3-5 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო განვითარების ლაიბნიცის ინსტიტუტმა (IAMO) სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეს. კონფერენცია ISET-ისა და IAMO-ს მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის რეგიონში აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების ფუნქციონირების გაუმჯობესება". კონფერენციის მიზანი იყო აკადემიურ წრეებს, პოლიტიკის შემქმნელებს, პრაქტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და რეგიონში აგროსასურსათო სექტორის განვითარების დაბრკოლებების დაძლევისა და გაუმჯობესების სტრატეგიების შესწავლა.
კონფერენციაზე გაიმართა პოლიტიკის პანელური დისკუსია სახელწოდებით "მდგრადი აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვები: სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყვლადობის დაძლევა". პანელს, რომელსაც მოდერაციას უწევდა სალომე გელაშვილი გეტინგენის უნივერსიტეტიდან (გერმანია), მონაწილეობდნენ გამორჩეული ექსპერტები: ლინდე გოტცი IAMO-დან (გერმანია), ირაკლი კასრაშვილი Mercy Corps-იდან (საქართველო), ბოიან კოლუნჯია Helvetas-იდან (მოლდოვა), ნამიგ შალბუზოვი ATM-იდან (აზერბაიჯანი), ჰრაჩია ზაკოიანი ANAU-დან (სომხეთი) და ანდრეა ციმერმანი FAO-დან (იტალია). დისკუსია ფოკუსირებული იყო აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით ბოლო კრიზისების ფონზე.
თანამშრომლობის მნიშვნელოვან მომენტად იქცა პანელური დისკუსიის შემდეგ ISET-სა და IAMO-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა. ეს პარტნიორობა გახსნის თანამშრომლობის ახალ გზებს კვლევისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარების მიმართულებით, რაც გააძლიერებს სამხრეთ კავკასიაში აგროსასურსათო სექტორის წინაშე არსებული კრიტიკული საკითხების გადაჭრის მიმდინარე მცდელობებს.