14 ნოემბერს ISET-მა CY Cergy Paris Université, THEMA-ს გამორჩეულ პროფესორს, დრ. ანდრე დე პალმას უმასპინძლა, რომელმაც საჯარო სემინარზე წარადგინა თემა „დაბალი ემისიის ზონების გავლენა სივრცულ და ეკონომიკურ უთანასწორობებზე დინამიური ტრანსპორტის სიმულატორის გამოყენებით“. პროფ. დე პალმას პრეზენტაცია ეხებოდა ჰაერის დაბინძურების უმნიშვნელოვანეს საკითხს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ჰაერის დაბინძურებამ 2023 წელს ევროკავშირში 311,000 ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 224 მილიარდი ევრო (მშპ-ის 1.4%) მიაღწია. ცნობილია, რომ აზოტის ოქსიდები და ნაწილაკები გამოიყოფა საგზაო სატრანსპორტო საშუალებებით, ამიტომ ევროპის არაერთ ქალაქში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად დაბალი ემისიის ზონები (LEZ) იქნა შემოღებული.
პროფ. დე პალმამ ისაუბრა LEZ-ების საკამათო ბუნებაზე და განიხილა ასეთი ზონების შემოღების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის შემდეგ მან წარადგინა კვლევა, რომელიც განიხილავს, რა გავლენა აქვს LEZ-ებს სოციალურ კეთილდღეობაზე, კერძოდ, კვლევამ გამოავლინა ჯგუფები ვინც ისარგებლა ან დაზარალდა ასეთი ზონების შემოღებით, მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილისა და მათი შემოსავლის გათვალისწინებით. პრეზენტაცია დასრულდა ყოვლისმომცველი ხარჯ-სარგებლის ანალიზით, რომელიც ხაზს უსვამს დაბალი ემისიის ზონების საერთო დადებით გავლენას ჰაერის ხარისხზე, რომელიც აღემატება აკრძალული მანქანების მფლობელების ხარჯებს. დისკუსია ასევე გაფართოვდა LEZ-ების განხორციელების შედეგად წარმოქმნილი სივრცითი და ეკონომიკური უთანასწორობის შესწავლაზე და წარმოადგინა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები სხვადასხვა რეგიონისა და სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფისთვის.