პოლიტიკის დოკუმენტები

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 50% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 48% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 6.85 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2017 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით). ადამიანთა კეთილდღეობისათვის, ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, სიღარიბისა და საცხოვრებელი პირობების განმსაზღვრელი არაეკონომიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. ბიზნესისა და ადამიანებისთვის კონკრეტული ადგილის მიმზიდველობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობები, არამედ ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი სხვა ფაქტორებიც: სოციალური ფაქტორები, მმართველობა, დაკავშირებულობა (connectivity) და სხვ. ამიტომ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელ ინდიკატორებზე დაკვივება მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას გვაძლევს აღმოვფხვრათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები. ამ ინდიკატორებზდე დაკვირვება დაეხმარება ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, უკეთ დაგეგმონ ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციასაც ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რაც გააუმჯობესებს გარემოს ადგილობრივი განვითარებისთვის.
სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).