რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მიზანია, RIA აქციოს პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების რუტინულ ნაწილად. საქართველოში უკვე არსებობს რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 2020 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „რეგულირების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. ეს დადგენილება RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის საკანონმდებლო ჩარჩოს მთავარი კომპონენტია. რეფორმა მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების, ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ კომპონენტებსაც.
შეხვედრაზე RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესი მიმოიხილეს თეა ლოლაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, შორენა კახიძემ, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა, და მაია გუნცაძემ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა რეგულირების გავლენის შეფასებისა და მონიტორინგის საკითხებში. USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მმართველი ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა გვენეტაძემ, ისაუბრა საჯარო მოხელეთა RIA-სთან დაკავშირებულ კომპეტენციების გაძლიერების ონლაინ კურსზე.
RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორები წარადგინა ლევან თევდორაძემ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა; გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) პროცესი კი მიმოიხილა დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.