“სამხრეთ კავკასიაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ რეგიონული პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაკვეთით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი „სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსს“ შეიმუშავებს.
ინდექსის მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გენდერული თანასწორობის პროგრესის შეფასებაა. გენდერული თანასწორობის ინდექსი უნიკალური ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა თუ აღსრულებისთვის საჭირო ინფორმაციასა და შეფასებებს მიაწვდის. ინდექსი იქნება გენდერული უთანასწორობის შეფასების ობიექტური ინსტრუმენტი და ინკლუზიური პლატფორმა დიალოგის დასაწყებად, არსებული პრობლემების გასაანალიზებლად და შესაძლო გადაჭრის გზების მოსაძიებლად.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, შეიმუშავებს პირველ გენდერული თანასწორობის ინდექსს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ინდექსი და მასთან დაკავშირებული კვლევითი პუბლიკაციები შეაფასებს პროგრესს და წარმოგვიდგენს რეგიონში გენდერული თანასწორობის სრულ სურათს, რაც ხელს შეუწყობს გენდერულ პოლიტიკაზე ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტის გუნდის მიზანია: 1) შეიმუშაოს სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსი, რომელიც შეაფასებს რეგიონში გენდერული თანასწორობის პროგრესს და რეგიონის ქვეყნებს შეადარებს სხვა რელევანტური ქვეყნების ჯგუფს; 2) შექმნას ონლაინ პლატფორმა, სადაც გამოქვეყნდება როგორც ინდექსთან პირდაპირ დაკავშირებული პუბლიკაციები, ისე სხვადასხვა კვლევითი ნაშრომები, როგორიცაა პოლიტიკის დოკუმენტები, პოლიტიკის ნარკვევები და სხვა კვლევები გენდერულ თანასწორობასა და სხვა ფუძემდებლურ საკითხებზე; 3) ჩაატაროს კვლევები გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში: გამოაქვეყნოს პოლიტიკის დოკუმენტები, პოლიტიკის ნარკვევები გენდერული თანასწორობის საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე (მაგ.: გენდერული თანასწორობა და სიღარიბე, უმცირესობები, ახალგაზრდები; ციფრული მონაცემები და გენდერული თანასწორობა; ოჯახური ძალადობა; გენდერული საკითხების ინტეგრირება კლიმატისა და ვაჭრობის პოლიტიკაში) და შექმნას საფუძველი რეგიონში გენდერული თანასწორობის ობიექტური შეფასებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისთვის, რათა სიღრმისეულად შევისწავლოთ უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები და პრობლემების გადაჭრის პოლიტიკის პოტენციური ინსტრუმენტები; 4) გაზარდოს ინდექსის ცნობადობა და დაიწყოს დიალოგი რეგიონში პოლიტიკის შემქმნელებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის.