შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა სიღარიბისა და ჰაერის დაბინძურების განაწილებით შედეგებზე თბილისში
ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2024

4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.

ჰაერის დაბინძურება, რომლის შორს მიმავალი შედეგებიც უკვე გლობალურ დონეზე იწვევს შეშფოთებას, სულ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება თბილისშიც, სადაც დამაბინძურებლების დონე (PM2.5) მუდმივად აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს. სემინარზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მოწყვლადი თემების ტვირთი ამ მიმართულებით არაპროპორციულად დიდია. კვლევამ აჩვენა, რომ საცხოვრებელი პირობები, შეზღუდული ხელმოსაწვდომობა ჯანდაცვაზე, ეკონომიკური შეზღუდვები კიდევ უფრო აძლიერებს ასეთი თემების დაუცველობას დაბინძურების მავნე ზემოქმედების მიმართ.

სემინარის პირველ ნაწილში ბატონმა ფუქსმა და ქალბატონმა ბაკიმ წარმოადგინეს კვლევის შედეგები და მიღებული დასკვნები თბილისში ჰაერის დაბინძურების ნეგატიური ზემოქმედების შესახებ. დეტალურად შეაფასეს სიტუაციის სიმძიმე და ხაზი გაუსვეს ჩარევის გადაუდებელ აუცილებლობას.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელში მონაწილეობაც მიიღო ბატონმა ლუის-ფელიპე ლოპეს-კალვა, მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის გლობალური პრაქტიკის დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ სემინარი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ცნობიერების ამაღლებისა და დიალოგის ხელშეწყობაში, მან ასევე ხაზი გაუსვა შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობას ჰაერის დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედების შესარბილებლად თბილისის საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილზე.

შეავსე ფორმა