ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური კვლევების მონიტორინგის პროგრამის (ERMP-ის) კვლევით კონკურსში, რომელიც ევრაზიისა და ჩინეთ-რუსეთის კვლევების ცენტრმა (CREC) გამართა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევითი პროექტის წინადადება ERMP-ის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფინალში გავიდა.
CREC შეიქმნა 2021 წელს, ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (HKUST), ახალი ეკონომიკური სკოლისა (NES) და მოსკოვის მენეჯმენტის სკოლის სკოლკოვოს (MSM) ერთობლივი ძალისხმევით და გახდა მსოფლიოში წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთს, რუსეთსა და ევრაზიას შორის ურთიერკავშირების შესწავლას ემსახურება.
ეკონომიკური კვლევების მონიტორინგის პროგრამის მიზანი იმ ეკონომიკური კვლევების მხარდაჭერაა, რომელიც ევრაზიაში არსებული გამოწვევების შესწავლას ისახავს მიზნად. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს, ეკონომიკის წამყვან ექსპერტებთან ერთად იმუშაონ პროექტების დახვეწასა და განვითარებაზე, რათა შემდგომში მათ შეძლონ კვლევის შედეგების გამოქვეყნება და პოლიტიკის რეკომენდაციების სწორად ფორმულირება. 2021-2022 წლებისთვის შეირჩა მხოლოდ 10 პროექტი შვიდი ქვეყნიდან.
პირველი სამუშაო შეხვედრები 2021 წლის 4-5 დეკემბერს გაიმართა და საგრანტო წინადადებების პრეზენტაციას დაეთმო. შეხვედრების დროს მონაწილეებმა მიიღეს კვლევითი პროექტების დახვეწისა და განვითარებისთვის საჭირო შეფასებები და რეკომენდაციები ექსპერტებისგან.