შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა ელექტრონული კომერციის რეფორმის მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ხუთშაბათი, 07 დეკემბერი, 2023

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. რეფორმა მოიცავს ელექტრონული კომერციის სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისა და საგადახდო სისტემასა და საგადახდო მომსახურების მიმართულებებით. რეფორმა მიზნად ისახავს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაუმჯობესებას და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტების დანერგვას, ასევე ელექტრონული კომერციის და ელექტრონული ტრანზაქციების მიმართ ნდობის გაზრდას.

შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პაატა ჯავახიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონით განსაზღვრულ მიზნები მიმოიხილა; საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, გიორგი ტომარაძემ და დავით ზუხბაიამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს – დავების განმხილველი კომისიის საქმიანობა შეაფასეს; საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ოლიკო კობახიძემ კი ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებელთა დაცვის საკითხებთან მიმართულებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებაზე ისაუბრა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და პროექტ „რეფორმეტრის“ უფროსმა მკვლევარმა, მარაიმ კაცაძემ დასწრე საზოგადოებას ელექტრონული კომერციის რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორები წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.

შეავსე ფორმა