28 ივნისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. „წყლის რესურსების მართვის“ კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება. კანონპროექტი წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებასაც მოიაზრებს და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომებს წარადგენს.
წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესსა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს რეფორმის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებმა, კერძოდ: მარიამ მაკაროვამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, და გიორგი ფანცხავამ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა.
შეხვედრის მეორე ნაწილში რეფორმეტრის გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს სამთავრობო კვლევის ფარგლებში რეფორმის პროგრესის შეფასების პირველადი შედეგები და წყლის რესურსების მართვის რეფორმის შეფასების ინდიკატორები.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის შემუშავებასა და განხორცილებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.