ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში SITE-ის 2024 წლის განვითარების დღის კონფერენციაზე სტოკჰოლმში, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზებს მიეძღვნა. კონფერენცია სახელწოდებით "გზა უკეთესი მომავლისკენ: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ" სტოკჰოლმში 2024 წლის 4 დეკემბერს გაიმართა.
ქალბატონმა სულუხიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: "რეფორმების პროცესის მიმდინარეობა და როგორ შეუძლიათ შვედეთსა და ევროკავშირს მხარდაჭერა", სადაც მასთან ერთად გამოვიდნენ გამორჩეული სპიკერები, მათ შორის მოლდოვის ელჩი სკანდინავიურ ქვეყნებში ლილიანა გუტანი და კატარინა არესკოგი ნორდიკულ-ბალტიური რვიანის უმაღლესი დონის მრჩეველთა ჯგუფიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე.
პანელზე განხილულ იქნა რეფორმების პროცესის კრიტიკული ასპექტები სამივე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლიათ შვედეთსა და ევროკავშირს მხარდაჭერის გაწევა გაწევრიანების პროცესში. ეს დისკუსია განსაკუთრებით დროული იყო საქართველოს მიერ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. თამარ სულუხიამ ისაუბრა საქართველოს მიმდინარე ვალდებულებებზე დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ, ხაზი გაუსვა, რომ უვიზო მიმოსვლის არსებულ რეჟიმში ნებისმიერი ცვლილება მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალში.
კონფერენციამ ერთ სივრცეში შეკრიბა მაღალი რანგის სამთავრობო მოხელეები, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოლდოვის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში, ასევე წამყვანი აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად.