზრებულია გარემოსდაცვითი საქონლისა და მომსახურების სექტორში) გაფართოება, გამოხატული დასაქმების, დამატებული ღირებულებისა და ინვესტიციების ზრდით, რასაც თან ახლავს ტრადიციულად ნახშირბადინტენსიურ სექტორებში მწვანე საქმიანობების მზარდი ინტეგრაციაც. თუმცა პროგრესი ინდიკატორებისა და სექტორების მიხედვით არაერთგვაროვანია და მონაცემები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებებზე მიუთითებს. კერძოდ, ქვეყანათა შედარებით მცირე ჯგუფზე მწვანე ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვან წილი მოდის: EU 6-ის ქვეყნები ევროკავშირის ფარგლებში EGSS-ის მთლიანი დასაქმებისა და დამატებული ღირებულების დაახლოებით ნახევარს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მდგომარეობით, იტალიას, გერმანიასა და საფრანგეთს ყველაზე დიდი წილი აქვთ როგორც დასაქმების, ისე დამატებული ღირებულების მიხედვით. 

მართალია მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ ევროკავშირში მწვანე ეკონომიკა გაფართოების ეტაპზეა, თუმცა მისი მასშტაბი მთლიან ეკონომიკასთან შედარებით ჯერ კიდევ შეზღუდულია. კერძოდ, 2023 წლის მდგომარეობით, გარემოსდაცვითი საქონლისა და მომსახურების სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება EU 25 ქვეყნების ჯგუფისთვის 488 მილიარდ ევროს აღწევს, რაც მთლიანი ეკონომიკის დამატებული ღირებულების მხოლოდ 3.1%-ს უტოლდება. ექსპორტის მხრივ, გარემოსდაცვითი საქონლისა და მომსახრების წილი შედარებით მცირეა (დაახლოებით 1.7%), რაც აჩვენებს, რომ მისი ინტეგრაცია გარე ვაჭრობაში კვლავ შეზღუდულია. პარალელურად, კლიმატის შერბილების ინვესტიციები მშპ-ის დაახლოებით 0.8%-ს, ხოლო გარემოსდაცვითი ინვესტიციები 0.4%-ს შეადგენს, რაც ზრდის მიუხედავად კვლავ მოკრძალებულ დონეზეა. 

ამევე დროს, გარემოსდაცვითი შედეგების მხრივ, შეინიშნება პროგრესი, რაც მიუთითებს,  რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება კონკრეტულ გარემოსდაცვით შედეგებში გარდაქმნას. ევროვაკშირში ენერგოინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რესურსების პროდუქტიულობა გაიზარდა (დაახლოებით 3 ევრო/კგ-მდე), ხოლო სათბურის გაზების ემისიები კლების ტენდენციას აჩვენებს; თუმცა, განახლებადი ენერგიის წილი (25.2%) და ცირკულარული გამოყენების მაჩვენებელი (12.2%) კვლავ ჩამორჩება 2030 წლის სამიზნეებს.

საერთო ჯამში, აღნიშნული ტენდენციები აჩვენებს, რომ მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, მწვანე გადასვლის შემდგომი დაჩქარება აუცილებელი იქნება ევროკავშირის 2030 წლის მიზნებისა და გრძელვადიანი კლიმატური ამოცანების მისაღწევად.

დონორები

შეავსე ფორმა