შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

რატომ ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკი უარს დოლარზე ოქროს სასარგებლოდ?
სამშაბათი, 07 მაისი, 2024

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ცოტა ხნის წინ 500 მილიონ აშშ დოლარად 7 ტონა მაღალი ხარისხის მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც ეროვნული ბანკის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 11%-ს შეადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოქრო დაემატა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იმით იყო განპირობებული, რომ გლობალური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს ოქრო უსაფრთხო აქტივად მიიჩნევა და რისკების დივერსიფიცირების კარგ საშუალებას წარმოადგენს.

ამ პოლიტიკის ნარკვევში განხილულია მიზეზები, რომელთა შედეგადაც ცენტრალური ბანკები, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, არსებულ რეზერვებს ოქროს ამატებენ. ეს გადაწყვეტილება, როგორც წესი, ორი ძირითადი ფაქტორიდან ერთ-ერთით ან ორივეთი არის განპირობებული. ერთი მხრივ, ოქროს შეძენა გამართლებულია ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს პორტფელის დივერსიფიკაციას, დაიცავს ქვეყანას ინფლაციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობებისაგან. მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკური ფაქტორიც, რომლის თანახმადაც, ოქროს შეძენა ამცირებს აშშ დოლარზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობს პოტენციური ან უკვე დაწესებული სანქციებისგან თავდაცვას. ეკონომიკური არგუმენტის აქტუალურობა სათავეს იღებს 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან, რომელმაც მრავალ ცენტრალურ ბანკს უბიძგა, საკუთარი რეზერვები მონეტარული ოქროთი გაემყარებინათ. ანალოგიურად, რუსეთის აგრესიამ და ყირიმის ანექსიამ 2014 წელს აიძულა ქვეყნები (მაგ., რუსეთი და, მოგვიანებით, 2022 წლის შემდეგ, ბელარუსი) გაეზარდათ ოქროში არსებული რეზერვები, რაც ერთგვარ თავდაცვით მექანიზმს წარმოადგენდა სანქციების წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ოქროში არსებული რეზერვების გაყინვა რთულია, განსაკუთრებით, მათი ქვეყნის შიგნით შენახვის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენა წარმატებით აიხსნება ეკონომიკური დასაბუთებით, ბოლოდროინდელი მოვლენები დამატებით კითხვებს აჩენს ალტერნატიული მოტივების შესახებ. ისეთმა მოვლენებმა, როგორებიცაა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების (მაგ., მოსამართლეების, ყოფილი მთავარი პროკურორის და სხვ.) მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემებმა და მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა ისეთმა საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა (მაგალითად, კანონმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ), რომლებიც ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან, გამოიწვია საერთო უკმაყოფილება საზოგადოებაში და უარყოფითი რეაქცია საქართველოს ძირითადი პარტნიორების (აშშ, ევროკავშირი და სხვ.) მხრიდან. მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკასთან ერთად და საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (ე.წ. კანონი ოფშორის შესახებ), არსებობს ვარაუდი, რომ ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენა, შესაძლოა, განპირობებული იყოს არამხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ სანქციების შესაძლო დაწესების რისკებით, რამდენადაც ოქრო მოიაზრება სასურველ და უსაფრთხო აქტივად ისეთ სიტუაციებში, როდესაც ქვეყანა დგას ფინანსური სანქციების დაწესების ან აქტივების კონფისკაციის/გაყინვის საფრთხეების წინაშე.

დონორები

შეავსე ფორმა